ზურა გურჩიანი
„მამა, მე მჯერა, ჩემს ასაკში, შენც ჩემსავით მოიქცეოდი… იფიქრე, თითქოს ომში კი არა, სადმე ლხინში გეგულებოდე – მე თუ მკითხავ, ყველაზე მთავარი საქმე ქართველი კაცისთვის არის აქ დგომა და ამ უტეხი ხალხის დაცვა. მე ამას ყველა ქართველი კაცის ვალად ვთვლი. ისტორიკოსი ხარ და გეცოდინება, რომ ხალხი, ვინც იარაღით ხელში იბრძოდა სამშობლოსათვის, გმირებად იქცნენ…“
ეს არის ამონარიდი ზურა გურჩიანის ნაჩქარევად დაწერილი წერილიდან, რომელიც მესტიის რაიონის სოფელ ეცერში მცხოვრებ მამას გამოუგზავნა. ეს წერილი და ფოტო ერთადერთი სახსოვარია, რაც დედისერთა შვილისგან მშობლებს დარჩათ.
ოცდაორი წლის ზურა სოხუმის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო. ომის დაწყებიდან კომანელთა მხარდამხარ თავდაუზოგავად იბრძოდა. 5 ივლისს ოცი კომანელი დაიღუპა, ზურაც ფეხში მძიმედ დაიჭრა, ბრძოლას მაინც აგრძელებდა. მტერი უკვე სოფელში შემოსულიყო, მათ ხელში ჩავარდნას სიკვდილი არჩია, თავი ხელყუმბარით აიფეთქა.
ასე ვაჟკაცურად დაიღუპნენ ზურა და დანარჩენი კომანელი გმირები.
გუნტერ გულედანი
გუნტერ გულედანი დაიბადა მესტიაში 1942 წლის 5 იანვარს. სამხედრო- სავალდებულო სამსახური მოიხადა მოლდოვეთში. 80-იან წლებში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა სოხუმის რაიონის სოფელ კომანში. აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებისთანავე თანასოფლელებთან ერთად ისიც საბრძოლო მოქმედებებში ჩაება და მერვე ბატალიონის მესამე ასეულში ჩაირიცხა. გუნტერი კარგად ერკვეოდა ტექნიკაში, რაც ომის მძიმე დღეებშიც გამოადგა. მან და ერთ-ერთმა მებრძოლმა, გენადი გადრანმა ძველი, მიგდებული მანქანა გამართეს და მის ძარაზე მხედრიონელების მიერ მოტანილი და გზაზე დაგდებული ჭურვსასროლი დანადგარი დაამონტაჟეს. ამ „საბრძოლო მანქანით“ კომანელები ახორციელებდნენ ზემო ეშერაზე განლაგებული მტრის სანგრების დაბომბვას.
1993 წლის 5 ივლისს გუნტერ გულედანი და მისი ჯგუფი პირველ საგუშაგოზე მორიგეობდა. დილის ხუთ საათზე დაიწყო ფართომასშტაბიანი შემოტევა. გუნტერ გულედანი და გენადი გადრანი თავგანწირული ბრძოლით უახლოვდებოდნენ მათ მიერ დასაკავებელ პოზიციას, მაგრამ გუნტერ გულედანმა დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია.
მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მოხერხდა გუნტერ გულედანისა და მისი დაღუპული თანამებრძოლების გადასვენება სოხუმის ძმათა სასაფლაოზე.
ნიკოლოზ ვლადიმერის ძე გოგია
ნიკოლოზ ვლადიმერის ძე გოგია დაიბადა 1963 წლის 28 სექტემბერს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა სოხუმის №13 საშუალო სკოლა, შემდეგ კი, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტი.
