რამაზ სერგოს ძე ჩაკვეტაძე დაიბადა 1965 წლის 1იანვარს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში. 1981 წელს დაამთავრა ახალდაბის საშუალო სკოლა. სავალდებულო-სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ მუშაობდა წყურგილის ქვის საამქროში.
რამაზ ჩაკვეტაძე 1992-1993 წლებში ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონის მე-2 ასეულის (ახალდაბა) პირადი შემადგენლობის რიგებში.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს, რამაზ ჩაკვეტაძე აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ ბრძოლებში.
ახალდაბაზე მასიური შემოტევისას რამაზ ჩაკვეტაძე სამი დღის განმავლობაში თანამებრძოლებთან ერთად თავგანწირვით ამაგრებდა მშობლიური სოფლის მისადგომებს, მონაწილეობდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში. მიუხედავად ჩვენი მებრძოლების თავგანწირვისა, სოფელი აიღეს.
1993 წლის 19 სექტემბერს შეუპოვარი მეომარი გმირულად დაიღუპა უთანასწორო ბრძოლაში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის რამაზ ჩაკვეტაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.