შოთა ბაღათურია დაიბადა 1929 წლის 30 იანვარს. როცა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო და მშობლიურ მიწა-წყალს საფრთხე დაემუქრა, 64 წლის შოთა და მისი 31 წლის ვაჟკაცი ელგუჯა, 23-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონში მოხალისეებად ჩაეწერნენ. თავდაუზოგავად იბრძოდა მამა-შვილი.
1993 წლის 19 სექტემბერს სოფელ თავისუფლებასთან გამართულ ბრძოლაში ელგუჯა ნაღმსატყორცნი ჭურვის აფეთქების შედეგად მძიმედ დაიჭრა და ჰოსპიტალში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაკრძალულია სოფელ კაშტაკში. გამწარებული მამა კი ბოლომდე, სოხუმის დაცემამდე ვაჟკაცურად იბრძოდა. 27 სექტემბერს სოხუმში, მთავრობის სახლთან მიმდინარე ბრძოლების დროს ისიც დაიღუპა.
შოთა ბაღათურია დაკრძალულია იქვე, მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.