ზურაბ შენგელია დაიბადა 1946 წლის 14 ნოემბერს სოხუმის რაიონის სოფელ ბესლეთში. 1963 წელს დაამთავრა ბესლეთის პირველი საშუალო სკოლა. იმავე წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიაში, სამი წლის განმავლობაში იმსახურა საქართველო-თურქეთის საზღვარე –მესაზღვრედ. დაჯილდოებული იყო მედლითა და სიგელებით. სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ სოხუმში დაბრუნდა. დაკავებული იყო სპორტით _ ვარჯიშობდა თავისუფალ ჭიდაობაში. ტურნირებში მოპოვებული აქვს არაერთი გამარჯვება, მათ შორის აფხაზეთის ჩემპიონობა.
1972 წელს ჩაირიცხა სოხუმის გორკის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1976 წელს მუშაობა დაიწყო ქალაქ სოხუმის მე-2 საშუალო სკოლაში – ფიზიკური მომზადების მასწავლებლად.
1977 წელს მუშაობა დაიწყო სოხუმის რაიონის განათლების განყოფილებაში – სკოლების ინსპექტირების თანამდებობაზე, ხოლო 1978 წელს გადაიყვანეს განყოფილების ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარების უფროსად.
1979 წელს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე. პარალელურად ხელმძღვანელობდა გეოგრაფიული ადგილმდებარეობის ორიენტირების მოზარდ-ახალგაზრდობის წრეს, მათთან ერთად ატარებდა ლაშქრობებს და მონაწილეობდა შეჯიბრებებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. აღნიშნული საქმიანობიდან გამომდინარე, ზურაბ შენგელია კარგად ერკვეოდა საქართველოს ტოპოგრაფიაში, ზედმიწევნით იცოდა აფხაზეთის ტერიტორიის მთიანი რეგიონის ტოპოგრაფიული რუკების დამუშავება თავისი მოქმედი და გაუქმებული ბილიკებით, რაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს ძალიან გამოადგა.
1990 წლის შემოდგომაზე, საქართველოს პატრიარქმა – ილია მეორემ მოილოცა აფხაზეთი, აკურთხა აფხაზეთის ეკლესია-მონასტრები. გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში არსებული ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლის, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში პატრიარქის მისვლამდე ზურაბ შენგელიამ შეიტყო, რომ ილია მეორეზე უნდა განხორციელებულიყო თავდასხმა. სავარაუდოდ, აფსუა სეპარატისტებს განზრახული ჰქონდათ ტაძარში ჩაეკეტათ პატრიარქი და წინასწარ მოყვანილი ბენზინმზიდის მეშვეობით ჩაეწვათ შიგ მყოფნი. ზურაბ შენგელიამ დროულად მოახდინა რეაგირება და თავის მეგობრებთან ერთად აღკვეთა ეს შემთხვევა. სოფლის გამოსასვლელში აფსუა სეპარატისტების პიკეტმა გზა გადაუღობა ქართველებს. ზურაბისა და მისი მეგობრების ძალისხმევით პატრიარქი და მისი თანმხლებნი განარიდეს აგრესიულ მასას და უვნებლად გაიყვანეს სამშვიდობოს. ზურაბ შენგელიას და მის რამდენიმე მეგობარს სეპარატისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ზურაბს მიყენებული ჰქონდა რამდენიმე ჭრილობა – დანითა და გადატეხილი ბოთლით.
1992-93 წლებშიაფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, ზურაბ შენგელია, ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 კავშირგაბმულობის ბატალიონში (მეთაურის მოადგილედ აღმზრდელობით დარგში).
1992 წლის 13 ოქტომბერს ზურაბ შენგელიას კაპიტნის წოდება მიენიჭა. საბრძოლო დავალებების შესრულების დროს, იგი ბატალიონის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.
1993 წლის 16 სექტემბერს, სოხუმზე მოულოდნელი თავდასხმისას, საბრძოლო მოვალეობის შესრულებისას, ზურაბ შენგელია ბირცხის მთაზე უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
ზურაბ შენგელიას დარჩა მეუღლე და ორი შვილი.