ვლადიმერ არქიპოს ძე ქელეხსაშვილი დაიბადა 1968 წლის 13 აგვისტოს ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის №71 საშუალო სკოლა. 1987 წელს გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში _ ავღანეთის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, (სადაც ბრძოლისას დაიჭრა). ჯარიდან დემობილიზებულ იქნა 1989 წელს. ჭრილობის მოშუშების შემდეგ ვლადიმერმა მძღოლად დაიწყო მუშაობა ქალაქ თბილისის ერთ-ერთ საწარმოში.
აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების დროს ავღანეთის ომგამოვლილი ვაჟკაცი სამშობლოსათვის გულანთებული ვაჟკაცების გვერდით დადგა, (არხიპა) მეგობრებთან ერთად ჩაერთო ჯგუფში, რომელთაც ტანკები გადაქონდათ აფხაზეთში. სოხუმში ჩასვლისას ვლადიმერმა სურვილი გამოთქვა დარჩენილიყო ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ ბიჭებთან და ავღანათში მიღებული საომარი გამოცდილება გამოეყენებინა სამშობლოს საკეთილდღეოდ. ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონში.
1992 წლის 26 ნოემბერს მე-6 ბატალიონის საბრძოლო პოზიციაზე, მდინარე გუმისთის პირას (სოფ. ქვემო-ეშერასთან) ერთ-ერთი პოზიციური ბრძოლის დროს ვლადიმერ ქელეხსაშვილი გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვლადიმერ ქელეხსაშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.