სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

მურმან სერგოს ძე კოპალიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

მურმან სერგოს ძე კოპალიანი დაიბადა 1960 წელს სოხუმის რაიონის სოფელ თავისუფლებაში. დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მურმან კოპალიანი, 1993 წლის  1 მარტიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის პირველ ასეულში.

მურმან კოპალიანი პირნათლად ასრულებდა მეთაურის ყველა საბრძოლო დავალებას. მონაწილეობდა შრომა-თავისუფლების მიმართულებით მიმდინარე ოპერაციებში.

1993 წლის 27 სექტემბერს მოხალისე მურმან კოპალიანი, სოფელ თავისუფლებაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, უგზო-უკვლოდ  დაიკარგა.

 

მურმან სერგოს ძე კოპალიანი

მურმან სერგოს ძე კოპალიანი დაიბადა 1960 წელს სოხუმის რაიონის სოფელ...

ელგუჯა შაქროს ძე კოპალიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

ელგუჯა შაქროს ძე კოპალიანი დაიბადა 1964 წლის 11 ნოემბერს სოხუმის რაიონის სოფელ თავისუფლებაში. სავალდებულო-სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ მუშაობდა ქარხანა ,,სოხუმხელსაწყოში“.

1992 წლის აგვისტოში ელგუჯა კოპალიანი ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის I ასეულში. მონაწილეობდა ასეულის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში ცუგურუვკისა და იაშთხვის  სიმაღლეების დასაცავად.

ელგუჯამ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1993 წლის 2-27 ივლისს ცუგუროვკაში მიმდინარე ბრძოლების დროს. ელგუჯასდარი მებრძოლების სიმამაცემ და თავგანწირვამ არ მისცა მტრის ჭარბ ძალებს დაეკავებინათ სტრატეგიული მნიშვნელობის სიმაღლეები სოხუმის მისადგომებთან.

13 ივლისს ბიძის – ბრძოლაში დაღუპული კაკო კურტანიძის დაკრძალვის შემდეგ, ელგუჯა თანამებრძოლთა დასახმარებლად პოზიციებისკენ მიიჩქაროდა, როდესაც  სასტიკ საარტილერიო დაბომბვაში მოხვდა, ჭურვის აფეთქების შედეგად მიღებული ჭრილობებით ქართველი ვაჟკაცი დაიღუპა.

ელგუჯა სიცოცხლეშივე იყო დაჯილდოებული  არაერთი სიგელითა და საბრძოლო მედლით.

ელგუჯა კოპალიანი დაკრძალულია სოფელ თავისუფლებაში გმირი ბიძის – კაკო კურტანიძის გვერდით.

ელგუჯა კოპალიანს დარჩა მეუღლე და ქალიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  ელგუჯა კოპალიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

წარადგენილია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენზე.

 

ელგუჯა შაქროს ძე კოპალიანი

ელგუჯა შაქროს ძე კოპალიანი დაიბადა 1964 წლის 11 ნოემბერს სოხუმის...

ნუგზარ ნიკოლოზის ძე კოპალიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

უფროსი ლეიტენანტი  ნუგზარ ნიკოლოზის ძე კოპალიანი დაიბადა 1960 წლის 22 ოქტომბერს, გულრიფშის  რაიონის სოფელ ყადაში. დაამთავრა ბესლეთის საშუალო სკოლა. სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ მიიღო  განათლება სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. მუშაობდა სოხუმის  შემოვლითი გზის  მშენებლობაზე – სამთო-აფეთქებით სამუშაოებზე.

1992 წლის ოქტომბრიდან, ნუგზარ კოპალიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის კავშირგაბმულობის ბატალიონში, (შემდგომ გარდაიქმნა მე-8 ბატალიონად). იყო მე-4 ასეულის მე-3 ოცეულის მეთაური.  ებარა ასეულის ნაღმტყორცნთა ბატარეა. იბრძოდა მდინარე გუმისთის პოზიციებზე, სოფელ შრომაში და  ცუგუროვკის მაღლობზე,  დაჭრილსაც  არ მიუტოვებია პოზიციები. თავის საბრძოლო საქამიანობიდან გამომდინარე, ნაღმის გაშვების გათვლის საოცარი სიზუსტის, აკურატულად საქმის ბოლომდე მიყვანისა  და ამავე დროს ტყის მოხდენილ  ფრინველთან უცნაური მსგავსების გამო მეომრებმა ზედმეტსახელად „კოდალა“ შეარქვეს, მოწინააღმდეგეც კი ამ სახელით მიმართავდა რაციით მოლაპარაკების დროს.

1993 წლის სექტემბერში, სოხუმზე განხორციელებული  მორიგი თავდასხმის პირველ დღეს, ბირცხის მთაზე შემოღწეული მტრის განსადევნად, სოფელ ბესლეთის მკვიდრთა  პირველი ჯგუფის წარუმატებლობის შემდეგ,  მან ხელმეორედ შეკრიბა რაზმი სოფლის  მოხალისეებისაგან. დაგეგმა ოპერაცია ძველი პოზიციების აღსადგენად და 120 მმ ნაღმტყორცნებით  სოხუმის შემოვლითი გზის  ჩრდილოეთიდან ჩასაკეტად. ეს ოპერაცია დაგვიანებული აღმოჩნდა – მტერმა ბირცხა დაიკავა. პოზიციებამდე არმისულ რაზმს  ჩასაფრებული მოწინააღმდეგე თავს  დაესხა და 20 სექტემბერს ნუგზარ კოპალიანი უთანასწორო ბრძოლაში  დაიღუპა. მადლიერმა მეომრებმა, ბრძოლის ველზე არ დატოვეს უფროსი მეგობარი და მისი ცხედარი  ღამით ჩამოიტანეს  მთიდან.

ნუგზარ კოპალიანი დაკრძალულია სოფელ ბესლეთში, საკუთარ ეზოში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  ნუგზარ კოპალიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

 

 

ნუგზარ ნიკოლოზის ძე კოპალიანი

უფროსი ლეიტენანტი  ნუგზარ ნიკოლოზის ძე კოპალიანი დაიბადა 1960 წლის 22...

ეგნატე ემუზას ძე კვიციანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

 

ეგნატე    ემუზას ძე  კვიციანი დაიბადა  1933 წლის 14  მაისს მესტიის რაიონის სოფელ ბეჩოში, აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა.  1960 წელს  საცხოვრებლად გადავიდა სოფელ კომანში. მუშაობდა კომანის ინვალიდთა სახლში. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ოთხ ვაჟთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა რიგებში ჩადგა. 1993 წლის 1 ივნისიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის 111-ე  ასეულში. ეგნატე კვიციანი აქტიურად   მონაწილეობდა შრომა-კომანის მიმართულებით წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში.  განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1993 წლის ივლისის თვეში  მიმდინარე ერთ-ერთი საბრძოლო  მოქმედების დროს,  თანამებრძოლებთან ერთად  თავგანწირვით ეკვეთა მტრის მრავალრიცხოვან ძალებს,   ეს შეტაკება მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, გულადი მეომარი   1993 წლის 5 ივლისს  გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.

ეგნატე კვიციანი დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ ფშაფში, ძმათა სასაფლაოზე.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  ეგნატე კვიციანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

 

ეგნატე ემუზას ძე კვიციანი

  ეგნატე    ემუზას ძე  კვიციანი დაიბადა  1933 წლის 14  მაისს...

შოთა კვანჭიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

შოთა კვანჭიანი დაიბადა 1947 წლის 13 დეკემბერს მესტიის რაიონში. სოფელ შრომის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ფოსტაში.

აფხაზეთში ომის დაწყების პირველივე დღიდან შოთა ჩადგა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა რიგებში. 1992 წლის 23 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის მესამე ასეულში.

შოთა კვანჭიანი აქტიურად მონაწილეობდა ასეულის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში.

1993 წლის 5 ივლისს, როცა მტერმა მთელი ძალით შემოუტია შრომას, კომანს, ახალშენის მისადგომებს, უთანასწორო ბრძოლაში გმირულად  დაიღუპა სამშობლოსათვის თავდადებული ვაჟკაცი.

