კოტე ლეთოდიანი დაიბადა 1971 წელს ქ. სოხუმში. იყო გამორჩეული გარეგნობის ახალგაზრდა. სპორტის დამსახურებული ოსტატი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი კრივში, ახალგაზრდებში. გენერალი გენო ადამია გამუდმებით ხაზს უსვამდა სპორტში მის უსაზღვრო შესაძლებლობებს. საქართველოს მთავარი მწვრთნელიც კრივში აფხაზეთში სპეციალურად ჩავიდა, რათა ახალგაზრდა სპორტსმენი დაერწმუნებინა კრივისთვის თავი არ დაენებებინა. თვლიდა, რომ მას ამ სფეროში დიდი წარმატებები ელოდა. თუმცა ახალგაზრდა მეომარმა სხვა გზა არჩია.
იგი 1992 წლის სექტემბრიდან 23-ე ბრიგადის საკომენდანტო ასეულში ირიცხება და მალევე ბრიგადის მეთაურის გენერალ მაიორ გენო ადამიას პირადი დაცვის უფროსი ხდება. მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში მდინარე გუმისთასა და შრომა-ახალშენის მიმართულებით. ყოველთვის მეთაურის გვერდით იმყოფებოდა, შტაბშიც და საბრძოლო პოზიციებზეც.
1993 წლის 27 სექტემბერს, მოწინააღმდეგესთან შეტაკების დროს, მდინარე კელასურთან, გმირულად დაიღუპა მეთაურთან, გენო ადამიასთან ერთად.
გმირების მარადისობა ქვეყნის წარსულში, აწმყოსა და მომავალშია.
Discussion about this post