ვახტანგ ურიდია 1967 წლის 29 მარტს ქალაქ სოხუმში დაიბადა. ნიჭიერმა ყმაწვილმა წარჩინებით დაამთავრა ბესლეთის №1 საშუალო სკოლა. ჩაირიცხა სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. სავალდებულო-სამხედრო სამსახური გაიარა ესტონეთში, საიდანაც უფროსი სერჟანტის წოდებით დაბრუნდა. 1988 წელს მაღალი შეფასებით ჩაირიცხა თბილისის ტექნიკური ინსტიტუტის სოხუმის ფილიალში. პარალელურად მუშაობდა სოხუმის რაიონულ კომიტეტში სამეურნეო სამსახურის უფროსად.
აფხაზეთში ომის დაწყების დროს ვახტანგი უკრაინაში იმყოფებოდა. მეორე დღესვე გუდაუთის გავლით ჩამოვიდა სოხუმში და მოხალისედ ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის პირველ ბატალიონში(ბრძანება N24 1992 წლის 25 სექტემბერი). მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე ყველა საბრძოლო ოპერაციაში. 1995 წლის 1-5 იანვარს გუმისთასთან ბრძოლის დროს გამოჩენილი გმირობისათვის ვახტანგი პირველი ბატალიონის დაზვერვის ოცეულის მეთაურად დანიშნეს და უფროსი ლეიტენანტის წოდება მიანიჭეს.
1993 წლის 16-17 მარტს, მდინარე გუმისთასთან უთანასწორო ბრძოლის დროს გამოჩენილი მამაცობისათვის ვახტანგ ურიდია დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“. მან, თანამებრძოლებთან ერთად, გაანადგურა მოწინააღმდეგის ოცეული და ხელთ იგდო სამხედრო ტექნიკა.
1993 წლის 21 სექტემბერი… მტერი უტევდა სოხუმს… ვახტანგი გმირულად იბრძოდა მშობლიური ქალაქის დასაცავად. სოფელ ბირცხასთან მოწინააღმდეგემ ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი მიზანმიმართულად მოარტყა ტანკს, რომელშიც ვახტანგი იმყოფებოდა.
ვახტანგ ურიდია დაკრძალულია სოხუმის რაიონის სოფელ ბესლეთში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვახტანგ ურიდია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.