სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

ალექსანდრე (საშა) ცხვარაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

ალექსანდრე (საშა) ცხვარაძე დაიბადა 1963 წლის 26 მაისს სოხუმის რაიონის სოფელ ახალშენში. სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდისა და ტექნიკური განათლების მიღების შემდეგ მუშაობდა ახალშენის კოლმეურნეობაში  საწყობის გამგედ, მოგვიანებით სკოლაში – ფიზკულტურის მასწავლებლად. საქართველოში ეროვნული მოძრაობის დაწყებიდან იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის  წევრი. 1992 წლის აგვისტოში აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის III ასეულში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში შრომა-კომანი-ახალშენის მიმართულებით.

ყველაფრით გამორჩეული ვაჟკაცი თავს არ ზოგავდა საქართველოს ერთიანობის დასაცავად გაჩაღებულ ბრძოლებში. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1992 წლის ნოემბრისა და 1993 წლის მარტი-აპრილის შეტაკებებში, სოხუმჰესის დაცვისათვის წარმოებულ ოპერაციებში.

1993 წლის მაისში, როდესაც საშა თავის 5 თანამებრძოლთან ერთად მიემართებოდა შრომიდან სოხუმჰესის დასაცავად სოფელ  შუბარის გზაზე, მტრის ჩასაფრებულმა დივერსიულმა რაზმმა  ჩვენი  მებრძოლები ალყაში მოაქცია  და მოსთხოვა ტყვედ ჩაბარება.  საშამ, გახსნილი  ხელყუმბარით ხელში, უპასუხა მომხვდურებს: ,,ქართველები არ ვნებდებით!“. უთანასწორო ბრძოლაში ჩვენი ვაჟკაცები გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე.

საშა ცხვარაძე დაკრძალულია მშობლიურ ახალშენში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,  ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის საშა ცხვარაძე, სიკვდილის შემდეგ,  დაჯილდოვდა  ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

 

 

ალექსანდრე (საშა) ცხვარაძე

ალექსანდრე (საშა) ცხვარაძე დაიბადა 1963 წლის 26 მაისს სოხუმის რაიონის...

ბონდო სამსონის ძე ყურაშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

ბონდო სამსონის ძე ყურაშვილი დაიბადა 1951 წელს ქალაქ სენაკში 1972  წლიდან ცხოვრობდა ქალაქ სოხუმში. მუშაობდა სამშენებლო ობიექტზე.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის მე-2 („ბაგრატიონის“) ასეულის შემადგენლობაში. 1993 წლის 2 იანვრიდან, ბონდო ყურაშვილი დაინიშნა დივიზიონის საინჟინრო მესანგრეთა ოცეულის ათეულის მეთაურად. მონაწილეობდა ასეულის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში.

ბონდო ყურაშვილი დაიღუპა 1993 წლის 15 იანვარს ტამიშის მისადგომებთან.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ბონდო ყურაშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

 

ბონდო სამსონის ძე ყურაშვილი

ბონდო სამსონის ძე ყურაშვილი დაიბადა 1951 წელს ქალაქ სენაკში 1972 ...

კობა ქირია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

 

კობა ქირია დაიბადა 1966 წლის 2 მაისს სოხუმის რაიონის სოფელ იაშთხვაში.  სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ მუშაობდა ,,სოხუმხელსაწყო“-ში.

1992 წლის აგვისტოში, აფხაზეთში ომის დაწყების პირველივე დღიდან, კობა  ქირია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის I ასეულში – ოცმეთაურად. მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში – ცუგუროვკისა და იაშთხვის სიმაღლეების დასაცავად, გამოირჩეოდა სამხედრო საქმის უბადლო ცოდნით, სიმამაცითა და  პრინციპულობით.

