ომარ გამახარია დაიბადა 1961 წლის 1 იანვარს გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში. 1978 წელს დაამთავრა თაგილონის საშუალო სკოლა. 1979-1981 წლებში, ავღანეთში, სადაც სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამსახური. 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაუსწრებელი განყოფილება. პარალელურად მუშაობდა სააქციო საზოგადოება „სოხუმხელსაწყოში“. როგორც ავღანელთა კავშირის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე, აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას საქმიანობას ეწეოდა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ომარ გამახარია ირიცხებოდა საქართველოს რასპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონის პირველ ასეულში _ მეთაურად. კაპიტანი ომარ გამახარია ბატალიონთან ერთად თავგანწირვით იბრძოდა სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
1993 წლის 19 სექტემბერს მტერმა ფრონტის ხაზი გაარღვია, ომარი თანამებრძოლებთან ერთად იცავდა მშობლიური ქალაქის მისადგომებს, სადაც სასიკვდილოდ დაიჭრა და ჰოსპიტალში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ომარ გამახარია დაკრძალულია აფხაზეთში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ომარ გამახარია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.