რუდენ ნიაზის ძე ძანძავა დაიბადა 1971 წლის 30 მაისს გალის რაიონის სოფელ ბარღებში. 1977 წელს სასწავლებლად შევიდა გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღების საშუალო სკოლაში, ხოლო შემდეგ ფეხბურთის ნიჭით დაჯილდოვებულმა ახალგაზრდამ სწავლა განაგრძო ქალაქ ზუგდიდის საფეხბურთო სკოლაში, რომელიც 1988 წელს დაამთავრა. 1989-1991 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში _ პოლონეთში. სავალდებულო-სამხედრო სამსახურში მსახურისას მიიღო ქვეითთა საბრძოლო მანქანის მეთაურის კვალიფიკაცია. დემობილიზაციის შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ კუთხეში და დაიწყო მზადება უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად, მაგრამ აფხაზეთში დაწყებულმა ომმა ბევრი ახალგაზრდის გეგმები შეცვალა, მათ რიგებში იყო რუდენიც. ქალაქ სოხუმზე 1993 წლის მარტის შემოტევის მოგერიების შემდეგ თითქმის მთელი ქვეყნის ახალგაზრდობა დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. რუდენ ძანძავა 1993 წლის 15 აპრილს ჩაირიცხა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-4 ასეულში. რუდენი პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და მედგარ წინააღმდეგობას უწევდა თანამებრძოლებთან ერთად მომხვდურ მტერს.
1993 წლის 3 მაისს ბატალიონის საბრძოლო პოზიციაზე მდინარე გუმისთის პირას სოფელ ქვემო-ეშერასთან პოზიციური ბრძოლის დროს რუდენ ძანძავა სასიკვდილოდ დაიჭრა მოწინააღმდეგის მიერ გამოსროლილი ჭურვის ნამსხვრევით.