კობა ქირიამ განსაკუთრებული თავდადება გამოიჩინა 1993 წლის 2-27 ივლისსა და 16-27 სექტემბერს სოხუმის დაცვისათვის გამართულ ბრძოლებში. 1993 წლის 16 სექტემბერს, სეპარატისტებმა კვლავ დაარღვიეს სამშვიდობო ხელშეკრულება, რუსეთის ჯარებმა, რომელთაც მორგებული ჰქონდათ ე. წ. ,,სამშვიდობო ძალების“ მანტია, შემოუტიეს საზავო ხელშეკრულებით განიარაღებულ ქალაქ სოხუმს და მის შემოგარენს, კობა ქირია შეუერთდა  იმ თავგანწირულ პატრიოტთა რაზმს, რომელიც  ფაქტობრივად შიშველი ხელებით ებრძოდა მტრის ძალებს, მშვიდობიანი მოსახლეობის – ქალების, ბავშვების, მოხუცების გადასარჩენად. ამ სისხლისმღვრელ ბრძოლებში კობამ თანამებრძოლებთან ერთად შეძლო შეეჩერებინა რუსეთის მიერ ორგანიზებული – გარეშე ძალებისა და კბილებამდე შეიარაღებული აფსუა სეპარატისტების შემოტევა სოხუმის ჩრდილოეთიდან, რამაც საშუალება მისცა სოფლების – თავისუფლების, იაშთხვის და ბირცხის მოსახლეობას გახიზნულიყვნენ.   19 სექტემბერს, კობამ თანამებრძოლებთან ერთად სოფელ თავისუფლებაში მტრის ტექნიკა გაანადგურა, რამაც იმ დღეებში საშუალება მისცა ჩვენს  საჯარისო ნაწილებს შეენარჩუნებინათ სოხუმის მისადგომები. 27  სექტემბრამდე ლომგული ვაჟკაცი გააფთრებით იბრძოდა სოხუმის გადასარჩენად…

სოხუმის დაცემის შემდეგ კობა ქირიამ განაგრძო საბრძოლო გზა. იგი მსახურობდა აფხაზეთის სპეცდანიშნულების რაზმ ,,დელტა“-ში, იმ იმედით რომ დაიბრუნებდა მის მშობლიურ სოხუმს, იაშტუხას.

1998 წლის  მაისის მოვლენების დროს, როდესაც კვლავ განახლდა საომარი მოქმედებები აფხაზეთში, კერძოდ, გალის რაიონში – გმირი ვაჟკაცი ისევ  ჩაება ბრძოლაში. 22 მაისს კობა ქირია გმირულად დაიღუპა სათანჯოს მთის სიმაღლისათვის ბრძოლაში. ცუგუროვკიდან სათანჯომდე მისი ჯარისკაცული ცხოვრება მოიცავდა მრავალ გმირულ ეპიზოდს, რომელიც დარჩება საქართველოს მამულიშვილთა სისხლით დაწერილი ისტორიის ფურცლებზე.

კობა ქირია დაკრძალულია ქალაქ თბილისში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით  სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის კობა ქირია, დაჯილდოვდა მედლით ,,მხედრული მამაცობისათვის“, სიკვდილის შემდეგ კი,  ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

 

 

კობა ქირია

  კობა ქირია დაიბადა 1966 წლის 2 მაისს სოხუმის რაიონის...

დემურ ძიკას ძე ქარდავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

დემურ ძიკას ძე ქარდავა დაიბადა 1955 წლის 15 თებერვალს სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში. მუშაობდა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის ერთ-ერთ საამქროში. 90-იანი წლებიდან ჩაბმული იყო ეროვნულ მოძრაობაში. სამოქალაქო დაპირისპირების დროს იდგა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გვედით.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, დემურ ქარდავა 1992 წლის ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის პირად შემადგენლობაში. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატრებულ საბრძოლო ოპერაციებში – შრომა-ცუგუროვკის მიმართულებით. ასრულებდა მეტად რთულ და საპასუხისმგებლო დავალებებს. თანამებრძოლებს შორის  ნდობით და ავტორიტეტით სარგებლობდა. საბრძოლო იარაღების  უბადლო მცოდნეს შეეძლო ყველანაირი მოძრავი ტექნიკისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეკეთება,  დაინტერესებული იყო საბრძოლო ტექნიკის კონსტრუქციებითაც. ომის დროს შეიმუშავა НУРС ტიპის ყუმბარის ხელით სასროლი მილი ელექტრო გამშვებით. УАЗ-ის ძარაზე  დაამონტაჟა საზენიტო ტყვიამფრქვევი. რომ არა ეს ომი, მისგან  საბრძოლო ტექნიკის უბადლო სპეციალისტი დადგებოდა.

