გოჩა ვაჟას ძე კვარაცხელია
გოჩა ვაჟას ძე კვარაცხელია დაიბადა 1967 წლის 7 იანვარს გულრიფშის რაიონის სოფელ მერხეულში. დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა, შემდეგ კი, ინდუსტრიული ტექნიკუმი. მუშაობდა ქალაქ სოხუმში, ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე.
1992 წლის 30 ნოემბერს ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 სარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-7 მერხეულის ბატალიონის პირად შემადგენლობაში – რიგითად. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში.
რიგითი გოჩა კვარაცხელია 1993 წლის სექტემბერში, სოფელ მერხეულში მტრის შემოტევის დროს დაიღუპა.
ალექსანდრე მიხეილის ძე თათარაშვილი
მაიორი ალექსანდრე მიხეილის ძე თათარაშვილი, აფზაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 18 ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებულ ბრიგადაში (ბრძანება N306), განსაკუთრებული ქვეგანყოფილების ოპერრწმუნებულის თანამდებობაზე.აქტიურად მონაწილეობდა როგორც შტაბის, ასევე ბატალიონების მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო-სადაზვერვო ოპერაციაში. გამოირჩეოდა ორგანიზატორული თვისებებით.
1993 წლის 15-16 მარტის შემოტევის დროს, ალექსანდრე თათარაშვილი თავის არეში მძიმედ დაიჭრა, თუმცა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ, ისევ საბრძოლო პოზიციას დაუბრუნდა.
ალექსანდრე თათარაშვილი დაიღუპა 1993 წლის 16 სექტემბერს, საომარი მოქმედებებისდროს. ბრძოლის ველიდან მისი ცხედარი ბრიგადის განსაკუთრებული ქვეგანყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ა. ბოკუჩავამ გამოასვენა. დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ ბაბუშარაში.
ბორის ავთანდილის ძე ვეკუა
ბორის ავთანდილის ძე ვეკუა დაიბადა 1957 წლის 29 ივნისს გულრიფშის რაიონის სოფელ მერხეულში. დაამთავრა სოფელ მერხეულის საშუალო სკოლა. მუშაობდა ბაღმარანის ავტოპარკში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, რიგითი ბორის ვეკუა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 სარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-7 ბატალიონში. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში სოფელ ტამიშის და შრომის მიმართულებით.
ბორის ვეკუა, 1993 წლის 26 ივნისს, ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს – სოფელ ახალშენში გმირულად დაიღუპა.
ბორის ვეკუა დაკრძალულია სოფელ მერხეულში.
გურამ ჯობეს ძე გაზდელიანი
გურამ ჯობეს ძე გაზდელიანი დაიბადა 1960 წელს გულრიფშის რაიონის სოფელ ჩინში. 1978 წელს დაამთავრა სოფელ ჩინის საშუალო სკოლა. 1979 წლიდან სწავლობდა ქალაქ ტამბოვის სამშენებლო ინსტიტუტში დაუსწრებელ განყოფილებაზე.
სამშობლოზე გულანთებული ჭაბუკი, ომის პირველი დღეებიდან ჩადგა მამულის დამცველთა რიგებში. რიგითი გურამ გაზდელიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რიგებში. კერძოდ, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზებული ბრიგადის მერხეულის პირველი სარეზერვო ბატალიონის მე-3 ასეულის, მე-2 ოცეულის მსროლელად.
1993 წლის 5 თებერვალს, მტერთან ბრძოლაში გურამ გაზდელიანი გმირულად დაიღუპა.
ზურაბ რუბენის ძე გასვიანი
ზურაბ რუბენის ძე გასვიანი დაიბადა 1967 წლის 20 ოქტომბერს გულრიფშის რაიონში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოიხადა და მშობლიურ სოფელ წებელდაში მძღოლად დაიწყო მუშაობა. მალე ოჯახსაც მოეკიდა, მაგრამ აფხაზეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ ხელში იარაღი ააღებინა და მოხალისედ ჩაეწერა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მეშვიდე ბატალიონში, სადაც ერთ-ერთი ოცეულის მეთაურის მოადგილედ დაინიშნა. თავდადებული და უშიშარი მებრძოლი 1993 წლის 19 თებერვალს მტრის ულმებელმა ტყვიამ შეიწირა.
