სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენი გმირები

სლავიკ იანქოს ძე ხათხუა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

 

სლავიკ იანქოს ძე ხათხუა დაიბადა 1956 წლის 15 ივლისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ  ათარაში. მან 1974 წელს დაამთავრა გულრიფშის რაიონის სოფელ განახლების საშუალო სკოლა.  ცხოვრობდა გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში.

აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების დროს სლავიკ ხათხუა მეგობრებთან ერთად  დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. 1992 წლის 20 სექტემბრიდან იგი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-3 ასეულში რიგით მებრძოლად.  თანამებრძოლებთან ერთად ვაჟკაცურად იგერიებდა მტრის შემოტევებს ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე _ სოფელ ქვემო ეშერასთან.  საბედისწერო აღმოჩნდა სლავიკ ხათხუასთვის 1993 წლის 4 ივლისი, მე-6 ბატალიონის 1-ლი ასეულის მეომრებთან ერთად სლავიკი ჩაერთო მტრის სადაზვერვო ჯგუფთან უთანასწორო ბრძოლაში და  გმირულად დაიღუპა ბრძოლის ველზე.

სლავიკ ხათხუას დარჩა მეუღლე და სამი ვაჟი…

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის  ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის სლავიკ ხათხუა დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

 

 

სლავიკ იანქოს ძე ხათხუა

  სლავიკ იანქოს ძე ხათხუა დაიბადა 1956 წლის 15 ივლისს...

რუდენ ნიაზის ძე ძანძავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

რუდენ ნიაზის ძე ძანძავა დაიბადა 1971 წლის 30 მაისს გალის რაიონის სოფელ ბარღებში. 1977  წელს სასწავლებლად შევიდა გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღების საშუალო სკოლაში, ხოლო შემდეგ ფეხბურთის  ნიჭით  დაჯილდოვებულმა ახალგაზრდამ სწავლა განაგრძო ქალაქ ზუგდიდის საფეხბურთო სკოლაში, რომელიც 1988 წელს დაამთავრა. 1989-1991 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში _ პოლონეთში. სავალდებულო-სამხედრო სამსახურში მსახურისას მიიღო ქვეითთა საბრძოლო მანქანის მეთაურის კვალიფიკაცია. დემობილიზაციის შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ კუთხეში და დაიწყო მზადება უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად, მაგრამ აფხაზეთში დაწყებულმა ომმა ბევრი ახალგაზრდის გეგმები შეცვალა, მათ რიგებში იყო რუდენიც. ქალაქ სოხუმზე 1993 წლის მარტის შემოტევის მოგერიების შემდეგ თითქმის მთელი ქვეყნის ახალგაზრდობა დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში.  რუდენ  ძანძავა 1993 წლის 15 აპრილს ჩაირიცხა  თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-4 ასეულში. რუდენი პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და  მედგარ წინააღმდეგობას უწევდა თანამებრძოლებთან ერთად მომხვდურ მტერს.

1993 წლის 3 მაისს ბატალიონის საბრძოლო პოზიციაზე მდინარე გუმისთის პირას სოფელ ქვემო-ეშერასთან  პოზიციური ბრძოლის დროს რუდენ ძანძავა სასიკვდილოდ დაიჭრა მოწინააღმდეგის მიერ გამოსროლილი ჭურვის ნამსხვრევით.

 

რუდენ ნიაზის ძე ძანძავა

რუდენ ნიაზის ძე ძანძავა დაიბადა 1971 წლის 30 მაისს გალის...

შოთა ალექსანდრეს ძე ცეცაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

შოთა ალექსანდრეს ძე ცეცაძე დაიბადა1964 წლის 20 აგვისტოს გულრიფშის რაიონის სოფელ ბაბუშერაში. 1971-1981 წლებში სწავლობდა ბაბუშერის საშუალო სკოლაში. 1982 წელს ჩაირიცხა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელის დაამთავრების შემდეგ  მუშაობა დაიწყო სოხუმის აეროპორტში.

აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების დროს შოთა მეგობრებთან ერთად  დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. 1992 წლის  პირველი ნოემბრიდან შოთა ცეცაძე ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-4 ასეულში, მსროლელის თანამდებობაზე. იგი ვაჟკაცურად იგერიებდა მტრის შემოტევებს თანამებრძოლებთან ერთად ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე სოფელ ქვემო-ეშერასთან.

აფხაზეთის დაცემის შემდეგ მან გააგრძელა სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის შსს სპეცდანიშნულების ასეულში. 1997 წლის ივლისის თვეში შოთა ცეცაძე გმირულად დაიღუპა გულრიფშის რაიონში _ ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულებისას.

