ზურაბ მიხეილის ძე ზარანდია დაიბადა 1955 წლის 1 ივნისს, დაბა გულრიფშში. დაამთავრა გულრიშის საშუალო სკოლა. 1979 წელს შექმნა ოჯახი ბარიატ იბრაგიმოვასთან ერთად, შეეძინათ ორი ვაჟი _ ზაზა და მიხეილი. ბედნიერად ცხოვრობდა და შრომობდა ოჯახი, მაგრამ აფხაზეთში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა არც ზურაბი დატოვა მშვიდად. 1993 წლის 10 იანვარიდან ზურაბ ზარანდია ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-2 ასეულში საბრძოლო მანქანის მსროლელად.
1993 წლის 16 მარტს გუმისთის ფრონტზე შექმნილი მძიმე საბრძოლო ვითარების გამო ბატალიონის ყველა საბრძოლო მანქანა მე-6 ბატალიონის პოზიციებზე იმყოფებოდა. ტანკმა, რომლის ეკიპაჟის შემადგენლობაში შედიოდა ზურაბ ზარანდია (ჭურვის მიმწოდებლის პოზიციაზე) მიიღო სახიფათო დავალება, გაწეულიყო წინა ხაზისაკენ და პირდაპირი ცეცხლით წინააღმდეგობა გაეწია მტრის ცოცხლი ძალის შემოტევისათვის. საბრძოლო პოზიციაზე გასვლის შემდეგ ტანკის სავალი ნაწილი გამოვიდა მწყობრიდან, ამიტომ ტანკის მეთაურმა მ. პიტავამ უბრძანა მექანიკოს დაეტოვებინა საბრძოლო მანქანა, თვითონ კი ჭურვის მიმწოდებელთან ერთად გააგრძელა სროლა საბრძოლო კომპლექტის სრულ გახარჯვამდე. საბრძოლო კომპლექტის სრული გასროლის შემდეგ მ.პიტავა და ზ.ზარანდია ვეღარ ამოვიდნენ უკვე ცეცხლმოკიდებული ტანკიდან.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ზურაბ ზარანდია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.