სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ვლადიმერ კახიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

ვლადიმერ კახიანი დაიბადა 1931 წლის 12 მაისს. ვალოდია (ვლადიმერ) კახიანს მშრომელ და პატიოსან ადამიანად იცნობდა ყველა. მრავალშვილიანი (სამი ვაჟი და სამი ქალიშვილი) ოჯახის პატრონს ცოტა არ ჰქონდა საშრომი და საზრუნავი. ვალოდიას აზრს მთელი სოფელი იზიარებდა და პატივს სცემდა.

გათენდა ყველასათვის უბედური დღე – 14 აგვისტო. ამ გაჭირვების ჟამს, 60 წლის კაცს არ შეეძლო მშვიდად მჯდარიყო, როდესაც ბრძოლის ველზე სამი ვაჟი ეგულებოდა. და არა მარტო შვილები; მისი ორი ძმა, ძმისშვილები და ყველა მებრძოლი მისთვის ახლობელი იყო. პატარა სოფელი ხომ, ერთი დიდი სანათესაოსაგან შედგებოდა. აქ ჭირი და ლხინი საზიარო იყო… და მანაც  იარაღი აიღო ხელში და სხვებთან ერთად დაიკავა ადგილი სამშობლოს სადარაჯოზე.  ამბობდა: ახალგაზრდები ჩქარები არიან, ზოგჯერ ჭკუის დარიგებაა საჭიროა და მირჩევნია მათთან ვიყო, მით უმეტეს მებრძოლი ძალა ისედაც ცოტა არისო… ბოლო პერიოდში ფეხის ტკივილს ჩიოდა და ახალგაზრდების გასამხნევებლად იტყოდა ხოლმე: მე სირბილი არ შემიძლია, თუ მტერმა შემოგვიტია, ერთ ადგილას ჩავუსაფრდები და სანამ ბოლოს მომიღებენ არანაკლებ ორს მაინც ვისისხლებო…

 

1993 წლის 5 ივლისს კომანს მტრის დიდი ძალა დაესხა თავს. მრავალი თავდასხმის მოგერიების შემდეგ, ეს დღე კომანელი გმირებისათვის საბედისწერო აღმოჩნდა. ამ დღეს ვლადიმერ კახიანი დაიჭრა, მისგან ასიოდე მეტრში, მისი შვილი მალხაზი ავტომატის ბოლო მჭიდს ცლიდა, ვაზნებთან ერთად მისი სიცოცხლის წუთებიც დაიცალა… მამამ შვილის სიკვდილიც იხილა. დაჭრილი ტყვედ აიყვანეს, რამდენიმე დღეში კი, მისი ვინაობის დადგენის შემდეგ, 11 ივლისს დახვრიტეს. მისი ცხედარი, სხვა  დაღუპულ თანამებრძოლებთან ერთად,  ერთი თვის შემდეგ გადმოასვენეს.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვლადიმერ კახიანი, სიკვდილის შემდეგ,  დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

 

error: Content is protected !!