1993 წლის ივლისში, როცა სეპარატისტები და მათი დაქირავებული ჯარები ქალაქ სოხუმს მოადგნენ, აიღეს სოფელი შრომა, შემოუტიეს ცუგუროვკის სიმაღლეებს, რიგითი დემურ ქარდავა თავდადებით ეკვეთა მტრის ჭარბ ძალებს, გაანადგურა არაერთი „ბოევიკი“ და საკუთარი სიცოცხლის ფასად რამდენიმე თანამებრძოლი გადაარჩინა.

დემურ ქარდავა გმირულად დაიღუპა 1993 წლის 17 ივლისს.

დემურ ქარდავას დარჩა მეუღლე და ვაჟი.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის დემურ ქარდავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

 

დემურ ძიკას ძე ქარდავა

დემურ ძიკას ძე ქარდავა დაიბადა 1955 წლის 15 თებერვალს სოხუმის...

ომარ სერგოს ძე ფანჩვიძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

ომარ სერგოს ძე ფანჩვიძე დაიბადა 1958 წელს სოხუმის რაიონის სოფელ ბირცხაში.

რიგითი ომარ ფანჩვიძე აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის პირველი ასეულის  მე-2 ოცეულის  პირველი ათეულის მეთაური იყო. აქტიურად მონაწილეობდა ასეულის მიერ წარმოებულ საომარ მოქმედებებში ცუგუროვკა-იაშტუხის მიმართულებით.

1993 წლის 7 ივლისს, როდესაც აფსუა სეპარატისტები და მათი დაქირავებული ჯარები მოადგნენ იაშტუხის მთის სიმაღლეს, რიგითი ომარ ფანჩვიძე თანამებრძოლებთან ერთად მოხვდა ალყაში – პირველ საგუშაგოსთან. უშიშარმა მეომარმა თავი არ დაზოგა – ყუმბარითა და ავტომატით ხელში ეკვეთა მტრის ჭარბ ძალებს,  ალყა გაარღვია და თავისი ათეულის მებრძოლები გადაარჩინა. თვითონ კი, მტრის  ტყვიით განგმირული გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.

ომარ სერგოს ძე ფანჩვიძე დაკრძალულია სოხუმის რაიონის სოფელ ბირცხაში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ომარ ფანჩვიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“.

ომარ სერგოს ძე ფანჩვიძე

ომარ სერგოს ძე ფანჩვიძე დაიბადა 1958 წელს სოხუმის რაიონის სოფელ...

ანზორ სუბელიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

ანზორ სუბელიანი დაიბადა 1940 წლის 8 მარტს მესტიის რაიონის სოფელ ეცერში. 1949 წელს ოჯახი  საცხოვრებლად გადავიდა სოფელ კომანში. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაწყებისთანავე, ანზორ სუბელიანმა, როგორც ყველა კომანელმა ხელში იარაღი აიღო, რათა დაეცვა თავისი სოფელი და მშობლიური კუთხე. კომანში თითქმის ყველას ჰქონდა სანადირო იარაღი. პირველ ხანებში კომანელეთა შეიარაღება ამ სანადირო თოფებისგან შედგებოდა. ანზორ სუბელიანი პირველ საგუშაგოზე მორიგეობდა. იმ დღეს (1993 წლის 5 ივლისი) ქალაქში აპირებდა წასვლას, საგუშაგოდან სულ ახალი გასული იყო, როცა მტერი კომანს თავს დაესხა. ანზორი ძმის სახლში იმყოფებოდა, მარტოს მოუწია  მტერთან შებრძოლება, შეეძლო გასულიყო და შტაბში მყოფ თანამებრძოლებს შეერთებოდა, მაგრამ ადგილმდებარეობა არ შეუცვლია, სანამ ტყვია-წამალი ეყო სროლა არ შეუჩერებია.

