2022 წელს საოკუპაციო ძალებმა ცხინვალის რეგიონში 44, ხოლო აფხაზეთში - 13 საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს, მათ შორის ერთი ჯაშუშობის ბრალდებით არის დაკავებული. 2022 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 69 შემთხვევა, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 9, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიშში, რომლის განხილვასაც საქართველოს პარლამენტი დღეს, 7 ივლისს დაიწყებს. უწყების ცნობით, დაფიქსირებულია ეთნიკური ქართველების "გასაუბრებაზე" გამოძახების, ასევე მათი დაშინებისა და შევიწროების შემთხვევები, რომლებსაც პერმანენტული სახე მიეცა. "საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს მათ ხელთ არსებული ყველა ფორმალური და არაფორმალური მექანიზმის გამოყენებას, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის კონცენტრაციას ენიჭება, რათა რაც შეიძლება მალე მიაღწიოს უკანონოდ დაკავებული პირების უპირობო გათავისუფლებას. ინციდენტების პრევენციის, მათი განმუხტვისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლის მიზნით, აქტიურად გამოიყენება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) შორის მოქმედი ცხელი ხაზი. საანგარიშო პერიოდში ეს მექანიზმი 339-ჯერ გააქტიურდა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით და 2 183-ჯერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით", – ნათქვამია ანგარიშში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრის 2022 წლის ანგარიშს საქართველოს პარლამენტში დღეს, 7 ივლისს, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სამართლებრივ საკითხებზე და ადამიანის უფლებების დაცვის სამი საპარლამენტო კომიტეტი ერთობლივ სხდომაზე განიხილავს
Discussion about this post