რომან მელიტონის ძე ბენიძე
რომან ბენიძე დაიბადა 1955 წლის 31 იანვარს გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდაში. 1973 წელს დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა. 1974-75 წლებში მსახურობდა საბჭოთა ჯარში ქ. სვერდლოვსკში. სავალდებულო-სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ ცხოვრობდა ქალაქ სოხუმში _ ეშბას ქუჩაზე.
1978 წელს დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი, მშენებლის სპეციალობით. 1982 წელს დაოჯახდა. 1985 წელს დაიწყო მუშაობა პროფკავშირების თავმჯდომარედ მშობლიურ რაიონში.
1985 წლამდე მუშაობდა ქალაქ სოხუმის 45-ე პროფტექნიკურ სასწავლებელში მასწავლებლად.
1992 წელს დაამთავრა ქალაქ მოსკოვის შრომის აკადემია, ეკონომისტის სპეციალობით.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე რომან ბენიძე ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-7 ბატალიონში, შტაბის უფროსის მოადგილედ. 1993 წლის 17 აპრილს მიენიჭა ლეიტენანტის წოდება. ასმეთაურის მოადგლე ლეიტენანტი მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში შრომა, ახალშენი, ტამიშის მიმართულებით.
1993 წლის 22 სექტემბერს რომან ბენიძე დაიღუპა ავიაკატასტროფაში. ის იმ თვითმფრინავში იმყოფებოდა, რომელიც ომის მიწურულს აფხაზმა სეპარატისტებმა ააფეთქეს ბაბუშარას აეროპორტის თავზე… ოთხი წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი მისი გადმოსვენება. ის დიდი პატივით დაკრძალეს ხონის რაიონში, სოფელ გოჩა ჯიხაიშში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის რომან ბენიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
უშანგი იასონის ძე ბელთაძე
უშანგი ბელთაძე დაიბადა 1933 წლის 24 მარტს, ვანის რაიონში, სოფელ ყუმურიშში. 1949 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა სოხუმის რაიონში, სოფელ ახალშენში. დაამთავრა სოხუმის რაიონის, სოფელ შრომის საშუალო სკოლა. მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამსახური საბჭოთა ჯარში. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა სოხუმის მესამე ავტოსატრანსპორტო გაერთიანებაში, შემდეგ 1963 წლიდან გადავიდა გაგრის სატყეო მეურნეობაში.
1993 წლის მარტიდან ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-7 ბატალიონში. იბრძოდა სოფელ ახალშენში.
უშანგი ბელთაძე 1993 წლის 22 სექტემბერს, სოხუმის რაიონის სოფელ ახალშენთან ერთ-ერთი შემოტევის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა და გარდაიცვალა. დაკრძალულია სოხუმის რაიონში, სოფელ ახალშენში.
მამული იონას ძე აფხაზავა
მამული იონას ძე აფხაზავა დაიბადა 1947 წლის 26 აგვისტოს მარტვილში. მარტვილის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ცხოვრობდა აფხაზეთში, იყო სოფელ მერხეულის ნ. ბარათაშვილის სახელობის კოლმეურნეობის თავმჯდომარე.
1992 წლის აგვისტოდან, ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე, ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-7 ბატალიონის მებრძოლთა რიგებში.
მამული აფხაზავა 1992 წლის 29 სექტემბერს ერთ-ერთი საბრძოლო დავალების დროს მიღებული ჭრილობის შედეგად გმირულად დაიღუპა .
