ნონა ვაკოს ასული მურღვლიანი დაიბადა 1960 წლის 13 მარტს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ათარა არმიანსკაიში. დაამთავრა ლეჩქოფის მეორე სკოლა-ინტერნატი.
ნონა მურღვლიანი 1992 წლის 25 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 ბატალიონის მე-2 ასეულის სანინსტრუქტორად. 1993 წლის 4-5 იანვარს განხორციელებულ თავდაცვით ოპერაციებში მონაწილეობისათვის გადაეცა ბრიგადის მეთაურის მადლობის ფურცელი.
1993 წლის 16 მარტს აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსმა ბოევიკებმა მეორე ბატალიონის საბრძოლო პოზიციაზე შეტევა განახორციელეს. მეომართა ერთი ნაწილი ალყაში აღმოჩნდა, მათ შორის ნონა მურღვლიანი. „მეომრები თავგანწირვით იცვადნენ თავს. ხელჩართულ ბრძოლაში ნონა ტოლს არ უდებდა ვაჟკაცებს. პირველ დახმარებას უწევდა დაჭრილებს და თან მრისხანე შეძახილით აფრთხილებდა თანამებრძოლებს – ერთი ნაბიჯით უკან არ დაეხიათ“ (საბრძოლო მოკვლევა).
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და თავგანწირვისათვის ნონა მურღვლიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.