სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ზურაბ გიორგის ძე ქარჩავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

 

ზურაბ გიორგის ძე ქარჩავა დაიბადა 1949 წლის 29 ოქტომბერს გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში. გულრიფშის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1969-1971 წლებში, მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში _ ქალაქ ლენინგრადში. ქალაქ ლენინგრადში ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩამოვიდა მშობლიურ კუთხეში და მუშაობა დაიწყო გულრიფშის მილიციის რაიგანყოფილებაში. 1982 წლის  ზურაბ  ქარჩავა სამუშაოდ წავიდა რუსეთის ფედერაციის ქალაქ იაროსლავში.

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში დაწყებულმა ომმა უამრავი მამულიშვილის გეგმები შეცვალა. ომის დაწყების შემდეგ ბევრი ქართველი თავს არიდებდა ომს და რუსეთში მიდიოდა, ზურაბი კი პირიქით ჩამოვიდა რუსეთიდან და დადგა სამშობლოს დამცველი ვაჟკაცების გვერდით.

ზურაბ ქარჩავა 1993 წლის 1 აპრილიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის პირველ ასეულში მე-3 ოცეულის მეთაურის თანამდებობაზე. თანამებრძოლებთან ერთად ვაჟკაცურად იგერიებდა მტრის შემოტევებს ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე სოფელ ქვემო ეშერასთან. საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის და მისი ოცეულისათვის ივლისის შემოტევა… პირველი ასეულის მე-3 ოცეულის მებრძოლები ოცმეთაურ ზურაბ ქარჩავასთან ერთად საარტილერიო დაბომბვის დაწყებამდე ისვენებდნენ სანგრებიდან 50 მეტრში მდებარე სახლში. ჭურვების აფეთქების ხმების გაგონებისთანავე ოცეული  გაემართა სანგრებში მყოფ თანამებრძოლთა დასახმარებლად, მაგრამ პოზიციების მისვლამდე ოცეული შეეჩეხა საარტილერიო დაბომბვის დროს პირველი ასეულის ერთ-ერთ სანგარში მალულად შემოსულ მტრის სადაზვერვო რაზმს. უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპნენ ზურაბ ქარჩავა, გაიოზ ფაცაცია, მერაბ ყურაშვილი, სლავიკ ხათხუა, ნოდარ თორდია, ამირან ხურცილავა.

 

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ზურაბ ქარჩავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

 

 

error: Content is protected !!