ნიკოლოზ ვლადიმერის ძე გოგია დაიბადა 1963 წლის 28 სექტემბერს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა სოხუმის №13 საშუალო სკოლა, შემდეგ კი, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტი.
ნიკოლოზი 1992 წელს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის მე-2 („ბაგრატიონის“) ასეულში. მონაწილეობდა ყველა მნიშვნელოვან საბრძოლო ოპერაციაში – ტამიშში, კინდღში, ლაბრაში, ცუგუროვკაში, კომანში. 1993 წლის 14 იანვარს, სოფელ კვიტოულში ბაგრატიონელები ალყაში მოაქციეს. ასეული მტერს, უთანასწორო ბრძოლაში, რვა საათის განმავლობაში იგერიებდა. „ბაგრატიონმა“ საგრძნობი ზარალი მიაყენა მტერს და ალყის გარღვევაც შეძლო. ასეულმა დიდი წვლილი შეიტანა, აგრეთვე, 15-16 მარტს სოხუმზე განხორციელებული შტურმის დროს. ნიკოლოზ გოგია მონაწილეობდა გუდაუთის რაიონში ჩატარებულ სპეციალურ სადესანტო-სადაზვერვო ოპერაციაში.
ნიკოლოზ გოგიასთვის საბედისწერო აღმოჩნდა 1993 წლის 31 მარტი, როცა სოფელ კომანში წარმატებით განხორციელდა მორიგი საბრძოლო ოპერაცია, თუმცა ნიკოლოზი სასიკვდილოდ დაიჭრა და სოხუმის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ნიკოლოზ გოგია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.