შოთა ალექსანდრეს ძე ცეცაძე

შოთა ალექსანდრეს ძე ცეცაძე დაიბადა1964 წლის 20 აგვისტოს გულრიფშის რაიონის...

ანზორ ივანეს ძე ცატავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

ანზორ ივანეს ძე ცატავა დაიბადა 1957 წლის 16 ოქტომბერს გულრიფშის რაიონში. დაამთავრა გულრიფშის საშუალო სკოლა.

აფხაზეთში ომის დაწყების პირველივე დღიდან ანზორი მეგობრებთან ერთად დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. 1992 წლის 20 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის II-ასეულში.

1992 წლის 5 ნოემბერს ანზორი დაიღუპა მე-6 ბატალიონის  საბრძოლო პოზიციაზე მდინარე გუმისთის პირას (სოფელ ქვემო ეშერასთან)  პოზიციური ბრძოლის დროს.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ანზორ ცატავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“.

ანზორ ივანეს ძე ცატავა

ანზორ ივანეს ძე ცატავა დაიბადა 1957 წლის 16 ოქტომბერს გულრიფშის...

მიხეილ ლავრენტის ძე ჩიქობავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

მიხეილ ლავრენტის ძე ჩიქობავა დაიბადა 1962 წელს.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მიხეილ ჩიქობავა  ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2  საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6  სატანკო ბატალიონის  საინჟინრო-მესანგრეთა ოცეულში ათმეთაურის თანამდებობაზე  1992  წლის  23  სექტემბრიდან.

1993 წლის 29 სექტემბერს მიხეილ ჩიქობავა, თანამებრძოლთან  ერთად, სოფელ ქვემო-ფშაფთან  მტრის სადაზვერვო ჯგუფთან შეტაკებისას დაიღუპა.

 

მიხეილ ლავრენტის ძე ჩიქობავა

მიხეილ ლავრენტის ძე ჩიქობავა დაიბადა 1962 წელს. აფხაზეთში მიმდინარე საომარი...

ავთანდილ შაქროს ძე შონია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

ავთანდილ შაქროს ძე შონია დაიბადა 1964 წლის 18 თებერვალს ოჩამჩირის რაიონის სოფელ წყურგილში. ახალი კინდღის საშუალო სკოლის დამთავრების  შემდეგ  ავთანდილმა სწავლა განაგრძო ქალაქ სოხუმის კულინარიულ  ტექნიკუმში. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობა დაიწყო გულრიფშის რაიონულ სავადმყოფოში ექსპედიტორად.

1993 წლის 30 მაისიდან ავთანდილ შონია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-3 ასეულის მე-7 ოცეულში ტანკის მეთაურის თანამდებობაზე.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ავთანდილმა თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს ერთიანობისათვის  თავდადებულმა მებრძოლმა.  იგი აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. პირნათლად ასრულებდა მეთაურის საბრძოლო დავალებებს. მებრძოლებში სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით.

აფხაზეთის დაცემის შემდეგ ავთანდილ შონიამ   სამსახური გააგრძელა შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის შსს სპეცდანიშნულების ასეულში. 1997 წლის ივლისში ავთანდილ  შონია გმირულად დაიღუპა გულრიფშის რაიონში ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულებისას.   ავთანდილ შონიას დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის  ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ავთანდილ შონია დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

ავთანდილ შაქროს ძე შონია

ავთანდილ შაქროს ძე შონია დაიბადა 1964 წლის 18 თებერვალს ოჩამჩირის...

მამუკა სევერიანის ძე შენგელია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

მამუკა სევერიანის ძე შენგელია დაიბადა 1965 წლის 6 აპრილს. 1982 წელს დაამთავრა გულრიფშის  შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა. სამხედრო სავალდებულო სამსახური მოიხადა რუსეთის ქალაქ მურმანსკის საზღვაო ფლოტში.

1992 წლის სექტემბერში,  ქართულ-აფხაზური დაპირისპირების დროს, ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექნიზირებული ბრიგადის  მე-6 სატანკო ბატალიონის მე-3 ასეულში ტანკის მეთაურის თანამდებობაზე.

1993 წლის 6 აპრილს ასეულის საბრძოლო პოზიციაზე მდინარე გუმისთის პირას, სოფელ ქვემო ეშერასთან პოზიციური ბრძოლის დროს მამუკა სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა.

მამუკა შენგელიას დარჩა მეუღლე და სამი შვილი.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის მამუკა შენგელია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.