შოთა კვანჭიანს დარჩა  დედა, მეუღლე და ოთხი შვილი.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  შოთა კვანჭიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

 

შოთა კვანჭიანი

შოთა კვანჭიანი დაიბადა 1947 წლის 13 დეკემბერს მესტიის რაიონში. სოფელ...

გოჩა კვანტალიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

გოჩა კვანტალიანი  დაიბადა 1971 წლის 31 აგვისტოს, ქალაქ სოხუმში.   დაამთავრა  სოხუმის მე-7 საშუალო სკოლა. სწავლობდა  სოხუმის უნივერსიტეტის  ისტორიის ფაკულტეტზე.

1992 წლის 1 ნოემბრიდან გოჩა კვანტალიანი მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 ბატალიონში, შემდეგ მე-8 ბატალიონის პირველ ასეულში რიგით მეომრად.

21 წლის ვაჟკაცმა  თავიდანვე შეაყვარა თავი, როგორც მეთაურებს, ასევე თანამებრძოლებს.  განსაკუთრებული თვისებებით გამორჩეულმა ბიჭმა ყველას პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა.

გოჩა კვანტალიანი აქტიურად მონაწილეობდა ასეულის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში შრომა-ცუგუროვკის მიმართულებით, პირნათლად ასრულებდა  საბრძოლო დავალებებს.

1993 წლის სექტემბერში, როცა  სოხუმში მოჩვენებითი მშვიდობა დამყარდა და ქალებითა და ბავშვებით აივსო ქალაქი, როცა ახალგაზრდები  სასწავლო წლის დაწყებისათვის ემზადებოდნენ, გოჩას ფორმა არ გაუხდია. მოუსვენრად იყო, თითქოს რაღაც საშინელების მოახლოებას გრძნობდა.

1993 წლის 16 სექტემბერს, გამთენიისას, იგი შტაბში მორიგეობდა, როდესაც მტერმა კვლავ დაარღვია ხელშეკრულება და ვერაგულად დაესხა თავს მშვიდობიან უიარაღო მოსახლეობას. გოჩა თავისი განუშორებელი ტყვიამფრქვევით ერთ-ერთი პირველი ეკვეთა მომხდურთ და თავისი თავგანწირვით სოფლების – თავისუფლების, იაშტუხის, ბირცხის –ასეულობით უმწეოდ დარჩენილი ქალის, ბავშვისა და მოხუცის სიცოცხლე იხსნა.

17 სექტემბერს, როდესაც ყოველი მხრიდან, ყველა საშუალებით (არტილერიით, ტანკებით – ზღვიდან, ჰაერიდან) შემოუტია მტერმა ჩვენს პოზიციებს, გოჩა ბოლო წუთამდე თავდაუზოგავად იბრძოდა. ალყაში მოხვედრის შემდეგ იგი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

გოჩას დედა ქალბატონი ნათელა იხსენებს შვილის ბოლო სიტყვას – „დედი, იცოდე, სოხუმი თუ დაეცემა, არ გეგონოს, რომ მე ცოცხალი გავალ აქედან“!

იმედია, საქართველო გაერთიანდება…  დაბრუნებული აფხაზეთი და ოსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული, მარად ჭაბუკებად დარჩენილი, ჩვენი ბიჭების ყველაზე დიდი ჯილდო იქნება…

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გოჩა კვანტალიანი, სიკვდილის შემდეგ,  დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

 

გოჩა კვანტალიანი

გოჩა კვანტალიანი  დაიბადა 1971 წლის 31 აგვისტოს, ქალაქ სოხუმში.   დაამთავრა ...

ჭუჭუ (რევაზ) კეხვსას ძე კვანჭიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

