ბადრი ანზორის ძე შელეგია დაიბადა 1963 წლის 8 აგვისტოს ქალაქ სოხუმში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ბადრი შელეგია, 1992 წლის სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში რიგითად.
ბადრი შელეგია აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. 1992 წლის 12 ოქტომბერს, გუმისთის მისადგომებთან, ერთ-ერთი საომარი მოქმედების დროს, ბადრი მძიმედ დაიჭრა და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა… გარდაიცვალა 1992 წლის 29 ნოემბერს.
დაკრძალულია სოხუმის რაიონის სოფელ თავისუფლების სასაფლაოზე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ბედრი შელეგია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით.