2023 წლის 6 მაისს აფხაზეთის მეომართა კავშირის საინიციატივო ჯგუფის ინიციატივით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის უშუალო ჩრთულობით და მხარდაჭერით, ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის, მამია ალასანიას ბიუსტი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავრცელებს.
ბიუსტი მამია ალასანიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ე.წ. „ფრანგულ პარკში“ დაიდგა, სადაც განთავსებულია ეროვნული გმირების მერაბ კოსტავას და გენო ადამიას ბიუსტები, ასევე 1924 წლის აჯანყებულთა მემორიალი. ბიუსტის გახსნის ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, ალასანიას ოჯახის წევრები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შგახსენებთ, რომ მამია ალასანია 1943 წლის 6 მაისს, სოფელ ანაკლიაში დაიბადა. დაამთავრა ქალაქ ზუგდიდის №1 საშუალო სკოლა. მუშაობდა თბილისში უშიშროების კომიტეტის ცენტრალურ აპარატში, სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე.
მამია ალასანია 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს მოკლეს. იგი, სოხუმში, ჟიული შარტავასთან, სოხუმის მერთან, გურამ გაბესკირიასა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს შენობაში იმყოფებოდა.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, 2017 წლის ოქტომბერში, მამია ალასანიას ნეშტი, იდენტიფიცირებულ იქნა და დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაიკრძალა.
მამია ალასანიას საქართველოს უმაღლესი ჯილდო – ეროვნული გმირის წოდება 2018 წელს მიენიჭა.
Discussion about this post