ჭუჭუ (რევაზ) კეხვსას ძე  კვანჭიანი დაიბადა 1949 წელს სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში (კომანში). დაამთავრა შრომის საშუალო სკოლა. მუშაობდა სოხუმის საფოსტო განყოფილებაში.  1993 წლის 1 მარტიდან გაიწვიეს აფხაზეთის  ომში, მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  23-ე  მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის მე-3 ასეულში (მძღოლად). აქტიურად იყო ჩართული ასეულის მიერ ჩატარებულ  ყველა საბრძოლო ოპერაციაში. განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა   1993 წლის 5 ივლისს, როცა მტერმა  გააფთრებული  იერიში მიიტანა კომანზე. რევაზ კვანჭიანი და მისი  თანამებრძოლები თავიდანვე ჩაებნენ უთანასწორო ბრძოლაში, კარგად შეიარაღებულ, მრავალრიცხოვან ბოევიკებს    9 საათის  განმავლობაში უწევდნენ მედგარ წინააღმდეგობას, მაგრამ  საბოლოოდ  მაინც  დამარცხდნენ – კომანი საბოლოოდ დაეცა. რევაზ კვანჭიანი გმირულად დაიღუპა ბრძოლის ველზე.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  რევაზ კვანჭიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

 

ჭუჭუ (რევაზ) კეხვსას ძე კვანჭიანი

ჭუჭუ (რევაზ) კეხვსას ძე  კვანჭიანი დაიბადა 1949 წელს სოხუმის რაიონის...

ვლადიმერ კახიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

ვლადიმერ კახიანი დაიბადა 1931 წლის 12 მაისს. ვალოდია (ვლადიმერ) კახიანს მშრომელ და პატიოსან ადამიანად იცნობდა ყველა. მრავალშვილიანი (სამი ვაჟი და სამი ქალიშვილი) ოჯახის პატრონს ცოტა არ ჰქონდა საშრომი და საზრუნავი. ვალოდიას აზრს მთელი სოფელი იზიარებდა და პატივს სცემდა.

გათენდა ყველასათვის უბედური დღე – 14 აგვისტო. ამ გაჭირვების ჟამს, 60 წლის კაცს არ შეეძლო მშვიდად მჯდარიყო, როდესაც ბრძოლის ველზე სამი ვაჟი ეგულებოდა. და არა მარტო შვილები; მისი ორი ძმა, ძმისშვილები და ყველა მებრძოლი მისთვის ახლობელი იყო. პატარა სოფელი ხომ, ერთი დიდი სანათესაოსაგან შედგებოდა. აქ ჭირი და ლხინი საზიარო იყო… და მანაც  იარაღი აიღო ხელში და სხვებთან ერთად დაიკავა ადგილი სამშობლოს სადარაჯოზე.  ამბობდა: ახალგაზრდები ჩქარები არიან, ზოგჯერ ჭკუის დარიგებაა საჭიროა და მირჩევნია მათთან ვიყო, მით უმეტეს მებრძოლი ძალა ისედაც ცოტა არისო… ბოლო პერიოდში ფეხის ტკივილს ჩიოდა და ახალგაზრდების გასამხნევებლად იტყოდა ხოლმე: მე სირბილი არ შემიძლია, თუ მტერმა შემოგვიტია, ერთ ადგილას ჩავუსაფრდები და სანამ ბოლოს მომიღებენ არანაკლებ ორს მაინც ვისისხლებო…

 

1993 წლის 5 ივლისს კომანს მტრის დიდი ძალა დაესხა თავს. მრავალი თავდასხმის მოგერიების შემდეგ, ეს დღე კომანელი გმირებისათვის საბედისწერო აღმოჩნდა. ამ დღეს ვლადიმერ კახიანი დაიჭრა, მისგან ასიოდე მეტრში, მისი შვილი მალხაზი ავტომატის ბოლო მჭიდს ცლიდა, ვაზნებთან ერთად მისი სიცოცხლის წუთებიც დაიცალა… მამამ შვილის სიკვდილიც იხილა. დაჭრილი ტყვედ აიყვანეს, რამდენიმე დღეში კი, მისი ვინაობის დადგენის შემდეგ, 11 ივლისს დახვრიტეს. მისი ცხედარი, სხვა  დაღუპულ თანამებრძოლებთან ერთად,  ერთი თვის შემდეგ გადმოასვენეს.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვლადიმერ კახიანი, სიკვდილის შემდეგ,  დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

 

ვლადიმერ კახიანი

ვლადიმერ კახიანი დაიბადა 1931 წლის 12 მაისს. ვალოდია (ვლადიმერ) კახიანს...

