ზურაბ პართენის ძე ფოფხაძე დაიბადა 1958 წლის 8 მარტს ქალაქ ამბროლაურში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ქალაქ რუსთავში მეტალურგიულ სასწავლებელში. პარალელულად უკრავდა მუსიკალურ ანსამბლში. 1978 წელს დაოჯახდა, შეძინათ ქალ-ვაჟი. 1982 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა გულრიფშის რაიონში და მზიურ აფხაზეთში შეუდგნენ ბავშვების აღზრდასა და მომავალზე ზრუნვას.
1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში დაწყებულ ომმა სამშობლოსათვის გულანთებული ვაჟკაცის გეგმები ძირფესვიანად შეცვალა, გვერდზე არ გამდგარა ქვეყნის გასაჭირის დროს, იარაღით ხელში დადგა სამშობლოს დამცველთა გვერდით. 1992 წლის სექტემბრიდან ზური ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-3 ასეულში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ზურაბ ფოფხაძემ თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს ერთიანობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. ერთ-ერთი შემოტევის მოგერიების დროს დაიჭრა, გამოჯამრთელების შემდეგ კვლავ დადგა თანამებრძოლების გვერდით. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში, პირნათლად ასრულებდა მეთაურის დავალებებს. თანამებრძოლებს შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით.
აფხაზეთის დაცემის შემდეგ ზურაბ ფოფხაძემ გააგრძელა სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის შსს სპეცდანიშნულების ასეულში. 1997 წლის ივლისში ზურაბ ფოფხაძე გმირულად დაიღუპა გულრიფშის რაიონში _ ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულებისას.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ზურაბ ფოფხაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.