მინდია (ბაჩუკი) მიქელაძე 1974 წლის 16 ივლისს ქალაქ სოხუმში დაიბადა. 1992 წელს – სკოლის დამთავრების შემდეგ სოხუმის უნივერსიტეტში ჩააბარა.
1992 წელი, 14 აგვისტო… ომი დაიწყო… მომავალზე მეოცნებე ბიჭი სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა. უყოყმანოდ ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონში რიგით მებრძოლად.
ლამაზი, გულისხმიერი, კეთილი, სამართლიანი, გამბედაობითა და სიმამაცით ბავშვობიდანვე გამორჩეული ჭაბუკი სამშობლოს თავისუფლებასა და ბედნიერებაზე ოცნებობდა.
მინდია (ბაჩუკი) მიქელაძე 1993 წლის 18 სექტემბერს გმირულად დაიღუპა. ოჯახმა დატირებაც ვერ მოახერხა. დედა – ქალბატონი კლარა იხსენებს: „ბაჩუკი (ასე ვეძახდით მინდიას) ღამით, ჩუმად დავასაფლავეთ საგვარეულო სასაფლაოზე, სანთელიც კი ვერ დავუნთე, გორაკიდან აფხაზები გვითვალთვალებდნენ… მას შემდეგ შვილის საფლავი არც მინახავს…“