ნიკოლოზი 1992 წელს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის მე-2 („ბაგრატიონის“) ასეულში. მონაწილეობდა ყველა მნიშვნელოვან საბრძოლო ოპერაციაში – ტამიშში, კინდღში, ლაბრაში, ცუგუროვკაში, კომანში. 1993 წლის 14 იანვარს, სოფელ კვიტოულში ბაგრატიონელები ალყაში მოაქციეს. ასეული მტერს, უთანასწორო ბრძოლაში, რვა საათის განმავლობაში იგერიებდა. „ბაგრატიონმა“ საგრძნობი ზარალი მიაყენა მტერს და ალყის გარღვევაც შეძლო. ასეულმა დიდი წვლილი შეიტანა, აგრეთვე, 15-16 მარტს სოხუმზე განხორციელებული შტურმის დროს. ნიკოლოზ გოგია მონაწილეობდა გუდაუთის რაიონში ჩატარებულ სპეციალურ სადესანტო-სადაზვერვო ოპერაციაში.
ნიკოლოზ გოგიასთვის საბედისწერო აღმოჩნდა 1993 წლის 31 მარტი, როცა სოფელ კომანში წარმატებით განხორციელდა მორიგი საბრძოლო ოპერაცია, თუმცა ნიკოლოზი სასიკვდილოდ დაიჭრა და სოხუმის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ნიკოლოზ გოგია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
ზურაბ გიორბელიძე
ზურაბ გიორბელიძე დაიბადა 1967 წლის 14 აგვისტოს სოხუმის რაიონის სოფელ კომანში.
მონაწილეობდა აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტში. ირიცხებოდა კომანის ბატალიონში. პირნათლად ასრულებდა მეთაურის მიერ გაცემულ საბრძოლო დავალებებს. ზურაბმა თავი გამოიჩინა 1992 წლის 3 ნოემბრის საბრძოლო ოპერაციაში, როცა მტერმა ახალშენის მისადგომები გაარღვია და შრომას მიუახლოვდა. ზურაბ გიორბელიძემ ასეულის მებრძოლებთან ერთად არაერთი შეტევა მოიგერია. თავგანწირვით იბრძოდა კომანზე განხორციელებული თავდასხმების დროს.
ზურაბ გიორბელიძე, 1993 წლის 5 ივლისს, სოფელ კომანში, ცხრასაათიანი უშეღავათო ბრძოლის დროს დაიღუპა. მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მოხერხდა მისი ცხედრის გადმოსვენება. ზურაბ გიორბელიძე დაკრძალულია სოხუმში, ჭანბას სასაფლაოზე.
ნუგზარ გიორბელიძე
ნუგზარ გიორბელიძე დაიბადა 1967 წელს სოხუმის რაიონში, სოფელ თავისუფლებაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა სოხუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, სოხუმის რაიონში, სოფელ თავისუფლებაში მცხოვრები 26 წლის ნუგზარი და მისი 54 წლის მამა – ავერიონ გიორბელიძე მოხალისეებად ჩაეწერნენ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის პირველ ასეულში.
1992 წლის 3 ნოემბერს ნუგზარი გადაიყვანეს სამხედრო პოლიციაში. გამოჩენილი მამაცობისთვის მიენიჭა უფროსი ლეიტენანტის წოდება.
1993 წლის 6 მარტს ცუგუროვკასთან მიმდინარე ბრძოლის დროს ნუგზარ გიორბელიძე ვაჟკაცურად დაიღუპა.
ავერიონ გიორბელიძე
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, სოხუმის რაიონში, სოფელ თავისუფლებაში მცხოვრები 26 წლის ნუგზარი და მისი 54 წლის მამა – ავერიონ გიორბელიძე მოხალისეებად ჩაეწერნენ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის პირველ ასეულში.
ავერიონ გიორბელიძე დაიბადა 1939 წელს ცაგერის რაიონში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქალაქ სოხუმში – სახანძრო სამსახურში. 1993 წლის 19 სექტემბერს სოფელ თავისუფლებაზე აფხაზი ბოევიკების შემოტევის დროს ავერიონ გიორბელიძე ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.
