ზურაბ ბიძინას ძე ვიბლიანი დაიბადა 1962 წლის 11 დეკემბერს მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში. სწავლობდა გულრიფშის რაიონის სოფელ ფშაფის საშუალო სკოლაში. დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი. მოღვაწეობდა სოხუმის დრამატულ თეატრში.
ზურაბ ვიბლიანი 1992 წლის 1 ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მე-2 ასეულის პირველი ოცეულის ყუმბარმტყორცნელად. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1993 წლის 16 მარტის თავდაცვით ოპერაციებში მდინარე გუმისთის მისადგომებთან.
1993 წლის 16 მარტს აფხაზმა სეპარატისტებმა დაქირავებულ რუს ბოევიკებთან ერთად ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელეს. მე-2 ასეულის მებრძოლებმა მტერს გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწიეს და კონტრიერიშზეც გადავიდნენ. მოწინააღმდეგემ ჩვენებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა. დაჭრილების გამოყვანის დროს, ერთ-ერთი ჭურვის აფეთქების შედეგად ზურაბ ვიბლიანი დაიღუპა.
დაკრძალულია ქალაქ სოხუმში.