ზაზა პაკელიანი დაიბადა 1955 წლის 12 ოქტომბერს ქალაქ სოხუმში. 1973 წელს დაამთავრა შრომის ე.ნინოშვილის სახელობის საშუალო სკოლა. 1973-1975 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში – ჩეხოსლოვაკიაში. დაამთავრა მოსკოვის სამთო-გეოლოგიის ინსტიტუტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა კომანში – მარმარილოს გადამამუშავებელი კარიერის სამმართველოში უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად, 1990-92 წლებში კი ქალაქ სოხუმის სამგზავრო ავტოკოლონაში.
ზაზა ოჯახთან ერთად სოხუმში ცხოვრობდა – ჭავჭავაძის ქუჩაზე, მაგრამ ხშირად იყო დედასთან კომანში…1992 წელს, როდესაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტი დაიწყო, კომანის ახალგაზრდა მოსახლეობამ ზაზა პაკელიანის ხელმძღვანელობით ასეული შექმნა. ომი უფრო და უფრო გამძაფრდა, ზაზა თავისი გავლენით და ნაცნობობით ახერხებდა ასეულის შეიარაღების გაზრდას და გაძლიერებას. კომანის ასეულს თავიდან მე-3 ბატალიონის მზვერავთა ასეული ერქვა, შემდეგ ტანკსაწინააღმდეგო. 1992 წლის ნოემბერში კი ჩამოყალიბდა 23-ე ბრიგადა და კომანის ასეული ამ ბრიგადის მე-8 ბატალიონის მე-3 ასეულად გარდაიქმნა.
1992 წლის ბოლოს, გენერალ კამკამიძის მეთაურობით, ზაზა პაკელიანი გადაიყვანეს ბრიგადის საინჟინრო ბატალიონის მეთაურად. სოხუმის პოზიციებზე საბრძოლო თავდაცვითი ე.წ. „ბლინდაჟები“ – სანგარ-საცავები ზაზა პაკელიანის ხელმძღვანელობით იყო გაკეთებული. კომანის ასეული საყვარელი მეთაურის გვერდით არყოფნას განიცდიდა და ვერ ეგუებოდა, მეთაურიც ვერ ძლებდა მათ გარეშე. რამდენიმე თვის შემდეგ ზაზა თავის ძმებს დაუბრუნდა, უკვე მაიორის წოდებით. ამ ასეულს არაერთხელ მოუგერიებია მტრის მიერ განხორციელებული შემოტევები და დივერსიული თავდასხმები. ასეთ გამარჯვებებს მიჩვეული ასეული მიუხედავად იმისა, რომ პოზიციები არ უვარგოდათ და მტერი ყოველთვის ზევიდან დაჰყურებდა, 1993 წლის 5 ივლისის შემოტევასაც არ შეუშინდა და ვაჟკაცურად დახვდნენ მომხდურს. მაშტაბური შემოტევის შესახებ ერთი დღით ადრე იცოდნენ, მაგრამ ცენტრალური შტაბიდან დახმარებაზე უარი უთხრეს, კომანი არასტრატეგიული წერტილიაო…. ბიჭებმა იცოდნენ არათანაბარი იქნებოდა ძალები, მაგრამ უკან დახევა არც უფიქრიათ – ან სიკვდილი, ან გამარჯვება… გამთენიისას სოფელს დააცხრა გენერალ ლებედის კბილებამდე შეიარაღებული საშტურმო-სადესანტო ბატალიონი, შუადღემდე გაუძლო შემოტევას ორმოცკაციანმა ჯგუფმა… ბრძოლამ ასეულის შტაბის დერეფნებში გადაინაცვლა… ზაზა ცენტრალურ შტაბს უკავშირდება და ბოლო კოორდინატებს აძლევს: დაგვბომბეთ, სხვა გზა არ არის, ჩვენი შტაბის კოორდინატები იცით, დაგვარტყით!!!
ამ დღეს კომანი დაეცა, კომანთან ერთად ასეულის მეთაური ზაზა პაკელიანი და მისი ერთგული თანამებრძოლების უმრავლესობა!
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ზაზა პაკელიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.