„მამა, მე მჯერა, ჩემს ასაკში, შენც ჩემსავით მოიქცეოდი… იფიქრე, თითქოს ომში კი არა, სადმე ლხინში გეგულებოდე – მე თუ მკითხავ, ყველაზე მთავარი საქმე ქართველი კაცისთვის არის აქ დგომა და ამ უტეხი ხალხის დაცვა. მე ამას ყველა ქართველი კაცის ვალად ვთვლი. ისტორიკოსი ხარ და გეცოდინება, რომ ხალხი, ვინც იარაღით ხელში იბრძოდა სამშობლოსათვის, გმირებად იქცნენ…“
ეს არის ამონარიდი ზურა გურჩიანის ნაჩქარევად დაწერილი წერილიდან, რომელიც მესტიის რაიონის სოფელ ეცერში მცხოვრებ მამას გამოუგზავნა. ეს წერილი და ფოტო ერთადერთი სახსოვარია, რაც დედისერთა შვილისგან მშობლებს დარჩათ.
ოცდაორი წლის ზურა სოხუმის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო. ომის დაწყებიდან კომანელთა მხარდამხარ თავდაუზოგავად იბრძოდა. 5 ივლისს ოცი კომანელი დაიღუპა, ზურაც ფეხში მძიმედ დაიჭრა, ბრძოლას მაინც აგრძელებდა. მტერი უკვე სოფელში შემოსულიყო, მათ ხელში ჩავარდნას სიკვდილი არჩია, თავი ხელყუმბარით აიფეთქა.
ასე ვაჟკაცურად დაიღუპნენ ზურა და დანარჩენი კომანელი გმირები.