ზურაბ კაჭარავა დაიბადა 1953 წელს. სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობა დაიწყო ქ. გაგრის შინაგან საქმეთა განყოფილებაში. მუშაობის დაწყებისთანავე პირველ დღიდანვე ზურამბა თავი გამოიჩინა მინდობილი საქმის მაღალპროფესიონალურ დონეზე შესრულებით, რის გამოც დამსახურებული სიყვარული და ავტორიტეტი მოიპოვა თანამშრომლებსა და განყოფილების ხელმძღვანელებს შორის.
შს ორგანიოებში მუშაობს 1973 წლიდან და დიდი გზა განვლო პოლიციის კაპიტნის საპატიო წოდებამდე.
აფხაზეთში საომარი კონფლიქტის დაწყებისთანავე ზურაბ კაჭარავა უყოყმანოდ დადგა სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გვერდით. გაგრაში ყოველდღე იძაბებოდა სიტუაცია, აფხაზი ექსტრემისტები და გადამთიელი ბოევიკები გააფთრებით უტევდნენ ქლაქს. 2 ოქტომბერს გაგრაზე მტრის შემოტევის დროს გაგრის შს განყოფილების უფროსის ბრძანებით შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელსაც სანატორიუმ “გრუზიასთან“ სტრატეგიული პოზიციის დაცვა დაევალა. სისხლისმღვრელი შეტაკებაში სიკვდილით დაეცა მამაცი კაპიტანი.
საქართველოს სახელმწიფოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გაგრის შინაგან საქმეთა საქალაქო განყოფილების თანამშრომელი, პოლიციის კაპიტანი ზურაბ ვაჟას ძე კაჭარავა სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის 1-ლი ხარისხის ორდენით.