"ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქვა სხვადასხვა ქვეყნის ასობით მოქალაქეს" - ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიშში, რომლის განხილვა პარლამენტში ხვალიდან დაიწყება. იმავე ანგარიშის მიხევდით, ვიზიტორთა ნაკადში ასევე გამოავლინდა უცხო ქვეყნის ისეთი მოქალაქეები, რომლებიც, ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე პროვოკაციული ქმედებების განხორციელებას გეგმავდნენ და ღიად გამოხატავდნენ საქართველოს ინტერესებისთვის საზიანო განწყობებს. "სანქციების გვერდის ავლის შესაძლო ფაქტების იდენტიფიცირების მიზნით, კონტროლზე იქნა აყვანილი საქართველოში დროებით მცხოვრები უცხო სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ ქვეყანაში იურიდიული პირების რეგისტრაციის ფაქტები. გარდა ამისა, მიღებული იქნა შესაბამისი ზომები სანქციებისათვის გვერდის ავლის მიზნით ქართული კომპანიების შესაძლო გამოყენების თავიდან ასაცილებლად. საანგარიშო წელს ასეთ საქმიანობაში ჩართული არცერთი ორგანიზაცია არ გამოვლენილა. 2022 წელს ასევე გამოვლინდა რამდენიმე უცხოელი, რომლებიც ცდილობდნენ გარკვეული კატეგორიის ინფორმაციის მოპოვებას საქართველოში მცხოვრები სხვა ქვეყნების მოქალაქეებისა და საქართველოს მოქალაქეების შესახებ, ეწეოდნენ სხვადასხვა ობიექტების, მათ შორის სტრატეგიული და რეჟიმული ობიექტების საეჭვო ფოტო და ვიდეო გადაღებებს. სამსახურმა საქართველოს ტერიტორიაზე მათი საქმიანობა შეზღუდა" – ნათქვამია ანგარიშში. სუს-ის საქმიანობის ამსახველი წლიური ანგარიში საქართველოს პარლამენტს აპრილში წარედგინა. დოკუმენტს 7 ივლისს თავდაცვისა და უსაფრთხოების, სამართლებრივ საკითხებზე და ადამიანის უფლებების დაცვის სამი საპარლამენტო კომიტეტი ერთობლივ სხდომაზე განიხილავს. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 2022 წლის ანგარიშით უახლოეს რიგგარეშე სხდომაზე წარსდგება.
Discussion about this post