საქართველოს  პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ანზორ სუბელიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

 

ანზორ სუბელიანი

ანზორ სუბელიანი დაიბადა 1940 წლის 8 მარტს მესტიის რაიონის სოფელ...

თემურ სალნთხუციშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

თემური სალნთხუციშვილი თბილისელი იყო, 1993 წლის ივლისის ბრძოლების დროს  სოხუმში  მოხალისედ ჩავიდა და  საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის  პირველ ასეულს შეუერთდა. იბრძოდა ცუგუროვკისა და ზეგანის სიმაღლეებზე. სექტემბრის ბრძოლებისას, სოხუმის დაცემის წინ, იცავდა  ქალაქის შემოსასვლელს ჩრდილოეთიდან – ბირცხისა და იაშთხვის მთებს შორის სოფელ თავისუფლებასთან. ასეულის უკან დახევის უზრუნველსაყოფად თემურ სალნთხუციშვილი  მცირერიცხოვან რაზმთან ერთად დარჩა ბირცხასა და იაშთხვას მთებს შორის  სანგრებში, მტრის მორიგი შემოტევების მოსაგერიებლად.  რამდენიმესაათიანი ბრძოლის შემდეგ მტრის ტანკებმა პოზიციები გაარღვიეს, მაგრამ ამ თავგანწირვამ დრო მოაგებინა ასეულის მებრძოლებს – სოფელ თავისუფლების  მოსახლეობა  სოფლიდან გაეყვანა და ახალი პოზიციები გაემაგრებინა. მოწინააღმდეგის ტანკები გაანადგურეს, შეტევა უკუაგდეს, რამაც რამდენიმე დღე მისცა ქალაქ სოხუმს ევაკუაციისათვის.

თემურ სალნთხუციშვილი  უგზო-უკვლოდ დაიკარგა. სავარაუდოდ დაიღუპა, რადგან  შუამავლების  მეშვეობით  ხანგრძლივმა ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო.

თემურ სალნთხუციშვილი

თემური სალნთხუციშვილი თბილისელი იყო, 1993 წლის ივლისის ბრძოლების დროს  სოხუმში ...

ზაზა დავითის ძე პაკელიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

ზაზა პაკელიანი დაიბადა 1955 წლის 12 ოქტომბერს  ქალაქ სოხუმში. 1973 წელს დაამთავრა შრომის ე.ნინოშვილის სახელობის საშუალო სკოლა. 1973-1975 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში – ჩეხოსლოვაკიაში. დაამთავრა მოსკოვის სამთო-გეოლოგიის ინსტიტუტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა კომანში – მარმარილოს გადამამუშავებელი კარიერის სამმართველოში უბნის უფროსად,  მთავარ ინჟინრად, 1990-92 წლებში კი ქალაქ სოხუმის სამგზავრო ავტოკოლონაში.

ზაზა ოჯახთან  ერთად  სოხუმში ცხოვრობდა – ჭავჭავაძის ქუჩაზე, მაგრამ ხშირად იყო დედასთან კომანში…1992 წელს, როდესაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტი დაიწყო, კომანის ახალგაზრდა მოსახლეობამ ზაზა პაკელიანის ხელმძღვანელობით ასეული შექმნა. ომი უფრო და უფრო გამძაფრდა, ზაზა თავისი გავლენით და ნაცნობობით ახერხებდა ასეულის შეიარაღების გაზრდას და გაძლიერებას. კომანის ასეულს თავიდან მე-3 ბატალიონის მზვერავთა ასეული ერქვა, შემდეგ ტანკსაწინააღმდეგო. 1992 წლის ნოემბერში კი ჩამოყალიბდა 23-ე ბრიგადა და კომანის ასეული ამ ბრიგადის მე-8 ბატალიონის მე-3 ასეულად გარდაიქმნა.

