მერი პაკელიანი დაიბადა 1954 წლის 12 ივნისს, ქალაქ სოხუმში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო სოხუმის სამედიცინო ტექნიკუმში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო კომანში არსებულ მოხუცებულთა და ინვალიდთა პანსიონატში მედდად.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე მერი გვერდით დაუდგა თანასოფლელებს. ასეულის მებრძოლებს ეხმარებოდა და საჭიროების შემთხვევაში პირველად სამედიცინო დახმარებას უწევდა.
მერი პაკელიანს ორი პატარა შვილი – დავითი და დიმიტრი ნათესავებთან ჰყავდა დატოვებული, შვილებს ჩააკითხავდა, მოინახულებდა და ისევ კომანში ბრუნდებოდა. მის ასეულში სხვა თანასოფლელებთან ერთად მისი მეუღლე ალექსანდრე გამსახურდიაც იბრძოდა.
1993 წლის 5 ივლისს, კომანზე განხორციელდა ფართომასშტაბიანი შემოტევა, გენერალ ლებედის საშტურმო-სადესანტო ბატალიონის მიერ, რომელსაც მხოლოდ ორმოცკაციანი ჯგუფი უწევდა წინააღმდეგობას. მერი პაკელიანი თანამებრძოლებთან პირველ საგუშაგოზე იმყოფებოდა, აქვე იყო მისი მეუღლეც. მერი თანამებრძოლებს მჭიდებს უტენიდა, ამარაგებდა. როდესაც მტერი მოუახლოვდათ, მერის უბრძანეს იქაურობას გაცლოდა და თავი ეკლესიისათვის შეეფარებინა. გასვლის წინ კიდევ ერთხელ შეამოწმა იარაღი, ბიჭებს შესძახა – აბა თქვენ იცითო… და სროლით გასწია ეკლესიისაკენ. მეუღლემ თვალი გააყოლა და დაინახა, ეკლესიის ეზოს შესასვლელში როგორ წაბორძიკდა, შემდეგ აღარაფერი უნახავს, ყველაფერს ეკლესიის კედელი ფარავდა. თუმცა სროლების და აფეთქების ხმები არავის გამოპარვია…
ერთი თვის შემდეგ კომანელი გმირების გამოსვენების დროს, იქ მყოფი აფხაზებისგან შეიტყვეს, რომ ამ დაჭრილმა ქალმა, სიკვდილის წინ, ხელყუმბარა გახსნა და მტერთაგან ოთხი ბოევიკი შეიწირა!
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი თავგანწირვისათვის მერი პაკელიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.