შუქრი ირაკლის ძე მარგიანი დაიბადა 1962 წლის 8 ივნისს გულრიფშის რაიონის სოფელ ომარიშარაში.
შუქრი მარგიანი 1969-77 წლებში სწავლობდა გულრიფშის რაიონის გენწვიშის რვაწლიან სკოლაში. შემდეგ სწავლა განაგრძო ოჩამჩირის რაიონის კოჩარის საშუალო სკოლაში, რომლის წარჩინებით დამთავრებისთანავე , 1979 წელს, ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე.
1983 წელს შუქრი მარგიანს მიენიჭა ოფიცრის სამხედრო წოდება.
1984 წელს წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი. პერსპექტიული ეკონომისტი მშობლიურ აფხაზეთში დაბრუნდა და გულრიფშის „რაიკოოპკავშირში „ დაიწყო მუშაობა. 1985-87 წლებში იყო აჟარის სავაჭრო გაერთიანების დირექტორი, 1987-1990 წლებში – გულრიფშის „რაიკოოპკავშირის“ სარევიზიო კომისიის თავჯდომარე.
შუქრი მარგიანი აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში, 1985-92 წლებში სხვა კოდორელებთან ერთად თავკაცობდა შიყერის წმ. გიორგის ეკლესიის მშენებლობას.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე კი მოხალისედ ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის „მშვიდობის ლეგიონში“. შუქრი მარგიანი გმირულად დაიღუპა ურთულესი საბრძოლო ოპერაციის დროს, 1993 წლის 3 იანვარს, ლეგიონერ ემზარ გუჯეჯიანთან და გუბაზ ჯოხაძესთან ერთად.
შუქრი მარგიანი დაკრძალულია დალის ხეობაში.