გურგენ ავთანდილის ძე მატარაძე დაიბადა 1969 წლის 20 დეკემბერს სოხუმის რაიონის სოფელ ზემო კელასურში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, გურგენ მატარაძე 1992 წლის 25 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველი მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში, ყუმბარმტყორცნელად.
გურგენმა თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ სოფელ აჩადარასთან განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში. გამოირჩეოდა დისციპლინითა და ოპერატიულობით, პირნათლად ასრულებდა მეთაურის დავალებებს, თანამებრძოლებში დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა.
1992 წლის 16 (თუ 13) ოქტომბერს გუმისთის მისადგომებთან აფხაზი სეპარატისტების შემოტევის დროს, გურგენ მატარაძე გმირულად დაიღუპა. დაკრძალულია სოხუმის რაიონის სოფელ აკაფაში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გურგენ მატარაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.