თემურ გიორგის ძე მონიავა დაიბადა 1963 წლის 25 ივლისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო წულუკიძის ავტოსკოლა-ტექნიკუმში. სავალდებულო-სამხედრო სამსახური მოიხადა გერმანიაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, თემურ მონიავა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონის მე-2 ასეულის რიგით მებრძოლად. მონაწილეობდა სოფლების: ზედა კინდღის, ტამიშის, ათარის, ანარხუს საბრძოლო ოპერაციებში.
როდესაც აფხაზმა სეპარატისტებმა სამშვიდობო მოლაპარაკება დაარღვიეს, ქართულ სოფლებს მთელი ძალებით შემოუტიეს. ერთ-ერთი უთანასწორო ორთაბრძოლისას, სოფელ კინდღთან, თემურ მონიავა გმირულად დაიღუპა.