მალხაზ ვლადიმერის ძე კახიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

მალხაზ კახიანი დაიბადა 1963 წლის 9 აპრილს აფხაზეთში, კოდორის (დალის) ხეობაში. 1970 წელს ოჯახი  საცხოვრებლად სოხუმის რაიონის სოფელ კომანში გადავიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ  სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოიხადა საბჭოთა არმიის რიგებში (1981-1983). 1983 წლიდან მუშაობდა სოხუმის N 2654 ავტოკოლონაში.

სამხედრო წოდებით  ლეიტენანტი მალხაზ კახიანი ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონში III ასეულის ოცეულის მეთაურად. ძლიერი, გამბედავი, ჭკვიანი მალხაზი  ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაწყებისთანავე დადგა იქ, სადაც სამშობლოს სჭირდებოდა.  თანამებრძოლებისგან შექმნა მზვერავ-დივერსიული ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებულ დავალებებს ასრულებდა, ატარებდა წარმოუდგენელ ოპერაციებს. ზამთარშიც კი ჩადიოდნენ გუდაუთაში, შუბარის მთების გავლით და საჭირო ამოცანების შესრულების შემდეგ შინ უვნებელი ბრუნდებოდნენ. ხშირად ნადავლი იარაღით ავსებდნენ ასეულის არსენალს.

გაზაფხულზე, როცა ტყე მწვანე ფოთლით შეიმოსებოდა, მტრის სნაიპერები სოფელში გადაადგილების საშუალებას არ იძლეოდნენ. მალხაზმა, რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად, სნაიპერთა განადგურების გეგმა შეიმუშავა და განახორციელა კიდეც. რუს ოფიცერს (მაიორის წოდებით) ზურგიდან მიეპარა და საფეთქელთან ლულა მაშინ მიადო, როცა იარაღს კომანის ეკლესიას უმიზნებდა…

ამონაწერი საბრძოლო მოკვლევიდან: „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, აფხაზეთში ბრძოლის დროს, ლეიტენანტმა მალხაზ ვლადიმერის ძე კახიანმა ერთ-ერთი ოპერაციის შესრულებისას ზემო ეშერის მიდამოებში გაანადგურა მტრის დივერსიული ჯგუფი და ტყვედ აიყვანა აფხაზთა მიერ დაქირავებული სნაიპერი, ეროვნებით რუსი ოფიცერი, რომელიც ჩააბარა ბრიგადის შტაბს. ამ ოპერაციის ბრწყინვალედ შესრულებისათვის მალხაზ კახიანი დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

1993 წლის 5 ივლისს სოფელ კომანს შემოსეულ ხუთასკაციან საშტურმო-სადესანტო ბატალიონს (გენერალ ლებედის სპეცდანიშნულების ჯარი),  წინააღმდეგობას უწევდა ასეულის ორმოცკაციანი ჯგუფი უწევდა, ამ უთანასწორო ბრძოლაში მალხაზ კახიანი გმირულად დაიღუპა მამასთან და თანამებრძოლებთან ერთად.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მალხაზ კახიანი, სიკვდილის შემდეგ,  დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

 

მალხაზ ვლადიმერის ძე კახიანი

მალხაზ კახიანი დაიბადა 1963 წლის 9 აპრილს აფხაზეთში, კოდორის (დალის)...

ავთანდილ ელიზბარის ძე კახიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

ავთანდილ კახიანი დაიბადა 1940 წლის 24 აგვისტოს. ავთო სოხუმში, ძიძარიას ქუჩაზე (N5-ში) ცხოვრობდა. როცა აფხაზეთში ომი დაიწყო, რა თქმა უნდა კომანისაკენ გაეშურა – ახალგაზრდობა იქ გაატარა და მისთვის ყველაზე ძვირფასი ხალხი იქ ეგულებოდა. როგორც ქართველთა უმეტესობამ – სულით მებრძოლმა ადამიანმა, მანაც იარაღი აიღო  ხელში და ძმებს გვერდით დაუდგა, რათა დაეცვა საკუთარი მიწა-წყალი, ქვეყანა და ღირსება.

