ვეფხვია სანაია დაიბადა 1969 წლის 1 მაისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში.
მშობლიურ სოფელში დაამთავრა საშუალო სკოლა. 1989 წელი იდგა… ვეფხვია სამხედრო-სავალდებულო სამსახურს შორეულ აღმოსავლეთში იხდიდა. საქართველოში ეროვნული მოძრაობა მძვინვარებდა. 9 აპრილის ტრაგედია ჯარში შეიტყო და პროტესტის ნიშნად, ვეფხვიას მეთაურობით ქართველმა ბიჭებმა გაფიცვა მოაწყვეს, რისთვისაც იქაურმა ხელმძღვანელობამ მას სასტიკი საყვედური გამოუცხადა.
ვეფხვია სანაია სწავლის გაგრძელებას მილიციის აკადემიაში აპირებდა, მაგრამ სწორედ ამ დროს გახდა საჭირო მშობლიური მიწა-წყლის დაცვა. 1992 წლის 15 სექტემბერს ჩაირიცხა საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-4 ბატალიონში,რომელიც შემდგომში იწოდებოდა მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონად. მან მონაწილეობა მიიღო 24-ე ბრიგადის სარდლობის მიერ დაგეგმილი ოპერაციების განხორციელებაში. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 11 ნოემბერს სოფელ ბესლახუბასთან, 15 ოქტომბერს სოფელ ტამიშთან, 27 ოქტომბერს სოფელ მერკულასთან, რისთვისაც, როგორც მეთაურთა ისე თანამებრძოლების დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.
ვეფხვიას გმირობაზე ლეგენდები დადიოდა. დაჭრილ ვეფხვს ჰგავდა, როცა მამის ტყვედ აყვანის ამბავი შეიტყო… 1992 წლის 29 ნოემბერს კოჩარა აიღეს. ბრიგადის სარდლობის მიერ განხორციელებულ ოპერაციაში, რომელიც ითვალისწინებდა სოფელ კოჩარასთან საბრძოლო პოზიციების დაბრუნებას, ვეფხვია თავის თანამებრძოლებთან ერთად ჩაერთო ბრძოლაში, სადაც მძიმე ჭრილობა მიიღო გულის არეში… საბრძოლო პოზიციებიდან ქალაქ ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, 3 საათი იცოცხლა ქუთაისის ჰოსპიტალში, სიკვდილსაც ვაჟკაცურად შეხვდა : „მომეფერე დედა, მაკოცე , მაგრად მაკოცე, ჩამეხუტე, გამათბე , ნუ ტირი,დედა,რკინად იქეც, იცოცხლე,შვილებს მიხედე. არ გაბედო და არ თქვა, აფხაზეთში არ ვიცხოვრებო.
იქ უნდა იცხოვრო ,იქ ჩემი სისხლია ჩაქცეული, ჩვენს ნაფუძარზე სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს, ნუ ტირი დედა, შენი შვილი ლაჩრულად არ კვდება, ერთგულად და პატიოსნად ემსახურებოდა საქართველოს ერთიანობას… მჯერა, საქართველო გამთლიანდება დედა… „ შეუძლებელია ცრემლების გარეშე წაიკითხო ეს ამაღელევებელი მონოლოგი, საოცრად კეთილშობილი, რჩეულთა შორის რჩეული ვაჟკაცისა, ასეთ დროს ვფიქრობ : „ არის სიკვდილშიც გამოსავალი, მას ღირსეული ჰქვია სიკვდილი…“, ეს გამარჯვება შუღლზე,მტრობაზე,სიკვდილზეც… ასეთი შვილის გამზრდელი დედაც გმირია…
23 წლის ჭაბუკმა თავისი სიტყვა თქვა სამშობლოსა და ერის წინაშე ზვარაკად შეწირული სიცოცხლით. 1992 წლის 6 დეკემბერს, ვეფხვია სანაია გარდაიცვალა, დაკრძალულია ქალაქ ქუთაისში.