1992 წლის ბოლოს, გენერალ კამკამიძის მეთაურობით, ზაზა პაკელიანი გადაიყვანეს ბრიგადის საინჟინრო ბატალიონის მეთაურად. სოხუმის პოზიციებზე საბრძოლო თავდაცვითი ე.წ. „ბლინდაჟები“ – სანგარ-საცავები ზაზა პაკელიანის ხელმძღვანელობით იყო გაკეთებული. კომანის ასეული საყვარელი მეთაურის გვერდით არყოფნას განიცდიდა და ვერ ეგუებოდა, მეთაურიც ვერ ძლებდა მათ გარეშე. რამდენიმე თვის შემდეგ ზაზა თავის ძმებს დაუბრუნდა, უკვე მაიორის წოდებით. ამ ასეულს არაერთხელ მოუგერიებია მტრის მიერ განხორციელებული შემოტევები და დივერსიული თავდასხმები. ასეთ გამარჯვებებს მიჩვეული ასეული მიუხედავად იმისა, რომ პოზიციები არ უვარგოდათ და მტერი ყოველთვის ზევიდან დაჰყურებდა, 1993 წლის 5 ივლისის შემოტევასაც არ შეუშინდა  და ვაჟკაცურად დახვდნენ მომხდურს. მაშტაბური შემოტევის შესახებ ერთი დღით ადრე იცოდნენ, მაგრამ ცენტრალური შტაბიდან დახმარებაზე უარი უთხრეს, კომანი არასტრატეგიული წერტილიაო…. ბიჭებმა იცოდნენ არათანაბარი იქნებოდა ძალები, მაგრამ უკან დახევა არც უფიქრიათ – ან სიკვდილი, ან გამარჯვება… გამთენიისას სოფელს დააცხრა გენერალ ლებედის კბილებამდე შეიარაღებული საშტურმო-სადესანტო ბატალიონი, შუადღემდე გაუძლო შემოტევას ორმოცკაციანმა ჯგუფმა… ბრძოლამ ასეულის შტაბის დერეფნებში გადაინაცვლა… ზაზა ცენტრალურ შტაბს უკავშირდება და ბოლო კოორდინატებს აძლევს: დაგვბომბეთ, სხვა გზა არ არის, ჩვენი შტაბის კოორდინატები იცით, დაგვარტყით!!!

 

ამ დღეს კომანი დაეცა, კომანთან ერთად ასეულის მეთაური ზაზა პაკელიანი და მისი ერთგული თანამებრძოლების  უმრავლესობა!

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ზაზა პაკელიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის  I ხარისხის ორდენით.

 

ზაზა დავითის ძე პაკელიანი

ზაზა პაკელიანი დაიბადა 1955 წლის 12 ოქტომბერს  ქალაქ სოხუმში. 1973...

მერი ლაზარეს ასული პაკელიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

მერი პაკელიანი დაიბადა 1954 წლის 12 ივნისს, ქალაქ სოხუმში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო სოხუმის სამედიცინო ტექნიკუმში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო კომანში არსებულ მოხუცებულთა და ინვალიდთა პანსიონატში მედდად.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე მერი გვერდით დაუდგა თანასოფლელებს. ასეულის მებრძოლებს ეხმარებოდა და საჭიროების შემთხვევაში პირველად სამედიცინო დახმარებას უწევდა.
მერი პაკელიანს ორი პატარა შვილი – დავითი და დიმიტრი ნათესავებთან ჰყავდა დატოვებული, შვილებს ჩააკითხავდა, მოინახულებდა და ისევ კომანში ბრუნდებოდა. მის ასეულში სხვა თანასოფლელებთან ერთად მისი მეუღლე ალექსანდრე გამსახურდიაც იბრძოდა.
1993 წლის 5 ივლისს,  კომანზე განხორციელდა ფართომასშტაბიანი შემოტევა, გენერალ ლებედის საშტურმო-სადესანტო ბატალიონის მიერ, რომელსაც მხოლოდ  ორმოცკაციანი ჯგუფი უწევდა წინააღმდეგობას.  მერი პაკელიანი თანამებრძოლებთან პირველ საგუშაგოზე იმყოფებოდა, აქვე იყო მისი მეუღლეც. მერი თანამებრძოლებს მჭიდებს უტენიდა, ამარაგებდა. როდესაც მტერი მოუახლოვდათ, მერის უბრძანეს იქაურობას გაცლოდა და თავი ეკლესიისათვის შეეფარებინა. გასვლის წინ კიდევ ერთხელ შეამოწმა იარაღი, ბიჭებს შესძახა – აბა თქვენ იცითო… და სროლით გასწია ეკლესიისაკენ. მეუღლემ თვალი გააყოლა და დაინახა,  ეკლესიის ეზოს შესასვლელში როგორ წაბორძიკდა, შემდეგ აღარაფერი უნახავს,  ყველაფერს ეკლესიის კედელი ფარავდა. თუმცა სროლების და აფეთქების ხმები არავის გამოპარვია…
ერთი თვის შემდეგ კომანელი გმირების გამოსვენების დროს, იქ მყოფი აფხაზებისგან შეიტყვეს, რომ ამ დაჭრილმა ქალმა, სიკვდილის წინ, ხელყუმბარა გახსნა და მტერთაგან ოთხი ბოევიკი შეიწირა!

