ნუკრი სერგოს ძე ხარბედია დაიბადა 1974 წლის 14 თებერვალს გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში. კოდორის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტზე ჩააბარა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ნუკრი ხარბედია 1992 წლის 10 დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში. სამშობლოზე შეყვარებული ვაჟკაცი მეთაურთა ბრძანებებს პირნათლად ასრულებდა და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იდგა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის სადრაჯოზე.
ნუკრი ხარბედია 1993 წლის 29 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგ, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში სეპარატისტებთან შეტაკებისას დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ნუკრი ხარბედია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „სამხედრო დამსახურებისათვის“.