ბადრი შუბითიძე დაიბადა 1959 წელს.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ბადრი შუბითიძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში რიგითად.
ბადრი დაიღუპა 1992 წლის 26 დეკემბერს, სოხუმის ერთ-ერთი სამხედრო შტაბის დაბომბვისას. ეს უპრეტენზიო, ალალ-მართალი ახალგაზრდა კაცი მოყვასის დიდ სიყვარულს გულში სათუთად ინახავდა.
ალბათ, ბადრი შუბითიძის ობლად დარჩენილი შვილების უსაზღვრო მონატრებით გაჯერებული სიტყვებით ითქმება სათქმელი:
„უშენოდ გვითენდება დილა, მამი… სკოლაში მიმავალთ შენი ღიმილიანი სახე გვაცილებს. ისე არ გავიხურავთ კარს, სურათზე რომ არ შეგავლოთ თვალი. გვგონია, ძველებურად რჩევა-დარიგებას მოგვცემ, მაგრამ…
სკოლისკენ მიმავალ გზას შენ გვინათებ, მამიკო. მოუთმენლად ელოდი, როდის მივუსხდებოდით მერხებს. ამაყად დაგვისვამდი მუხლებზე, არ იღლებოდი, შემოგვხაროდი… დაუნდობელმა მტერმა ჯერ ფეხები წაგართვა, მერე ესეც არ იკმარა და თვალის დახამხამებაში მოგისწარაფა სიცოცხლე.
ობლები გვქვია, მამი… დედიკო თავს დაგვტრიალებს, უნდა, შენისთანა ალალ-მართალი გაგვზარდოს. ვგრძნობთ, მის ტკივილს, მამიკო, მაგრამ ვერ ვანუგეშებთ, შენ ხომ კარგად იცი, ბავშვები როგორ გრძნობენ, განიცდიან ყველაფერს, მაგრამ ვერ გამოხატავენ. ერთადერთი, რის თქმასაც ხმამაღლა ვახერხებთ, შენი სახელის დაფიცებაა. როცა ერთმანეთს სიმართლეს ვუმტკიცებთ, „მამიკოს გეფიცები“ _ ეს ორი სიტყვა ყველაფრის მთქმელია, მაშინვე წყდება ჩვენი ბავშვური კამათი.
ჯერ კიდევ პატარები ვართ, მაგრამ უკვე კარგად ვიცით, რას ნიშნავს ქრისტეს ასაკი _ შენ ხომ 33 წლისამ დაგვტოვე, მამიკო… ჩვენ ვერავინ მოგვატყუებს, რომ მამა შორს წავიდა და მალე დაბრუნდება… დავშორდით წმინდა საფლავს და კიდევ უფრო მოგვანატრე თავი.
დიდი სიყვარულით გიხსენებენ ნაცნობ-მეგობრები, გვეალერსებიან, მამი. მაშინ კი, ცრემლმორეულები, გულში ვიფიცებთ შენს სახელს. ფიცს ვდებთ, რომ გავიზრდებით დედის ნუგეშად, გავხდებით შენისთანა მართალი ვაჟკაცები. ხომ გაგიხარდება, მამი? ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შენს ხსოვნას ჩრდილი არ მივაყენოთ.
ისე გვიყვარხარ, ერთმანეთს ვეჯიბრებით შენი ბიჭები… მამი, ჩვენო სასახელო მამიკო…“