თამაზ ჭედია დაიბადა 1952 წლის 27 სექტემბერს ქალაქ სოხუმში. 1969 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის, ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო სოფელ ბაღმარანის საშუალო სკოლაში პედაგოგად. ხუთი წლის განმავლობაში მოსწავლეებს უნერგავდა სპორტის სიყვარულს. მოღვაწეობდა აფხაზეთის მძლეოსნობის სპეციალიზებულ სპორტულ სკოლაში. თამაზ ჭედიას მინიჭებული ჰქონდა დამსახურებული მწვრთნელის საპატიო წოდება, დაჯილდოებული იყო საქართველოს სპორტკომიტეტის საპატიო სიგელით. იგი გახლდათ საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელი. პარალელურად მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების პირველი დღიდან თამაზი ჩადგა ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობისათვის მებრძოლთა რიგებში. ირიცხებოდა 23-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონში, თავდადებული მეომარი ბატალიონთან ერთად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში. თამაზი, შტაბის ეზოში, მოწინააღმდეგის მიერ გამოსროლილმა ჭურვმა იმსხვერპლა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის თამაზ ჭედია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“.