დათო (დავით) ნოეს ძე არჩვაძე
დათო (დავით) ნოეს ძე არჩვაძე დაიბადა 1961 წლის 13 ივნისს გულრიფშის რაიონში, სოფელ განახლებაში. დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა. მუშაობდა სოფლის კოლმეურნეობაში ტრაქტორის მძღოლად.
აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, დათო არჩვაძე ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის, მე-7 ბატალიონში.
1993 წლის 16 მარტს საბრძოლო ოპერაციის დროს დათო არჩავაძე გმირულად დაიღუპა. დაკრძალულია მშობლიურ სოფელ განახლებაში.
დათო არჩვაძეს დარჩა მეუღლე და ორი შვილი.
ოთარ დავითის ძე ჯობავა
ოთარ დავითის ძე ჯობავა დაიბადა 1954 წლის 25 მარტს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, რომელიც 1984 წელს დაამთავრა, დაოჯახდა, ვაჟი შეეძინათ, უამრავი გეგმა და ოცნება წინ იყო…. მაგრამ აფხაზეთში ომი დაიწყო და ოთარი მეგობრებთან ერთად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე დადგა. 1992 წლის ოქტომბრიდან ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-2 ასეულში ოცმეთაურის თანამდებობაზე. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში.
ოთარ ჯობავა 1993 წლის 18 სექტემბერს ქალაქ სოხუმის დაცვისას დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1993 წლის 16 მარტს სოხუმზე განხორციელებული ფართომაშტაბიანი შემოტევის მოგერიების დროს ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ოთარ ჯობავა დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
ვასილ ენვერის ძე ჯიშკარიანი
ვასილ ენვერის ძე ჯიშკარიანი დაიბადა 1969 წლის 27 თებერვალი. დაამთავრა გულრიფშის საშუალო სკოლა. 1987-1990 წლებში მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში ქალაქ სევასტოპოლში. დემობილიზაციის შემდეგ მშობლიურ კუთხეში კერძო ბიზნესით იყო დაკავებული.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ვასიკო მეგობრებთან ერთად დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. 1992 წლის 23 სექტემბრიდან ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის 1-ლი ასეულის მე-2 ოცეულის მეთაურის თანამდებობაზე. ვასიკო პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და თანამებრძოლებთან ერთად მედგარ წინააღმდეგობას უწევდა მომხვდურ მტერს.
ვასილ ჯიშკარიანი 1993 წლის 2 აპრილს ბატალიონის საბრძოლო პოზიციაზე მდინარე გუმისთის პირას სოფელ ქვემო-ეშერასთან საბრძოლო დავალების შესრულების დროს, სნაიპერის მიერ გამოსროლი ტყვიით სასიკვდილოდ დაიჭრა.
გამძლეომა და შვილის საფლავის ნახვის იმედი არ დაუკარგოს უფალმა ღმერთმა მის დედას ქალბატონ მერი დავითაია-ჯიშკარიანს.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1993 წლის 16 მარტს სოხუმზე განხორციელებული ფართომაშტაბიანი შემოტევის მოგერიების დროს გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვასილ ჯიშკარიანი დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
ვასილ ჯიშკარიანი დაკრძალულია სოფელ მაჭარაში.