საქართველოს  პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი თავგანწირვისათვის მერი პაკელიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

 

 

 

მერი ლაზარეს ასული პაკელიანი

მერი პაკელიანი დაიბადა 1954 წლის 12 ივნისს, ქალაქ სოხუმში. საშუალო...

საშა ნანავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

საშა ნანავა დაიბადა 1971 წლის 12 აგვისტოს სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში. ახალგაზრდა ვაჟკაცი ეროვნულ მოძრაობაში  ჩაერთო, ქვეყნის დამოუკიდებლობაზე ოცნებობდა. ამ პერიოდში დაოჯახდა. ჰყავდა მეუღლე და ქალიშვილი.

1992 წელს აფხაზეთში  საომარი მოქმედებები დაიწყო და საშა უყოყმანოდ გაეშურა მამულის სადარაჯოზე. მსახურობდა  საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის პირველ ასეულში, მონაწილეობდა ოცეულის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში – ცუგუროვკის სიმაღლის დასაცავად. პირნათლად ასრულებდა მეთაურის ყველა საბრძოლო დავალებას.

1992 წლის 3 ნოემბერს სოფელ შრომაზე წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ რუსეთის გენ-შტაბში მუშავდებოდა  ქალაქ სოხუმის სტრატეგიული სიმაღლეების დაკავების გეგმა. დეკემბერში მტერმა რამდენჯერმე განახორციელა დაზვერვა, რათა შეესწავლათ ჩვენი პოზიციები მომავალი შტურმისთვის. ამ ბრძოლებში მტერი მოგერიებულ და განადგურებულ იქნა. 20 დეკემბერს, ღამით, ერთ-ერთი შეტაკების დროს საშამ აღმოაჩინა მტრის დესანტი,  ცეცხლი გაუხსნა და  თანამებრძოლებს აცნობა საფრთხის შესახებ, თავად კი  ბრძოლის ველზე დაეცა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  საშა ნანავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

 

საშა ნანავა

საშა ნანავა დაიბადა 1971 წლის 12 აგვისტოს სოხუმის რაიონის სოფელ...

ბადრი ელიზბარის ძე მუშკუდიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

ბადრი მუშკუდიანი დაიბადა 1962 წლის 16 აგვისტოს. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ბადრი მუშკუდიანი  საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის მე-2 („ბაგრატიონის“) ასეულის მეთაური იყო.( სწორედ ის იყო ერთ-ერთი ინიციატორი სახალხო ლაშქარ „ბატალიონის“  შექმნის და მისი პირველი მეთაური. (აღნიშნული ლაშქარი მოგვიანებით შევიდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-8  ბატალიონის შემადგენლობაში).

ბადრი მუშკუდიანმა თავი გამოიჩინა, როგორც დისციპლინირებულმა, ორგანიზებულმა სამხედრო მოსამსახურემ,  აქტიურად მონაწილეობდა სოხუმსა და ოჩამჩირეში მიმდინარე საომარ  ოპერაციებში.