მამუკა სევერიანის ძე შენგელია

მამუკა სევერიანის ძე შენგელია დაიბადა 1965 წლის 6 აპრილს. 1982...

მერაბ ბონდოს ძე ყურაშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

მერაბ ბონდოს ძე ყურაშვილი დაიბადა 1963 წლის 27 მარტს გულრიფშის რაიონის სოფელ ამტყელში. იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა.

აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების დროს მერაბი მეგობრებთან ერთად  დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. 1992 წლის 12 სექტემბრიდან ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის 1-ლ  ასეულში _ რიგით მებრძოლად. გულანთებული ვაჟკაცი  ებრძოდა მომხდურ მტერს თანამებრძოლებთან ერთად ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე _ სოფელ ქვემო-ეშერასთან.  საბედისწერო აღმოჩნდა  მერაბისთვის ივლისის თვე. 1993 წლის 4 ივლისს დილის 2 საათზე საარტელერიო დაბომბვის ხმამ შეძრა სოხუმი, მტერმა მორიგი შეტევა დაიწყო ქალაქზე.  მერაბი  მე-6 ბატალიონის 1-ლი ასეულის მეომრებთან ერთად ჩაერთო მტრის სადაზვერვო ჯგუფთან უთანასწორო ბრძოლაში და  გმირულად  დაიღუპა ბრძოლის ველზე.

მერაბ ყურაშვილი დაკრძალულია სოფელ ამტყელში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მერაბ ყურაშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

 

მერაბ ბონდოს ძე ყურაშვილი

მერაბ ბონდოს ძე ყურაშვილი დაიბადა 1963 წლის 27 მარტს გულრიფშის...

ვლადიმერ არქიპოს ძე ქელეხსაშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

ვლადიმერ არქიპოს ძე ქელეხსაშვილი დაიბადა 1968 წლის 13 აგვისტოს ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის №71 საშუალო სკოლა. 1987 წელს გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში _ ავღანეთის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, (სადაც ბრძოლისას დაიჭრა). ჯარიდან დემობილიზებულ იქნა 1989 წელს. ჭრილობის მოშუშების შემდეგ ვლადიმერმა მძღოლად დაიწყო მუშაობა ქალაქ თბილისის ერთ-ერთ საწარმოში.

აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების დროს ავღანეთის ომგამოვლილი  ვაჟკაცი სამშობლოსათვის გულანთებული ვაჟკაცების გვერდით დადგა, (არხიპა) მეგობრებთან ერთად ჩაერთო ჯგუფში, რომელთაც ტანკები გადაქონდათ აფხაზეთში. სოხუმში ჩასვლისას ვლადიმერმა სურვილი გამოთქვა დარჩენილიყო ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ ბიჭებთან და ავღანათში მიღებული საომარი გამოცდილება გამოეყენებინა სამშობლოს საკეთილდღეოდ.  ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონში.

1992 წლის  26 ნოემბერს მე-6 ბატალიონის  საბრძოლო პოზიციაზე, მდინარე გუმისთის პირას (სოფ. ქვემო-ეშერასთან) ერთ-ერთი პოზიციური ბრძოლის დროს ვლადიმერ ქელეხსაშვილი  გმირულად  დაიღუპა.

 

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვლადიმერ ქელეხსაშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.

 

ვლადიმერ არქიპოს ძე ქელეხსაშვილი

ვლადიმერ არქიპოს ძე ქელეხსაშვილი დაიბადა 1968 წლის 13 აგვისტოს ქალაქ...

რაინდი (დემური) მამიას ძე ქებურია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

რაინდი (დემური) მამიას ძე ქებურია დაიბადა 1970 წლის 1 მაისს გულრიფშის რაიონის სოფელ პირველ ვარჩეში.
1987 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა  გააგრძელა პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში. მუშაობდა ზეინკალად სოფელ ვარჩეში. 1988 წლის მაისში გაიწვიეს  სავალდებულო-სამხედროსამსახურში ქალაქ ტომსკში.
როგორც კი სამშობლოს გაუჭირდა, 1992 წელს, აქტიურად ჩაება საბრძოლო მოქმედებებში.

ახალგაზრდა ვაჟკაცი გულგრილი არ დარჩა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ და მეგობრებთან ერთად  დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. 1992 წლის 12 სექტემბრიდან რაინდი ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის 1-ლ ასეულში. უშიშრად იბრძოდა მდინარე გუმისთის პირას, (ქვემოეშერაში) მტრის შემოტევების მოგერიებისას.