ასეულის შტაბი, იმდროისთვის, მოხუცებულთა პანსიონატში იყო განლაგებული, რომელიც იმავდროულად საწყობიც იყო და ყაზარმაც. საბრძოლო მასალის ან საკვები პროდუქტების შტაბიდან ამოტანა გარკვეულ  რისკებთან იყო დაკავშირებული, რადგან კომანიდან შრომამდე მიმავალი გზა, ზემო ეშერიდან ხელისგულივით ჩანდა და ჩასაფრებული მტრისთვის ადვილი იყო გზაზე მიმავალი მანქანების თუ ქვეითად მოსიარულეების განადგურება.

1993 წლის 8 მაისს შტაბიდან სურსათის ამოტანის რთული მისიის შესრულება თავის თავზე აიღო ავთანდილმა. სოფელ შრომის აღმართზე მიმავალ მანქანას მტერმა ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი ესროლა და ააფეთქა. თანამებრძოლებმა სოხუმის პირველ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ავთანდილ ელიზბარის ძე კახიანი

ავთანდილ კახიანი დაიბადა 1940 წლის 24 აგვისტოს. ავთო სოხუმში, ძიძარიას...

ამირან და ტარიელ კალანდარიშვილები

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

ამირან კალანდარიშვილი  1969 წელს დაიბადა, ტარიელი 1973 წელს. ძმები 1993 წლის აპრილიდან ირიცხებოდნენ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე  მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის მე-2 („ბაგრატიონის“) ასეულში. გაბედული, დისციპლინირებული ძმები ბატალიონის მიერ ჩატარებულ  ყველა საბრძოლო ოპერაციაში იღებდნენ მონაწილეობას.
1993 წლის 18 სექტემბერს ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის ჩატარების დროს, კოდორის  ხიდთან აფხაზ სეპარატისტებთან შეიარაღებული შეტაკებისას  ამირან ნიკოლოზის ძე კალანდარიშვილი დაიღუპა. საბრძოლო ვითარებიდან მისი ცხედარი  მისივე თანამებრძოლებმა გადმოასვენეს. დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ აჟარაში.
სიკვდილის ცელი არ ისვენებდა, 1993 წლის 23 სექტემბერს აფხაზ სეპარატისტებთან მორიგი შეიარაღებული შეტაკების დროს უმცროსი ძმაც სასიკვდილოდ დაიჭრა  სოფელ ახალდაბის მისადგომებთან. სამწუხაროდ, ტარიელ კალანდარიშვილის ცხედრის გადმოსვენება აქტიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ მოხერხდა.

ძმები კალანდარიშვილების სიმამაცე, ვაჟკაცობა, გმირობა სამაგალითოა… გმირები არ კვდებიან, მათი სახელები შთამომავლობას გადაეცემა.

 

…დაჰკარით, ძმებო, უფრო დაჰკარით,

ტყვიას მტრის სისხლი ნუ მოშივდება,

სულ იკაშკაშებს ჩვენი ვარსკვლავი,

ჩვენს საამაყო მამულს დიდება!

ამირან და ტარიელ კალანდარიშვილები

ამირან კალანდარიშვილი  1969 წელს დაიბადა, ტარიელი 1973 წელს. ძმები 1993...

დათო თოდუა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში (პირველი კომანი) მცხოვრებმა ოთარ და ეთერ თოდუების  ოჯახმა სამი ვაჟკაცი აღუზარდა სამშობლოს, 1992-93 წლებში სამივე ძმა, მშობლიური კუთხის დასაცავად, აფხაზეთში მიმდინარე ომში ჩაება. აქედან ორი შეეწირა ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლას.

უფროსი ძმა დათო თოდუა დაიბადა 1966 წლის 23 იანვარს. სამხედრო- სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ მუშაობდა სოფელ პირველ კომანში. 1990 წელს დაოჯახდა,  შეეძინა ვაჟი – ზვიადი. ომის დაწყების შემდეგ ძმებთან ერთად იბრძოდა   23-ე ბრიგადის  მე-8 ბატალიონში. თავი გამოიჩინა 1993 წლის ივლისში ცუგუროვკა-ზეგანის  სიმაღლეების დაცვისთვის გამართულ ბრძოლებში. 9 ივლისს დათო მძიმედ დაიჭრა და ჰოსპიტალიზირებულ იქნა ქალაქ თბილისში. სამწუხაროდ ჭრილობების გაუარესების გამო 1997 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ქალაქ თბილისში.