ბადრი მუშკუდიანი გმირულად დაიღუპა 1993 წლის 16 იანვარს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კვიტოულთან მიმდინარე საომარი მოქმედების დროს.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ბადრი მუშკუდიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

 

ბადრი ელიზბარის ძე მუშკუდიანი

ბადრი მუშკუდიანი დაიბადა 1962 წლის 16 აგვისტოს. აფხაზეთში მიმდინარე საომარი...

მინდია (ბაჩუკი) მიქელაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

 

მინდია (ბაჩუკი) მიქელაძე 1974 წლის 16 ივლისს ქალაქ სოხუმში დაიბადა. 1992 წელს – სკოლის დამთავრების შემდეგ  სოხუმის უნივერსიტეტში ჩააბარა.
1992 წელი, 14 აგვისტო… ომი დაიწყო… მომავალზე მეოცნებე ბიჭი სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა. უყოყმანოდ ჩაირიცხა  საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონში რიგით მებრძოლად.

ლამაზი, გულისხმიერი, კეთილი, სამართლიანი, გამბედაობითა და სიმამაცით ბავშვობიდანვე გამორჩეული ჭაბუკი სამშობლოს თავისუფლებასა და ბედნიერებაზე ოცნებობდა.

მინდია (ბაჩუკი) მიქელაძე  1993 წლის 18 სექტემბერს გმირულად დაიღუპა. ოჯახმა დატირებაც ვერ მოახერხა. დედა – ქალბატონი კლარა იხსენებს: „ბაჩუკი (ასე ვეძახდით მინდიას) ღამით, ჩუმად დავასაფლავეთ საგვარეულო სასაფლაოზე, სანთელიც კი ვერ დავუნთე, გორაკიდან აფხაზები გვითვალთვალებდნენ… მას შემდეგ შვილის საფლავი არც მინახავს…“

 

მინდია (ბაჩუკი) მიქელაძე

  მინდია (ბაჩუკი) მიქელაძე 1974 წლის 16 ივლისს ქალაქ სოხუმში...

შოთა ისიდორეს ძე მაისურაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

შოთა ისიდორეს ძე მაისურაძე დაიბადა 1932 წლის 13 დეკემბერს ონის რაიონის სოფელ წედისში. დაამთავრა ოდიშის საშუალო სკოლა. ომამდე მუშაობდა  ავტოკოლონაში.

შოთა მაისურაძე 1992 წლის 18 აგვისტოდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული  ბრიგადის  მე-8   ბატალიონში მსროლელად. ზ/რიგითი შოთა მაისურაძე მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში ბესლეთის, ოდიშის მიმართულებით.

1993 წლის 20 ივლისს შოთა მაისურაძე გმირულად დაიღუპა სოფელ ოდიშშთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს.

შოთა ისიდორეს ძე მაისურაძე

შოთა ისიდორეს ძე მაისურაძე დაიბადა 1932 წლის 13 დეკემბერს ონის...

ლაშა ლაშხია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

ლაშა ლახშია დაიბადა 1974 წლის 11 მარტს ქალაქ სოხუმში. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული ნიჭით, ოთხი წლის ასაკში ხსნიდა მათემატიკურ თავსატეხებს, იცოდა უამრავი ლექსი, კითხულობდა ქართულ და რუსულ ენებზე.

1980 წელს შევიდა ქალაქ სოხუმის მე-16 საშუალო სკოლაში. 1986 წელს თბილისის 25-ე სკოლაში, მე-7 კლასის მოსწავლეებისათვის, განსაკუთრებული ნიჭის ბავშვების გამოსავლენად ტარდებოდა გამოცდები მათემატიკაში. ლაშამ ბრწყინვალედ ჩააბარა გამოცდები და ჩაირიცხა, მიუხედავად ამისა სწავლა კვლავ საყვარელი ქალაქის  მე-16 საშუალო სკოლაში გააგრძელა, რომელიც ოქროს მედალზე დაამთავრა 1990 წელს. იმავე წელს ლაშა ერთი გამოცდით (მათემატიკა) ჩაირიცხა სუბტროპიკული ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე.

