თენგიზ ვლადიმირის ძე ფაცაცია დაიბადა 1973 წლის 29 ივლისს გულრიფშის რაიონის სოფელ მერხეულში. 1991 წელს დაამთავრა მერხეულის საშუალო სკოლა. სამშობლოს მოსიყვარულე, პატრიოტი ახალგაზრდა, როგორც კი, მშობლიურ მხარეში განგაშის ზარმა ჩამოკრა უყოყმანოდ დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში.
თენგიზ ფაცაცია 1992 წლის 12 სექტემბრიდან ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-2 ასეულის 1-ლ ათეულში ყუმბართმტყორცნელის თანამდებობაზე. თენგიზი პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და თანამებრძოლებთან ერთად უწევდა მედგარ წინააღმდეგობას მომხვდურ მტერს.
თენგიზ ფაცაცია 1992 წლის 17 დეკემბერს მე-6 ბატალიონის საბრძოლო პოზიციაზე _ მდინარე გუმისთის პირას (სოფ. ქვემო-ეშერასთან) დაიღუპა პოზიციური ბრძოლის დროს.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის თენგიზ ფაცაცია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.