ელგუჯა გვიჩიანი
ელგუჯა გვიჩიანი დაიბადა 1932 წლის 7 ივლისს, მესტიის რაიონის სოფელ ლატალში. 1953 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო სოხუმის რაიონის სოფელ ამზარის დაწყებით სკოლაში. 1954-1956 წლებში სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოიხადა ქალაქ მოსკოვში. შემდეგ კი, თავის სკოლაში დაბრუნებული, დირექტორის თანამდებობაზე დანიშნეს. 1988-1990 წლებში მუშაობდა აფხაზეთის დემოგრაფიული საბჭოს თავმჯდომარედ. იყო „ლემის“ ნაფიცთა საბჭოს ერთ-ერთი დამაარსებელი.
1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომის დროს ელგუჯა გვიჩიანი მეთაურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-3 ასეულის ერთ-ერთ ოცეულს. 1992 წლის შემოდგომაზე მოწინააღმდეგემ გადაწყვიტა სოხუმზე იერიში ყვალასაგან მივიწყებული, სოხუმჰესიდან გუდაუთის მიმართულებით წლების წინ სატყეო მეურნეობის მიერ გაყვანილი გზის გამოყენებით მიეტანათ. დაიწყეს კიდეც ტექნიკის შემოყვანა. ელგუჯა გვიჩიანმა მოსალოდნელი შემოტევის შესახებ შტაბს აცნობა, მაგრამ მას არავინ დაუჯერა. 3 ივლისს კი კომანში ოთხასმა ჩეჩენმა მეომარმა საშინელი ტრაგედია დაატრიალა… დაღუპულებს შორის იყო ელგუჯა გვიჩიანიც.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ელგუჯა გვიჩიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
ადამ გვიჩიანი
ადამ გვიჩიანი დაიბადა 1964 წელს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა სოფელ შრომის საშუალო სკოლა. გატაცებული იყო სპორტით, კერძოდ, ძიუდოთი. იყო ძიუდოისტთა კლუბის წევრი.
1982-1985 წლებში მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური ქალაქ სევასტოპოლის საზღვაო ფლოტში. 1964 წელს ჩაირიცხა ქალაქ ლვოვის სატყეო-ტექნიკურ უნივერსიტეტში. მალევე დაოჯახდა და ქალაქ ლვოვში დამკვიდრდა. 1992 წელს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ადამი სამშობლოში დაბრუნდა და თანასოფლელების მებრძოლთა ჯგუფს, მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის მე-3 ასეულს შეუერთდა.
ადამ გვიჩიანი კომანი-ამზარის ხიდთან განთავსებულ მეორე საგუშაგოზე მორიგეობდა შვიდკაციან ჯგუფთან ერთად. 1993 წლის 5 ივლისს, მტრის მორიგი შემოტევის დროს ორი მათგანი დაიჭრა. ადამმა ყველა მისი თანამებრძოლი სამშვიდობოს გაიყვანა, თვითონ კი უკან დაბრუნდა და მტერთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ადამ გვიჩიანს, სიკვდილის შემდეგ, მიენიჭა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი.
გენადი გადრანი
გენადი გადრანი დაიბადა 1970 წლის 4 აპრილს, მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში. იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. სამხედრო-სავალდებულო სამსახური საბჭოთა არმიის რიგებში მოიხადა. მოგვიანებით ოჯახი საცხოვრებლად დმანისში გადავიდა.
გენადი კომანში სტუმრად – ბიძაშვილ-ნათესავებთან ხშირად ჩამოდიოდა. ძალიან უყვარდა და მოსწონდა იქაურობა. დაუახლოვდა და დაუმეგობრდა ადგილობრივებს. კომანელებსაც უხაროდათ ზრდილ, სამართლიან, ფიზიკურად ძლიერ, უშიშარ, კეთილ გენადისთან ურთიერთობა. როცა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი მეორედ განახლდა, გენადი ბიძაშვილებთან იმყოფებოდა და კომანელებთან ერთად დადგა სამშობლოს დასაცავად. დაკომპლექტდა ასეული, ჩამოყალიბდა მებრძოლთა სრულფასოვანი ჯგუფი, ყველამ თავისი ადგილი დაიკავა და სამი ძირითადი საგუშაგო შეივსო. შეიქმნა სხვადასხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ოცეული, რომლებიც ასევე საგუშაგოებზე განლაგებული მებრძოლებისგან შედგებოდა და საჭიროების შემთხვევაში სხვა მნიშვნილოვან ფუნქციებს ასრულებდა. ერთ-ერთი ასეთი ძალზედ საჭირო და ძლიერი ოცეულის (სადაზვერვო-დივერსიული) შემადგენლობაში შედიოდა გენადი, რომელსაც მ. კახიანი მეთაურობდა. ამ ოცეულმა ომის პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი ოპერაცია განახორციელა.
