ნოდარ გიგლემიანი დაიბადა 1958 წლის 23 მარტს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში .
დაამთავრა ოხურეის საშუალო სკოლა. სამხედრო-სავალდებულო სამსახურიც მოიხადა და ოჯახსაც მოეკიდა- 1989 წელს ცოლად შეირთო აფხაზი ქალბატონი, შეიქმნა ლამაზი ქართულ-აფხაზური ოჯახი. 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთის კონფლიქტის დაწყების დღიდანვე , ნოდარ გიგლემიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონში.ნოდარი ბატალიონის უშიშარი და კეთილსინდისიერი წევრი იყო. მეთაურის ყველა დავალებას უყოყმანოდ ასრულებდა. რითაც როგორც ბატალიონის მეთაურთა, ასევე თანამებრძოლთა პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. მონაწილეობდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშთან,მერკულასთან და ბესლახუბასთან გამართულ საბრძოლო ოპერაციებში. იყო მამაცი და უდრეკი სულის ჯარისკაცი.
1992 წლის 30 სექტემბერს ერთ-ერთი დავალების შესრულების დროს ნოდარი მოწინააღმდეგემ ალყაში მოაქცია და ავტომატის ჯერით დაცხრილა. მტერმა მისი ცხედრის გატაცება ვერ მოასწრო. დასახმარებლად მისულმა მეგობრებმა მისი გამოსვენება და მშობლიურ სოფელში დაკრძალვა მოახერხეს.