მამუკა ბეროძე, დაიბადა 1965 წლის 1 იანვარს ქალაქ სოხუმში. სოხუმის მე-11 საშუალო სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სამშენებლო ინსტიტუტში განაგრძო, რომლის დასრულებისთანავე ჩაირიცხა ამავე სასწავლებლის ასპირანტურაში. მამუკა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის ერთერთი ოცეულის მეთაური იყო. ის, 1993 წლის 19 სექტემბერს აჩადარის მახლობლად მორიგი საბრძოლო იერიშის დროს დაიღუპა.საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის, მამუკა ბეროძე, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.როდესაც სიცოცხლით და სიყვარულით სავსე მამუკა, მორიგი შეტევიდან აღარ დაბრუნდა, აფორიაქებულმა „ჯარისკაცის მამამ“ ზურაბ ბეროძემ ფრონტს მიაშურა. ვეღარც ის დაბრუნდა…ზურაბ ბეროძე საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ასზე მეტი სამეცნიერო შრომისა და რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი იყო. მამულს ზურაბ და მამუკა ბეროძეების სიცოცხლე დასჭირდა მსხვერპლად.ჰეროდოტეს თქმისა არ იყოს, ომის ყველაზე დიდი დანაშაული ის არის, რომ ომში მამები მარხავენ შვილებს.
გმირების მარადისობა ქვეყნის წარსულში, აწმყოსა და მომავალშია!
Discussion about this post