საუბედუროდ თოდუების ტრაგიკული ისტორია აქ არ დასრულებულა. 2016 წელს ავტოავარიაში დაიღუპა დათოს ერთადერთი ვაჟი – ზვიადი. მიუხედავად ამ გაჭირვებისა, თოდუების ოჯახს იმედი არ დაუკარგავს და  ჩვენი მრავალტანჯული, მაგრამ უდრეკი ერის ერთ-ერთი გამორჩეული ოჯახის ისტორია გვინდა თოდუების დის – ქალბატონი ნინოს სიტყვებით დავამთავროთ: ,,ჩვენ ვცხოვრობთ იმ იმედით, რომ უფლის ნებით კიდევ დაიბადება პატარა ზაურ თოდუა, რომელიც დაბრუნდება აფხაზეთში, მოინახულებს თავის წინაპართა საფლავებს და იმ ნასახლარს, სადაც დაიბადნენ  ზაური, დათო, ზვიადი, იქ,  სადაც უცხოვრიათ თავის ბებია-ბაბუას და მიხვდება, რომ ამისათვის ღირდა თავის გაწირვა. ,,გმირებად არ იბადებიან, გმირებად ცხოვრების შედეგად ხდებიან!“.

 

დათო თოდუა

სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში (პირველი კომანი) მცხოვრებმა ოთარ და ეთერ...

ზაურ თოდუა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში (პირველი კომანი) მცხოვრებმა ოთარ და ეთერ თოდუების  ოჯახმა სამი ვაჟკაცი აღუზარდა სამშობლოს, 1992-93 წლებში სამივე ძმა, მშობლიური კუთხის დასაცავად, აფხაზეთში მიმდინარე ომში ჩაება. აქედან ორი შეეწირა ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლას.

ზაური  ძმებში უმცროსი იყო – დაიბადა 1972 წლის 22 აგვისტოს.  ახოვანი გარეგნობით, ზრდილობითა და  პატიოსნებით გამორჩეულმა, პირველმა აიღო იარაღი ხელში – ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის I ასეულში. იცავდა  ქალაქ სოხუმის სტრატეგიულ სიმაღლეებს ჩრდილოეთის მისადგომებთან ცუგუროვკისა და იაშტუხის მთაზე. ზაური მონაწილეობდა ასეულის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. თავი გამოიჩინა, როგორც სამშობლოს  ერთგულმა და თავდადებულმა მებრძოლმა.

1993 წლის 16 სექტემბერს, როდესაც მტერმა კვლავ დაარღვია მორიგი სამშვიდობო ხელშეკრულება და მუხანათურად დაესხა სოფელ პირველ კომანს, ზაურ თოდუა თავის უიარაღო თანამებრძოლებთან ერთად შიშველი ხელებით ეკვეთა რუსეთის სამხედრო ნაწილებს, რომელთაც მორგებული ჰქონდათ ე.წ. ,,სამშვიდობოთა მანტია“… იმ ავბედით დღეს აფსუა სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს უიარაღო ზაური, ბორკილები დაადეს  და სიკვდილის მუქარით აიძულებდნენ ეჩვენებინა ცუგუროვკის შემოვლითი გზა ბირცხის მიმართულებით. ზაურმა სამაგალითო თავგანწირვა გამოიჩინა სამშობლოსა და  მოყვასისადმი, არ გასცა სამხედრო სიდუმლო, არ უღალატა თანამებრძოლებს  და მიუხედავად უდიდესი წამებისა, ნაზრახ სოცოცხლეს ამჯობინა სასახელო სიკვდილი – გადამთიელმა მტარვალებმა წამების შემდეგ გმირი ვაჟკაცი დახვრიტეს.

ზაურ თოდუა დაკრძალულია სოხუმის რაიონის სოფელ თავისუფლებაში.

სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ზაურ თოდუა დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

ზაურ თოდუა

სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში (პირველი კომანი) მცხოვრებმა ოთარ და ეთერ...

