სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ნუგზარ ნიკოლოზის ძე კოპალიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

უფროსი ლეიტენანტი  ნუგზარ ნიკოლოზის ძე კოპალიანი დაიბადა 1960 წლის 22 ოქტომბერს, გულრიფშის  რაიონის სოფელ ყადაში. დაამთავრა ბესლეთის საშუალო სკოლა. სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ მიიღო  განათლება სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. მუშაობდა სოხუმის  შემოვლითი გზის  მშენებლობაზე – სამთო-აფეთქებით სამუშაოებზე.

1992 წლის ოქტომბრიდან, ნუგზარ კოპალიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის კავშირგაბმულობის ბატალიონში, (შემდგომ გარდაიქმნა მე-8 ბატალიონად). იყო მე-4 ასეულის მე-3 ოცეულის მეთაური.  ებარა ასეულის ნაღმტყორცნთა ბატარეა. იბრძოდა მდინარე გუმისთის პოზიციებზე, სოფელ შრომაში და  ცუგუროვკის მაღლობზე,  დაჭრილსაც  არ მიუტოვებია პოზიციები. თავის საბრძოლო საქამიანობიდან გამომდინარე, ნაღმის გაშვების გათვლის საოცარი სიზუსტის, აკურატულად საქმის ბოლომდე მიყვანისა  და ამავე დროს ტყის მოხდენილ  ფრინველთან უცნაური მსგავსების გამო მეომრებმა ზედმეტსახელად „კოდალა“ შეარქვეს, მოწინააღმდეგეც კი ამ სახელით მიმართავდა რაციით მოლაპარაკების დროს.

1993 წლის სექტემბერში, სოხუმზე განხორციელებული  მორიგი თავდასხმის პირველ დღეს, ბირცხის მთაზე შემოღწეული მტრის განსადევნად, სოფელ ბესლეთის მკვიდრთა  პირველი ჯგუფის წარუმატებლობის შემდეგ,  მან ხელმეორედ შეკრიბა რაზმი სოფლის  მოხალისეებისაგან. დაგეგმა ოპერაცია ძველი პოზიციების აღსადგენად და 120 მმ ნაღმტყორცნებით  სოხუმის შემოვლითი გზის  ჩრდილოეთიდან ჩასაკეტად. ეს ოპერაცია დაგვიანებული აღმოჩნდა – მტერმა ბირცხა დაიკავა. პოზიციებამდე არმისულ რაზმს  ჩასაფრებული მოწინააღმდეგე თავს  დაესხა და 20 სექტემბერს ნუგზარ კოპალიანი უთანასწორო ბრძოლაში  დაიღუპა. მადლიერმა მეომრებმა, ბრძოლის ველზე არ დატოვეს უფროსი მეგობარი და მისი ცხედარი  ღამით ჩამოიტანეს  მთიდან.

ნუგზარ კოპალიანი დაკრძალულია სოფელ ბესლეთში, საკუთარ ეზოში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  ნუგზარ კოპალიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

 

 

error: Content is protected !!