სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

შოთა ალექსანდრეს ძე რეხვიაშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

 

შოთა ალექსანდრეს ძე რეხვიაშვილი დაიბადა 1949 წლის 1 თებერვალს, ამბროლაურის რაიონში, სოფელ ურავში. მალევე ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა (გადაასახლეს) გუდაუთის რაიონის, სოფელ ლიხნში. სკოლის დამთავრების შემდეგ დაეუფლა ეკონომისტის პროფესიას და 1965 წლიდან მუშაობდა რევიზორად. 1967 წლიდან მუშაობდა სოხუმის ქალაქკოოპვაჭრობის ბურალტერ-ინვენტარიზატორად. 1968 წლის იანვრიდან ნოემბრამდე მუშაობა განაგრძო აფხაზკურორტვაჭრობაში ბუღალტერ-რევიზორად, ხოლო ნოემბრიდან გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. მსახურობდა უკრაინაში, სევასტოპოლში.

1971 წლის მაისიდან, სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ, მუშაობდა გუდაუთის კოპვაჭრობაში. 1989 წლის ბოლომდე მუშაობდა გუდაუთის კურორტვაჭრობის მთავრ საქონელმცოდნედ.

შოთა რეხვიაშვილი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქალაქ გუდაუთში. 1989 წლის 15-16 ივლისს, აფხაზეთში განვითარებული მოვლენები პირდაპირ შეეხო მის ოჯახს, ამ პერიოდში გუდაუთში დარბეულ რამდენიმე ოჯახს შორის  ერთ-ერთი მისი ოჯახიც იყო. მიუხედავად ამისა, მას ქალაქი  არ დაუტოვებია.

შოთა რეხვიაშვილი 1992 წლის 23 სექტემბრიდან  ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის, მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის საფინანსო სამსახურის უფროსად.  იყო თადარიგის უფროსი ლეიტენანტი. 1993 წლის 15 თებერვალს  მიენიჭა  კაპიტნის სამხედრო წოდება.

შოთა რეხვიაშვილის და მისი თანამებრძოლების (მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში მრავლად იყვნენ გუდაუთის რაიონის ახალსოფლისა და ლიხნის მკვიდრნი, რომელთა  სახლები აფხაზებმა დაწვეს, ხოლო ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ  მძევლების მდგომარეობაში ფრონტის ხაზს მიღმა) ძალისხმევით და მონდომებით ომის პერიოდში გუდაუთიდან სოხუმში გადმოიყვანეს მეომართა ოჯახის წევრები, რამდენიმე ასეული ადამიანი.

შოთა რეხვიაშვილი დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს.

საქართველოს  პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის შოთა რეხვიაშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა  მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

error: Content is protected !!