ფრიდონ დიმიტრის ძე ტყემალაძე დაიბადა 1965 წლის 25 ოქტომბერს გულრიფშის რაიონის სოფელ აზანთაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ფრიდონ ტყემალაძე 1992 წლის 1 დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მე-2 ასეულის სნაიპერად, ხოლო 1993 წლის 1 თებერვალს დაინიშნა ამავე ბატალიონის მე-2 ასეულის ოცმეთაურის მოადგილედ. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ მდინარე გუმისთასთან ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში.
1993 წლის 16 მარტს მდინარე გუმისთის მისადგომებთან აფხაზ სეპარატისტებთან და რუს ბოევიკებთან ხელჩართულ ბრძოლაში ფრიდონ ტყელამაძე ოცეულთან ერთად ალყაში მოექცა. უთანასწორო ბრძოლაში გააფთრებით ეკვეთენ მტერს ბიჭები. ვაჟკაცურად ებრძოდნენ მომხვდურს მანამ, სანამ ტყვიები არ გაუთავდათ. ფრიდონმა ტყვედ ჩაბარებას ვაჟკაცური სიკვდილი ამჯობინა. მან მტერი ახლოს მოუშვა, უკანასკნელად წამოიძახა: „გაუმარჯოს საქართველოს!“ ყუმბარა გახსნა და გარშემორტყმულ მტერთან ერთად თავი აიფეთქა. მოწინააღმდეგის რიცხობრივი უპირატესობის გამო ოცეული დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ფრიდონ ტყემალაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.