სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ფირუზ ანდრიას ძე მოსიძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

ფირუზ მოსიძე დაიბადა 1951 წლის 4 ივნისს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა მე-16 საშუალო სკოლა. პარალელურად ვარჯიშობდა სოხუმის სპორტსკოლაში თავისუფალ ჭიდაობაში. 1974 წელს ჩაირიცხა და 1980 წელს დაამთავრა კრასნოდარის ფიზკულტურის ინსტიტუტი. 1970-72 წლებში მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამსახური ქალაქ ვოლგოგრადში, სადაც მონაწილეობდა სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებში, მიღებული აქვს მრავალი მადლობა და სიგელი, დაჯილდოებულია პირველი და მეორე ხარისხის დიპლომებით, იყო პირველთანრიგოსანი სპორტსმენი. როცა საქართველოში მძიმე ჟამმა ჩამოკრა და აფხაზეთში ძმათამკვლელი ომი გაჩაღდა, 1992 წლის აგვისტოში, სამშობლოსადმი სიყვარულით გულანთებული 50-ზე მეტი ქართველი ვაჟკაცი წავიდა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტიდან ბრძოლის წინახაზზე. მათ შორის ოთხი მეგობარი, რომელთაც ძმობა შეფიცეს ერთმანეთს, ჩაირიცხნენ 23-ე მექანიზებული ბრიგადის გულრიფშის მე-6 სატანკო ბატალიონში და დადგნენ იქ, სადაც უნდა მდგარიყვნენ ჭეშმარიტი მამულიშვილები. კოტესიჭინავა, როზმან ლოლაძე, ფირუზ მოსიძე, ავთო ქარაია— აი, ისინი, ვინც მკერდით იცავდნენ მშობლიური ქალაქის — სოხუმის კარიბჭეს მდინარე გუმისთასთან. უთანასწორო ბრძოლაში მათ არაერთხელ მოიგერიეს მტრის ძლიერი შემოტევები. განსაკუთრებით აღსანიშნავია 16-18 მარტი (1993 წ.), როცა მტერმა ფრონტის ხაზი გაარღვია და ღრმად შემოიჭრა, მაგრამ მე-6 სატანკო ბატალიონის ბიჭებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და დიდი დანაკლისით უკან დაახევინეს კიდეც. ივლისის

შემოტევამ კი სამუდამო კვალი დატოვა მებრძოლებში. მძიმედ დაიჭრნენ, მაგრამ ღვთის  წყალობით სასწაულებრივად გადარჩნენ კოტე სიჭინავა, როზმან ლოლაძე, ავთო ქარაია; ხოლო ფირუზ მოსიძისათვის საბედისწერო აღმოჩნდა ეს დღე… შეწყდა მისი ლამაზი სიცოცხლე…  უზომოდ მამაცმა, უღალატომ და სულით ძლიერმა იმ საბედისწერო წამსაც, თანამებრძოლთა გადმოცემით, თამამად გაუსწორა სიკვდილს თვალები, რადგან საკუთარ თავზე კი არა, საქართველოზე, მის მომავალზე ფიქრობდა…

ფირუზ მოსიძეს დარჩა მეუღლე (როზეტა მოსიძე) და ქალიშვილი (მადინა).

ფირუზის ქვრივი იხსენებს: „სასაფლაოზე ჯარისკაცებმა წაასვენეს, ახლობლები არ გაგვიყოლეს, რადგან საშინლად იბომბებოდა ის ადგილები, სადაც ხალხმრავლობა იყო. როგორც კი, მიცვალებული ეზოდან გაასვენეს, მომიახლოვდა სფტი-ს დირექტორის მოადგილე სოსო კაკულია და მითხრა: „ჩვენ არ გვაქვს უფლება არ მოვუფრთხილდეთ ფირუზის ერთადერთ ქალიშვილს — მადინას, იგი არ დაგვთანხმდება შენ თუ არ გაყვები, სასწრაფოდ თბილისში უნდა გადაგაფრინოთო“… როცა გონს მოვედი, მძიმედ დაჭრილ ძმას ვადექი თავზე თბილისში. გული შემეკუმშა — ერთი საათის წინ ფირუზის ვეთხოვებოდი სოხუმში, ჯარისკაცები ჯერ კიდევ მის საფლავზე იქნებიან, გულზე უკანასკნელ მიწას აყრიან ალბათ, მე კი, მე…  შვილის გადარჩენისათვის გადავდგი ეს ნაბიჯი… მართლაც და შვილი კი გადავარჩინე, მაგრამ  რა ბედი ეწიათ იქ დარჩენილებს? — ვერაგმა მტერმა საკუთარ სახლში შეუბრალებლად დახოცა ფირუზის და — ლუიზა მოსიძე და დედა — მარიამ აბულაძე. საფლავებიც არა გვაქვს მათი… მიჭირს, ძალიან მიჭირს ქვრივის მძიმე ტვირთის ტარება, მაგრამ ფირუზის ლამაზი ცხოვრებით დათესილი მადლის ნაყოფი მხვდება ყოველ ნაბიჯზე. მის კაცურკაცობაზე,    მის სიკეთეზე ყვება ყველა მისი ნაცნობი და ასეთ დროს მაინც ამაყად დავდივარ ამ ქვეყანაზე _ მე ფირუზ მოსიძის ქვრივი მქვია, კაცური კაცის ქვრივი მქვია… სამსალანარევია ეს სიამაყე, მაგრამ საპატიო… მე ვამაყობ იმით, რომ სამშობლოს შეწირული ფირუზის ლამაზი სიცოცხლე ლამპრად ენთება მის შვილს ცხოვრების გზაზე.“

 

საქართველოს  პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ფირუზ მოსიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით და მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

error: Content is protected !!