1993 წლის 26 ივნისს, ახალშენის საგუშაგოებსა და კომანის შტაბს შორის გაყვანილი საველე სატელეფონო კავშირი შეწყდა. კავშირის აღსადგენად წამოსული ახალშენის მებრძოლები ჩასაფრებულ მტერს გადაეყარნენ, ორმხრივი სროლის შედეგად ქართველი მებრძოლები დაიჭრნენ, დასახმარებლად გენადის ოცეულიდან ხუთი მებრძოლი გაეშურა. მტერს დაედევნენ, მდინარის გაღმიდან ტყვიამფრქვევით ცეცხლი გაუხსნეს სამაშველო ჯგუფს, ტყვიამფრქვევის პირველი ჯერი წინ მიმავალმა გენადიმ მიიღო… მამულისათვის თავდადებული ვაჟკაცის ცხედარი გადაასვენეს და დაკრძალეს დმანისში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მე-8 ბატალიონის III ასეულის მზვერავ-დივერსიული ოცეულის მებრძოლი გენადი გადრანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
ალექსანდრე გამსახურდია
ალექსანდრე გამსახურდია დაიბადა 1947 წლის 30 აგვისტოს სოფელ კომანში. დაამთავრა მშობლიური სოფლის საშუალო სკოლა. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. ჯარიდან დაბრუნებულმა მუშაობა დაიწყო კომანის მარმარილოს კარიერში.
1992 წელს ალექსანდრე თანასოფლელებთან ერთად სამშობლოს სადარაჯოზე დადგა. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის მე-3 ასეულში.
1993 წლის 5 ივლისს ალექსანდრე პირველ საგუშაგოზე მორიგეობდა. მის გვერდით იყო მეუღლე – მერი პაკელიანიც, რომელმაც წინა დღეებში მცირეწლოვანი შვილები იქაურობას გაარიდა და უკან დაბრუნდა, მეუღლეს გვერდში დაუდგა. მათი საგუშაგო (საერთო საცხოვრებლის პირველი სართული) სოფლის ბოლოში, ოდნავ ამაღლებულ ადგილას, ეკლესიასთან ახლოს იყო – სწორედ იქიდან იგერიებდნენ მდინარეზე გადმოსულ მტერს, თავშესაფარი მტრის გამოსროლილი ჭურვებისგან იწვოდა უკვე და კომანელები გამოსავალს ეძებდნენ. მათ შორის კიდევ ერთი მანდილოსანი იბრძოდა და გადაწყვიტეს ქალები მაინც გაცლოდნენ იქაურობას, გადარჩენის მიზნით ეკლესიისთვის შეეფარებინათ თავი. პირველი მერი გაეშურა, გაქცევა მოახერხა, მაგრამ ეკლესიის ეზომდე ვერ მიაღწია… ალექსანდრე და მისი მეგობრები დიდხანს უმკლავდებოდნენ მტერის შემოტევას, თუმცა, ამაოდ… იბრძოლეს სისხლის ბოლო წვეთამდე, სიცოცხლე ანაცვალეს მამულს.
ალექსანდრესა და მერის ორი ვაჟი დარჩათ – დავითი და დიმიტრი, რომლებიც ახლო ნათესავებმა აღზარდეს.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ალექსანდრე გამსახურდია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
ვახტანგ ოთარის ძე ბოჯგუა
ვახტანგ ოთარის ძე ბოჯგუა დაიბადა 1961 წლის 11 იანვარს სოხუმის რაიონის სოფელ ბესლეთში. იყო ბესლეთის სასოფლო საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე.