პავლე ნიკოლოზის ძე ჯახუა
ჯახუა პავლე ნიკოლოზის ძე დაიბადა 1961 წლის 22 თებერვალს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა კელასურის საშუალო სკოლა, შემდეგ მოსკოვის მანქანათმშენებლობის ინსტიტუტი. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე პავლე მეგობრებთან ერთად დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის
თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-3 ასეულში. იგი უშიშრად იბრძოდა მდინარე გუმისთის პირას, ქვემო ეშერაში…
პავლე ჯახუა 1993 წლის 8 ივნისს მე-6 ბატალიონის მე-3 ასეულის საბრძოლო პოზიციაზე მოწინააღმდეგის გამოსროლილი ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა. დედა_ მერი ჯახუა, დღემდე ცოცხლობს იმედით, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და შვილის საფლავს დაიბრუნებს.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის პავლე ჯახუა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
ამირან ქიშვარდის ძე ხურცილავა
ამირან ქიშვარდის ძე ხურცილავა დაიბადა 1956 წლის 9 მარტს მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში. სკოლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. სავალდებულო-სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ დაამთავრა ქალაქ სოხუმის ინდუსტრიალური ტექნიკუმი და მუშაობა დაიწყო სოხუმის სამშენებლო კომბინატში სპეციალობით. 1978 წელს ამირანი დაქორწინდა, შეეძინათ სამი შვილი (მურთაზი, მანონი და ნიკა). ოჯახი ბედნიერად ცხოვრობდა და სამომავლო გეგმებს ალაგებდა ზღვისპირა სოხუმში, მაგრამ 1992 წლის 14 აგვისტოს ომმა შეცვალა ხურცილავების ოჯახის მშვიდობიანი ცხოვრებისეული გეგმები. ამირანი მეგობრებთან ერთად დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში.
1992 წლის 20 სექტემბრიდან ამირან ხურცილავა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის პირველ ასეულში რიგით მებრძოლად. იგი ვაჟკაცურად იგერიებდა მტრის შემოტევებს თანამებრძოლებთან ერთად ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე სოფელ ქვემო ეშერასთან. საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის 1993 წლის 4 ივლისი. დილის 02:00 საათზე საარტელერიო დაბომბვის ხმამ შესძრა სოხუმი, მტერმა მორიგი შეტევა დაიწყო ქალაქზე. ამირანი მე-6 ბატალიონის 1-ლი ასეულის მეომრებთან ერთად ჩაერთო მტრის სადაზვერვო ჯგუფთან უთანასწორო ბრძოლაში და გმირულად დაიღუპა ბრძოლის ველზე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ამირან ხურცილავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.
ოთარ ტარასის ძე ხორგუანი
ოთარ ტარასის ძე ხორგუანი დაიბადა 1968 წლის 20 აგვისტოს.
აფხაზეთის კონფლიქტის დროს ოთარ ხორგუანი ჩარიცხული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის დაზვერვის ოცეულში მზვერავის თანამდებობაზე 1992 წლის 23 სექტემბრიდან.
ოთარ ხორგუანი დაიღუპა1992 წლის 25 ნოემბერს, ბატალიონის საბრძოლო პოზიციაზე, მდინარე გუმისთის პირას, სოფელ ქვემო ეშერასთან პოზიციური ბრძოლის დროს სანგარში.
ჯამბულატ თენგიზის ძე ხორავა
ჯამბულატ თენგიზის ძე ხორავა დაიბადა 1959 წლის 5 ივნისს გულირიფშის რაიონში. დაამთავრა დრანდის საშუალო სკოლა. მუშაობდა სოხუმის აეროპორტში მძღოლად შემდეგ კი ავიატექნიკოსად.
1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში დაწყებულ ომს გვერდი არ აუვლია ჯამბულის ოჯახიშათვის. სამშობლოსათვის გულანთებული ვაჟკაცი გვერდზე არ გამდგარა ქვეყნის გასაჭირის დროს, იგი იარაღით ხელში დადგა სამშობლოს დამცველთა გვერდით. ჯამბულატი ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-4 ასეულში 1992 წლის სექტემბრიდან.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მან თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს ერთიანობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. ჯამბულატი აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში, პირნათლად ასრულებდა მეთაურის საბრძოლო დავალებებს. მებრძოლებში სარგებლობდა დამსახურებული ავტორიტეტით.
აფხაზეთის დაცემის შემდეგ მან გააგრძელა სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის შსს სპეცდანიშნულების ასეულში. 1997 წლის ივლისის თვეში ჯამბულატ ხორავა გმირულად დაიღუპა გულრიფშის რაიონში _ ერთ ერთი საბრძოლო დავალების შესრულებისას.
ჯამბულატ ხორავას დარჩა მეუღლე და ორი ვაჟი.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ჯამბულატ ხორავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.