1992 წლის 14 აგვისტოს, როცა ომი დაიწყო, ლაშა მეზობლებთან ერთად ქუჩის დასაცავად დადგა. შემდეგ გახდა 23-ე ბრიგადის საჰაერო თავდაცვის მეომარი. ლაშას 19 წელი ნაწილში შეუსრულდა, სამხედრო ფორმამ ჯერ კიდევ პირტიტველა ბიჭი, დაავაჟკაცა. იყო N801 შილკის ოპერატორი.

1993 წლის 16 სექტემბერს ლაშა ლაშხია შეუერთდა მე-8 ბატალიონის პირველი ასეულის მეომრებს,  სოფელ თავისუფლების საომარ ხაზზე გაიქცა, გოჩა კვანტალიანთან და დავით ეფაძესთან ერთად, ბიჭებს იარაღიც არ ჰქონდათ. ეს საომარი გზა მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან.

ლაშა  დედისერთაა იყო. დედამისი დღემდე ეკლესიაში ლაშასთვის ორ სანთელს ანთებს – ჯანმრთელობაზე და მოსაგონარზე.

დედის წერილიდან: „მე არ ვიცი, რომელი დედაა უფრო დამშვიდებული, რომელმაც შვილის საფლავი იცის თუ ისეთი დედა, რომელიც იმედითაა, რომ შვილი ცოცხალი დაუბრუნდება. ესეც უფლის ნებაა“.

 

 

ლაშა ლაშხია

ლაშა ლახშია დაიბადა 1974 წლის 11 მარტს ქალაქ სოხუმში. ბავშვობიდანვე...

აკაკი (კაკო) სამსონის ძე კურტანიძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

კაკო კურტანიძე დაიბადა 1934 წლის 3 აპრილს ბორჯომის რაიონის სოფელ საკირეში. 1958 წლიდან – ოჯახის შექმნის შემდეგ ცხოვრობდა სოხუმის რაიონის სოფელ თავისუფლებაში. მუშაობდა სამშენებლო კოოპერატივის თავმჯდომარედ.

1992 წლის აგვისტოში, აფხაზეთში ომის დაწყების პირველივე დღიდან  ჩაეწერა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში.  იყო საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის I ასეულის შემქმნელი და ასეულის პირველი მეთაური, შემდეგ ბატალიონის მეთაურის მოადგილე.

კაკო კურტანიძემ თავი გამოიჩინა როგორც სამშობლოს ერთგულმა და თავდადებულმა პატრიოტმა. 60 წლის ვაჟკაცს მებრძოლები ,,მთის ვეფხვს“ ეძახდნენ. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა  საბრძოლო ოპერაციაში შრომა-ცუგუროვკის მიმართულებით.

კაკო კურტანიძის უნარიანი ხელმძღვანელობით ბატალიონმა მოიგერია მტრის არაერთი შემოტევა. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1993 წლის 2-27 ივლისის შემოტევების დროს, როცა რუსეთის გენშტაბში დაიგეგმა სოხუმის აღების ოპერაცია ქალაქის ჩრდილოეთიდან შრომა-ცუგურუვკის სიმაღლეების მიმართულებით. სისხლისმღვრელ ბრძოლებში კაკო კურტანიძის მეთაურობით მოგერიებულ იქნა სომხების ,,ბაგრამიანის“, ჩეჩნების ,,ბასაევის“ და რუსეთის ,,ფსკოვის დივიზიის“ ბატალიონების შემოტევები, რის გამოც მტერმა განიცადა დიდი დანაკლისი და უკან დაიხია. მიმდინარე ბრძოლების დროს, 9 ივლისს კაკო კურტანიძე გმირულად დაიღუპა ცუგუროვკის სიმაღლეზე.

აკაკი კურტანიძე სიცოცხლეში დაჯილდოებული იყო  ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, ხოლო სიკვდილის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  აკაკი კურტანიძე დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის  I ხარისხის ორდენით.

აკაკი კურტანიძე დაკრძალულია სოფელ თავისუფლებაში.

აკაკი (კაკო) სამსონის ძე კურტანიძე

კაკო კურტანიძე დაიბადა 1934 წლის 3 აპრილს ბორჯომის რაიონის სოფელ...

error: Content is protected !!