2023 წლის 23 მაისს აფხაზეთის მეომართ კავშირის წევრთა საინიციატივო ჯგუფის ინიციატივით, ქ თბილისის მერიის და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მხარდაჭერით თბილისში, გმირთა მოედანზე, საქართველოს ეროვნული გმირის - გენერალ-მაიორ გენო ადამიას მემორიალური ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის „საინფორმაციო-ანალიტიკური“ ცენტრი ავრცელებს. ცერემონიალს გენო ადამიას ოჯახის წევრები, ვეტერანი მეომრები, ცენტრალური და აფხაზეთის ა/რ ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ საქართველოსთვის დაღუპულ მეომართა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. შეგახსენებთ, რომ გენო ადამია აფხაზეთში ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური იყო. მან 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგაც განაგრძო წინააღმდეგობის გაწევა და 28 სექტემბერს კელასურის ხიდზე ბრძოლისას დაიღუპა. იგი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენებით. 2020 წლის 22 სექტემბერს გენერალ-მაიორ გენო ადამიას საქართველოს უმაღლესი ჯილდო – ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
Discussion about this post