 

1993 წლის 5 მაისს ბატალიონის საბრძოლო პოზიციაზე მდინარე გუმისთის პირას სოფელ ქვემო-ეშერასთან  პოზიციური ბრძოლის დროს რაინდი ქებურია სასიკვდილოდ დაიჭრა მოწინააღმდეგის მიერ გამოსროლილი ჭურვის ნამსხვრევით.

 

რაინდი (დემური) მამიას ძე ქებურია

რაინდი (დემური) მამიას ძე ქებურია დაიბადა 1970 წლის 1 მაისს...

ზურაბ გიორგის ძე ქარჩავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

 

ზურაბ გიორგის ძე ქარჩავა დაიბადა 1949 წლის 29 ოქტომბერს გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში. გულრიფშის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1969-1971 წლებში, მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში _ ქალაქ ლენინგრადში. ქალაქ ლენინგრადში ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩამოვიდა მშობლიურ კუთხეში და მუშაობა დაიწყო გულრიფშის მილიციის რაიგანყოფილებაში. 1982 წლის  ზურაბ  ქარჩავა სამუშაოდ წავიდა რუსეთის ფედერაციის ქალაქ იაროსლავში.

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში დაწყებულმა ომმა უამრავი მამულიშვილის გეგმები შეცვალა. ომის დაწყების შემდეგ ბევრი ქართველი თავს არიდებდა ომს და რუსეთში მიდიოდა, ზურაბი კი პირიქით ჩამოვიდა რუსეთიდან და დადგა სამშობლოს დამცველი ვაჟკაცების გვერდით.

ზურაბ ქარჩავა 1993 წლის 1 აპრილიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის პირველ ასეულში მე-3 ოცეულის მეთაურის თანამდებობაზე. თანამებრძოლებთან ერთად ვაჟკაცურად იგერიებდა მტრის შემოტევებს ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე სოფელ ქვემო ეშერასთან. საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის და მისი ოცეულისათვის ივლისის შემოტევა… პირველი ასეულის მე-3 ოცეულის მებრძოლები ოცმეთაურ ზურაბ ქარჩავასთან ერთად საარტილერიო დაბომბვის დაწყებამდე ისვენებდნენ სანგრებიდან 50 მეტრში მდებარე სახლში. ჭურვების აფეთქების ხმების გაგონებისთანავე ოცეული  გაემართა სანგრებში მყოფ თანამებრძოლთა დასახმარებლად, მაგრამ პოზიციების მისვლამდე ოცეული შეეჩეხა საარტილერიო დაბომბვის დროს პირველი ასეულის ერთ-ერთ სანგარში მალულად შემოსულ მტრის სადაზვერვო რაზმს. უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპნენ ზურაბ ქარჩავა, გაიოზ ფაცაცია, მერაბ ყურაშვილი, სლავიკ ხათხუა, ნოდარ თორდია, ამირან ხურცილავა.

 

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ზურაბ ქარჩავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

 

 

ზურაბ გიორგის ძე ქარჩავა

  ზურაბ გიორგის ძე ქარჩავა დაიბადა 1949 წლის 29 ოქტომბერს...

გოჩა ვალერის ძე ქარჩავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

გოჩა ვალერის  ძე ქარჩავა დაიბადა 29 ოქტომბერს 1971 წელს გულრიფშის რაიონის სოფელ ზემო ფშაფში. 1978-1988 წლებში სწავლობდა ზემო ფშაფის საშუალო სკოლაში.1989-1991 წლებში მსახურობდა ქალაქ პერმში, შინაგან ჯარში.

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში საომარი კონფლიქტის დროს გოჩა ქარჩავა ჩაირიცხა თავდაცვის სამინისტროს 23-ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-4 ასეულის რიგებში, რიგით მებრძოლად. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში _ მდინარე გუმისთის პირას. გოჩამ თავი გამოიჩინა როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლმა, მამაცმა მეომარმა. 1993 წლის 16 მარტს სოხუმზე განხორციელებული შემოტევის მოგერიებისას გოჩა ქარჩავა დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გოჩა ქარჩავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“.

გოჩა ვალერის ძე ქარჩავა

გოჩა ვალერის  ძე ქარჩავა დაიბადა 29 ოქტომბერს 1971 წელს გულრიფშის...

ზურაბ პართენის ძე ფოფხაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

ზურაბ პართენის ძე ფოფხაძე დაიბადა 1958 წლის 8 მარტს ქალაქ ამბროლაურში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ქალაქ რუსთავში მეტალურგიულ სასწავლებელში. პარალელულად უკრავდა მუსიკალურ ანსამბლში. 1978 წელს  დაოჯახდა, შეძინათ ქალ-ვაჟი. 1982 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა გულრიფშის რაიონში და მზიურ აფხაზეთში  შეუდგნენ ბავშვების აღზრდასა და მომავალზე ზრუნვას.