ვახტანგ ბოჯგუა 1993 წლის 11 იანვრიდან ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის კავშირგაბმულობის (შემდგომ გარდაქმნილი) მე-8 ბატალიონში მე-4 ასეულის ოცმეთაურად.
პედაგოგების ოჯახში აღზრდილი ვახტანგი გახლდათ ერუდირებული, თავის ქვეყანაზე, ქალაქზე და ხალხზე შეყვარებული ადამიანი. ნაცნობ-მეგობრები გამოარჩევდნენ, როგორც პატიოსან და მაღალი ზნეობით გამორჩეულ პიროვნებას. ვახტანგმა დაოჯახებაც ვერ მოასწრო, ომის ქარცეცხლში აღმოჩნდა და დადგა იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირდა ფრონტის ხაზს – ბირცხის მთაზე.
მოწინააღმდეგის მიერ ზავის დარღვევის გამო, 1993 წლის 16 სექტემბერს, სოფელ ბესლეთში, სახელდახელოდ შეკრებილ მცირერიცხოვან რაზმთან ერთად ვახტანგ ბოჯგუა პირისპირ შეება ბირცხის მთაზე შემოჭრილ მოჭარბებულ მოწინააღმდეგეს. ხელჩართულ ბრძოლაში მძიმედ დაჭრილი უგზო-უკვლოდ დაიკარგა – მის გამოსაყვანად დარჩენილ მაიორ ზურაბ შენგელიასთან ერთად.
რომან ბერულავა
რომან ბერულავა დაიბადა 1955 წლის 19 აპრილს სოხუმის რაიონის სოფელ თავისუფლებაში. სამხედრო-სავალდებულო სამსახურის შემდეგ დაოჯახდა, შეეძინათ ორი ქალიშვილი. 1992 წელს, აფხაზეთში ომის დაწყების პირველი დღიდანვე ჩადგა საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობისათვის მებრძოლთა რიგებში. მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის პირველ ასეულში. რომანი მონაწილეობდა ასეულის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში ცუგუროვკისა და იაშთხვის სიმაღლეების დასაცავად. 1993 წლის 2-27 ივლისის შემოტევების დროს, როდესაც მტერი მოადგა ცუგუროვკის სტრატეგიულ სიმაღლეს, რომან ბერულავა თანამებრძოლებთან ერთად ეკვეთა მომხვდურთა ჭარბ ძალებს – სომხების ,,ბაგრამიანის ბატალიონს“, ჩეჩნების, აფსუების და რუსების სამხედრო ნაწილებს… მტერი უკუიქცა, მაგრამ, სამწუხაროდ, რომანისა და ბევრი თანამებრძოლის სიცოცხლის ფასად.
რომან ბერულავა 1993 წლის 13 ივლისს იმსხვერპლა საბედისწერო ჭურვის ნამსხვრევმა ცუგუროვკის მისადგომებთან.
რომან ბერულავა დაკრძალულია სოფელ თავისუფლებაში.
სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის რომან ბერულავა სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით “მხედრული მამაცობისთვის”.
მურმან დიანოზის ძე ბერულავა
მურმან დიანოზის ძე ბერულავა დაიბადა 1952 წელს, სოხუმის რაიონის სოფელ ბესლეთში.
1992 წლის ნოემბერიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის კავშირგაბმულობის 23-ე ბრიგადაში, მე-4 ასეულის პირველი ოცეულის რიგით მეომრად (რომელიც შემდგომ მე-8 ბატალიონად გადაკეთდა). იბრძოდა მდინარე გუმისთის პოზიციებზე, სოფელ შრომაში, ცუგუროვკის სიმაღლეზე. უშიშარი და თავდაუზოგავი ვაჟკაცი მაგალითი იყო თანამებრძოლებისთვის.
