საშა ნანავა დაიბადა 1971 წლის 12 აგვისტოს სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში. ახალგაზრდა ვაჟკაცი ეროვნულ მოძრაობაში ჩაერთო, ქვეყნის დამოუკიდებლობაზე ოცნებობდა. ამ პერიოდში დაოჯახდა. ჰყავდა მეუღლე და ქალიშვილი.
1992 წელს აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო და საშა უყოყმანოდ გაეშურა მამულის სადარაჯოზე. მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის პირველ ასეულში, მონაწილეობდა ოცეულის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში – ცუგუროვკის სიმაღლის დასაცავად. პირნათლად ასრულებდა მეთაურის ყველა საბრძოლო დავალებას.
1992 წლის 3 ნოემბერს სოფელ შრომაზე წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ რუსეთის გენ-შტაბში მუშავდებოდა ქალაქ სოხუმის სტრატეგიული სიმაღლეების დაკავების გეგმა. დეკემბერში მტერმა რამდენჯერმე განახორციელა დაზვერვა, რათა შეესწავლათ ჩვენი პოზიციები მომავალი შტურმისთვის. ამ ბრძოლებში მტერი მოგერიებულ და განადგურებულ იქნა. 20 დეკემბერს, ღამით, ერთ-ერთი შეტაკების დროს საშამ აღმოაჩინა მტრის დესანტი, ცეცხლი გაუხსნა და თანამებრძოლებს აცნობა საფრთხის შესახებ, თავად კი ბრძოლის ველზე დაეცა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის საშა ნანავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.