სერგო გულორდავა დაიბადა ქალაქ გაგრაში 1931 წლის 26 სექტემბერს. გაგრის პირველი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩააბარა კაზანის სამხედრო-საარტილერიო სასწავლებელში. სხვადასხვა დროს მსახურობდა კაზანში, გერმანიაში, სომხეთში. სოხუმში იყო სამოქალაქო თავდაცვის სწავლების კურსების უფროსი. აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე ჩადგა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამცველთა რიგებში.
1992 წლის 25 აგვისტოს, პოლკოვნიკი სერგო გულორდავა გაგრის ბატალიონის მეთაურად დაინიშნა. ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მებრძოლებს შორის. 1992 წლის 1 ოქტომბერს სოჭის ხელშეკრულების საფუძველზე უსაფრთხოების გარანტიით ქართულმა მოსახლეობამ ბავშვები სკოლაში გაუშვა. მაგრამ ნაშუადღევს მოწინააღმდეგემ პირობა დაარღვია და ქალაქს ჭურვები დაუშინა. სერგო გულორდავა თავისი ბატალიონის მეომრებთან ერთად ქალაქში გავიდა და ცდილობდა დაზარალებული ადამიანების დახმარებას და მათ დაცვას. 2 ოქტომბერს როცა სერგო გულორდავა და ბატალიონის სხვა წევრები მოსახლეობის დასაცავად იყვნენ გამოსული ქალაქში და ე.წ. „ბმპ“-ებში ისხდნენ , მტრის ჭურვებმა ორივე მანქანა ცეცხლის ალში გახვია.
სერგო გულორდავა და მისი თანამებრძოლები მაშინ დაიღუპნენ, როცა ალმოდებულ ქალაქში მოსახლეობის გადარჩენას ცდილობდნენ. ეს იყო წამი, რომელმაც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად ჭურვების ალში გახვეულ ქალაქში უშიშრად მებრძოლი სერგო გულორდავა გმირად აქცია.
დიდება გმირებს!
Discussion about this post