მურმან ბერულავა (მეტსახელად „ხვიშტი“) მშობლიური ქალაქის დასაცავად იბრძოდა ბოლო წუთამდე. სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, თავისი სოფლის განაპირას, გვარდის მთაზე შემოღწეულ მტერს საღამომდე მედგარ წინააღმდეგობას უწევდა თანამებრძოლებთან ერთად. ღირსეული მეომარი ცოცხალი ვერ თმობდა მშობლიურ კუთხეს, მამა-პაპისეულ კერას. ბოლოს კი, დარჩენილი უკანასკნელი ყუმბარის ნაღმტყორცნში ჩაგდება არ დასცალდა, სნაიპერის ტყვიამ გამოასალმა სიცოცხლეს დაუოკებელი მებრძოლი. სოფელში მტრის შემოჭრის გამო შეუძლებელი გახდა მისი დატირება და გულრიფშის რაიონის სოფელ მერხეულში, გზის განაპირას მიწას მიაბარეს სამშობლოსათვის ანთებული შვილის გული.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მურმან ბერულავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“
ვახტანგ ალექსის ძე ბერულავა
ვახტანგ ბერულავა დაიბადა 1966 წლის 22 აპრილს, სოხუმის რაიონის სოფელ ბესლეთში. მიიღო საშუალო-ტექნიკური განათლება.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედების დროს, ვახტანგ ბერულავა 1993 წლის 2 იანვრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის კავშირგაბმულობის ბატალიონში – საკაბელო ასეულის პირველი ოცეულის ელექტრიკოსის თანამდებობაზე. 1993 წლის 25 ივნისიდან კი, მე-8 ბატალიონის მე-2 ასეულის პირველი ოცეულის მეთაურად დაინიშნა. იბრძოდა მდინარე გუმისთის პოზიციებზე – ცუგუროვკაში. 16 სექტემბერს, მოწინააღმდეგის შემოტევის მოსაგერიელებლად ბირცხის მთაზე (ზღვის დონიდან 560 მ.) ასულ რაზმთან ერთად ასრულებდა საბრძოლო დავალებას. მრავალრიცხოვან მომხვდურს ტყვიამფრქვევით იგერიებდა, როდესაც სნაიპერის ტყვიამ ბრგე ვაჟკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ვახტანგ ბერულავა დაკრძალულია სოფელ ბესლეთში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვახტანგ ბერულავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
ზური ბენიძე
ზური ბენიძე 1953 წლის 16 აპრილს სოხუმის რაიონის სოფელ ბირცხაში დაიბადა. სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ მუშაობდა სოფლის მეურნეობაში.
1992 წელს აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების პირველი დღიდან ზური სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის პირველ ასეულში – მეტყვიამფქვრევედ.
ზური ბენიძემ არაერთხელ გამოიჩინა თავი, როგორც უშიშარმა, თავდადებულმა მებრძოლმა. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა, 1993 წლის 16 სექტემბერს მტერმა ვერაგულად დაარღვია 27 ივლისის სამშვიდობო ხელშეკრულება და თავს დაესხა მშვიდობიანი ქალაქის მოსახლეობას. ზური ბენიძე თავის თანამებრძოლებთან ერთად თავგანწირვით ეკვეთა აფსუა სეპარატისტების და მათი მხარდამჭერი – რუსეთის, ჩრდილო-კავკასიელთა, სომხების კბილებამდე შეიარღებულ საჯარისო ნაწილებს. ამ უთანასწორო ბრძოლებში სოფელ თავისუფლების მისადგომებთან მოხერხდა მტრის შეჩერება, რამაც საშუალება მისცა სოფლების – ბირცხისა და იაშტუხის მოსახლეობას გახიზნულიყვნენ.
ზური ბენიძე 25 სექტემბერს, თავისი განუყრელი ტყვიამფქვრევით სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იცავდა მშობლიურ კუთხეს, დაჭრილი ელოდა დამხმარე ძალას, თუმცა უშედეგოდ… ლომგული ვაჟკაცი საღამოს სისხლისგან დაიცალა და გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე ბირცხისა და თავისუფლების გზაგასაყარზე, ისე, როგორც მისი სახელოვანი წინაპრები.
ზური ბენიძეს დარჩა მეუღლე და ვაჟი.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ზური ბენიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.