1992 წლის 14 აგვისტოს  აფხაზეთში დაწყებულ ომმა სამშობლოსათვის გულანთებული ვაჟკაცის გეგმები ძირფესვიანად შეცვალა, გვერდზე არ გამდგარა ქვეყნის გასაჭირის დროს, იარაღით ხელში დადგა სამშობლოს დამცველთა გვერდით. 1992 წლის სექტემბრიდან ზური ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-3 ასეულში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ზურაბ ფოფხაძემ თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს ერთიანობისათვის  თავდადებულმა მებრძოლმა. ერთ-ერთი შემოტევის მოგერიების დროს დაიჭრა, გამოჯამრთელების შემდეგ კვლავ დადგა თანამებრძოლების გვერდით. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში, პირნათლად ასრულებდა მეთაურის დავალებებს. თანამებრძოლებს შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით.

აფხაზეთის დაცემის შემდეგ ზურაბ ფოფხაძემ გააგრძელა სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის შსს სპეცდანიშნულების ასეულში. 1997 წლის ივლისში ზურაბ ფოფხაძე გმირულად დაიღუპა გულრიფშის რაიონში _ ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულებისას.

საქართველოს  პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ზურაბ ფოფხაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის  II ხარისხის ორდენით.

ზურაბ პართენის ძე ფოფხაძე

ზურაბ პართენის ძე ფოფხაძე დაიბადა 1958 წლის 8 მარტს ქალაქ...

ლადო ანდროს ძე ფირცხელანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

ლადო ანდროს ძე ფირცხელანი დაიბადა 1967 წლის 28 დეკემბერს მესტიის რაიონის სოფელ ლატალში. ქალაქ თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც  1990 წელს წარმატებით დაასრულა, რის შემდეგაც სწავლობდა _ მენეჯერთა უმაღლეს სკოლაში.  ფლობდა ინგლისურ და რუსულ ენებს.  სამშობლოზე მგზნებარედ შეყვარებული ჭაბუკის გეგმები აფხაზეთში დაწყებულმა საომარმა მოქმედებებმა ძირფესვიანად შეცვალა, იგი მეგობრებთან ერთად დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. 1992 წლის ნოემბიდან

ლადო ფირცხელანი ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-2 ასეულში რიგით მებრძოლად. ლადო პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას,  მედგარ წინააღმდეგობას უწევდა მომხვდურ მტერს თანამებრძოლებთან ერთად.

1993 წლის 5 თებერვალს ბატალიონის საბრძოლო პოზიციაზე მდინარე გუმისთის პირას, სოფელ ქვემო-ეშერასთან, პოზიციური ბრძოლის დროს ლადო ფირცხელანი სასიკვდილოდ დაიჭრა მოწინააღმდეგის მიერ გამოსროლილი ტყვიით.

 

ლადო ანდროს ძე ფირცხელანი

ლადო ანდროს ძე ფირცხელანი დაიბადა 1967 წლის 28 დეკემბერს მესტიის...

თენგიზ ვლადიმირის ძე ფაცაცია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

თენგიზ ვლადიმირის ძე ფაცაცია დაიბადა 1973 წლის 29 ივლისს გულრიფშის რაიონის სოფელ მერხეულში. 1991 წელს დაამთავრა მერხეულის საშუალო სკოლა. სამშობლოს მოსიყვარულე, პატრიოტი ახალგაზრდა, როგორც კი, მშობლიურ მხარეში განგაშის ზარმა ჩამოკრა უყოყმანოდ დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში.

თენგიზ ფაცაცია  1992 წლის 12 სექტემბრიდან ირიცხებოდა  თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-2 ასეულის 1-ლ ათეულში ყუმბართმტყორცნელის თანამდებობაზე. თენგიზი პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და თანამებრძოლებთან ერთად უწევდა მედგარ წინააღმდეგობას მომხვდურ მტერს.

თენგიზ ფაცაცია 1992  წლის  17 დეკემბერს მე-6 ბატალიონის  საბრძოლო პოზიციაზე _ მდინარე გუმისთის პირას (სოფ. ქვემო-ეშერასთან)  დაიღუპა  პოზიციური ბრძოლის დროს.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის თენგიზ ფაცაცია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.

თენგიზ ვლადიმირის ძე ფაცაცია

თენგიზ ვლადიმირის ძე ფაცაცია დაიბადა 1973 წლის 29 ივლისს გულრიფშის...

error: Content is protected !!