ვალერი ჭიჭიკოს ძე სადილიანი დაიბადა 1957 წლის 27 მაისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში.
აფხაზეთის საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, 1992 წლის სექტემბრიდან ვალერი სადილიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-4 ბატალიონში, რომელიც შემდგომ გადაკეთდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონად. ის იყო ტანკსაწინააღმდეგო ოცეულის ოპერატორი. ვალერი სადილიანი იყო საზრიანი და დისციპლინირებული მეომარი. მონაწილეობდა არაერთ რთულ და სახიფათო ოპერაციაში. პროფესიონალურად ფლობდა ჯავშანტექნიკას , თანამებრძოლებს შორის დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობდა. აქედან გამომდინარე, ვალერი სადილიანი ტანკსაწინააღმდეგო ოცეულის მეთაურის მოადგილედ დაინიშნა. იყო ეკიპაჟ „მეხის“ მეთაური. მონაწილეობდა ყველა იმ საბრძოლო ოპერაციაში,რომელიც უწარმოებია ტანკსაწინააღმდეგო ოცეულს. მამაცი, უშიშარი მებრძოლი პირნათლად ასრულებდა საბრძოლო დავალებებს. იყო საუკეთესო ტანკისტი.
1993 წლის 15 სექტემბერს ვალერი სადილიანმა ისარგებლა „სამშვიდობო ხელშეკრულებით“ და მოკლევადიანი შვებულება აიღო. 16 სექტემბერს მოწინააღმდეგემ ზავი დაარღვია. ვალერი, თავის ოცეულს მოწყვეტილი, ჩარჩა სოფელ კინდღში. ადგილობრივი ბატალიონის მებრძოლებთან ერთად, ვალერი მომხდურების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდა.
ვალერი სადილიანი დაიღუპა 1993 წლის 20 სექტემბერს, მტერთან უშაღავათო ბრძოლისა.
ვალერი სადილიანს დარჩა მეუღლე და ორი შვილი.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის ვალერი სადილიანი,სიკვდილის შემდეგ , დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.