მამუკა თაბუკაშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

მამუკა თაბუკაშვილი დაიბადა 1975 წლის 3 ივნისს ხარაგაულის რაიონში.  აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს, მამუკა თაბუკაშვილი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის  თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8  ბატალიონის  მე-2  („ბაგრატიონის“) ასეულში.

1993 წლის 16 იანვარს სოფელ კვიტოულთან ერთ-ერთი საბრძოლო მოქმედების დროს აფხაზმა სეპარატისტებმა ტყვედ  აიყვანეს და დახვრიტეს.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის კახა ახობაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

მამუკა თაბუკაშვილი

მამუკა თაბუკაშვილი დაიბადა 1975 წლის 3 ივნისს ხარაგაულის რაიონში.  აფხაზეთში...

დავით (დათო) ეფაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

დავით ეფაძე დაიბადა 1947 წლის 15 სექტემბერს სოხუმის რაიონის სოფელ იაშტუხაში.

დავით ეფაძე 1992-1993 წლები, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის პირველი ასეულის მე-4 ოცეულის მეთაურად.

დავით ეფაძე აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში ცუგუროვკა-თავისუფლების მიმართულებით. პირნათლად ასრულებდა მეთაურის საბრძოლო დავალებებს.  დათომ განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1993 წლის 2-27 ივლისის ბრძოლებში, როდესაც აფსუა სეპარატისტები და მათი დამქაში – რუსეთის, ჩრდილო-კავკასიელთა, სომხების სამხედრო შენაერთები მოადგნენ ცუგუროვკას და იაშტუხის მთის სტრატეგიულ სიმაღლეებს. დათო მედგრად ეკვეთა მტრის ჭარბ ძალებს და დანარჩენ ქართველ ვაჟკაცებთან ერთად შეძლო მომხდურთან გამკლავება და მათი უკუქცევა. იმ მომენტისათვის მტერი უკუაქციეს, ამ სისხლისმღვრელ ბრძოლებში დაიღუპნენ დათოს თანამებრძოლები: თენგო ძაძამია, ომარ ფანჩვიძე, კაკო კურტანიძე, რომან ბერულავა, ელგუჯა კოპალიანი, დემურ ქარდავა.

ქვეყნის ხელმძღვანელობამ ედუარდ შევარდნაძის მეთაურობით   27 ივლისს ხელი მოაწერა ე.წ. საზავო-სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც შემდგომში საბედისწერო აღმოჩნდა, როგორც აფხაზეთის მოსახლეობისათვის, ასევე  სრულიად საქართველოსთვის. ქართულ საჯარისო ნაწილებს ჩამოერთვათ იარაღი, გაყვანილ იქნა მძიმე ტექნიკა, ბატალიონები მოიხსნენ საბრძოლო პოზიციებიდან.

1993 წლის 16 სექტემბერს, დაარღვიეს რა სამშვიდობო ხელშეკრულება, რუსეთის სადესანტო ნაწილების წინამძღოლობით ათასობით გამხეცებული გადამთიელი შემოესია მშვიდობიან სოხუმს და მის შემოგარენს. დათო თავის თანამებრძოლებთან ერთად სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებში გადაეშვა. ავტომატებით და მცირე ტყვია-წამლით შეიარაღებული თავდადებული მამულიშვილები თავგანწირვით ეკვეთნენ მტერს. ამ უთანასწორო ბრძოლებში, სიცოცხლის ფასად, ქართველმა გმირებმა შეძლეს მოწინააღმდეგის შეჩერება და გადაარჩინეს სოფლების – თავისუფლება, ბირცხა, იაშტუხის მშვიდობიანი მოსახლეობა, შეაჩერეს  სოხუმის სწრაფი, ელვისებური აღება, რაც გაცილებით კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევდა. 18 სექტემბერს დათო ეფაძე თავის თანამებრძოლებთან  (გოჩა კვანტალიანი, ლაშა ლაშხია,  თემურ სალთხუციშვილი) ერთად უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

დავით ეფაძეს დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის დავით ეფაძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

დავით (დათო) ეფაძე

დავით ეფაძე დაიბადა 1947 წლის 15 სექტემბერს სოხუმის რაიონის სოფელ...

error: Content is protected !!