გაიოზ ფაცაცია
გაიოზ ფაცაცია დაიბადა 1951 წლის 3 თებერვალს ქალაქ სოხუმში. სოფელ შრომის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამსახური. მუშაობდა დრანდის ბინათმშენებლობის კომბინატში. შექმნა ლამაზი ოჯახი _ ლია ქვარცხავასთან, შეეძინათ ორი შვილი (ოთარი და ლიკა). თითქოსდა ოჯახს ბედნიერებისათვის არაფერი აკლდა, მშობლები მუხლჩაუხრელად შრომობდნენ ოჯახის საკეთილდღეოდ…, მაგრამ დაიწყო აფხაზეთის ომი და გაიოზიც თავისი მეგობრებისა და მეზობლების მსგავსად დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. 1992 წლის 12 სექტემბრიდან
გაიოზი ირიცხებოდა 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის პირველი ასეულის მე-3 სატანკო ოცეულის მეთაურად, გაიოზი უშიშრად იბრძოდა მდინარე გუმისთის პირას, (ქვემო ეშერაში) მტრის შემოტევების მოგერიების დროს. 1993 წლის 16 მარტს გაიოზი დაიჭრა, გამოჯამრთელების შემდეგ იგი კვლავ დადგა სამშობლოს დამცველთა გვერდით.
საბედისწერო აღმოჩნდა გაიოზ ფაცაციასათვის 4 ივლისის შემოტევა. ოცეული, რომელშიც იბრძოდა გაიოზი შეეჯახა მათ საბრძოლო პოზიციებზე შემოსული მოწინააღმდეგის სადაზვერო ჯგუფს. ხანმოკლე ბრძოლისას გმირულად დაიღუპა გაიოზი და მისი ხუთი თანამებრძოლი.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გაიოზ ფაცაცია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
გაიოზ ფაცაცია დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში.
სერგეი ნიკოლოზის ძე უშაკოვი
სერგეი ნიკოლოზის ძე უშაკოვი დაიბადა 1954 წლის 11 ივლისს.
სერგეი უშაკოვი აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 13 ოქტომბრიდან, ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე
მექანიზირებული ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-2 ასეულში ტანკის დამტენის თანამდებობაზე.
1993 წლის 5 იანვარს ქალაქ სოხუმზე მტრის შემოტევის მოგერიებისას სერგეი უშაკოვი მდინარე გუმისთის პირას, სოფელ ქვემო-ეშერასთან ბატალიონის საბრძოლო პოზიციაზე რა დროსაც ნაღმტყორცნის ნამსხვრევებისაგან სასიკვდილოდ დაიჭრა ბრძოლის ველზე.
კახა იპოლიტეს ძე ტაბაღუა
კახა იპოლიტეს ძე ტაბაღუა დაიბადა 1967 წლის 16 მარტს გალის რაიონის სოფელ კოხორაში. კოხორის საშუალო სკოლის რვა კლასის დაამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა აჩიგვარის ტექნიკუმში, მექანიზაციის ფაკულტეტზე. ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ გაწვეულ იქნა საბჭოთა არმიის რიგებში, მსახურობდა წყნარი ოკეანის საზღვაო ფლოტში. კახა ტაბაღუა აფხაზეთში ომის დაწყების პირველივე დღიდან ჩადგა მამულის დამცველთა რიგებში. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს
23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის ზურგის სამსახურში, სამეურნეო ოცეულის საწვავ-საპოხი მასალების საწყობის უფროსის თანამდებობაზე. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის საბრძოლო ოპერაციებში მდინარე გუმისთის პირას.
1993 წლის 4 ივლისს სოხუმზე შეტევის მოგერიებისას კახა ტაბაღუა მე-6 ბატალიონის ქიმიური ოცეულის საბრძოლო პოზიციაზე, მდინარე გუმისთის პირას, სოფელ ქვემო ეშერასთან, მძიმედ დაიჭრა და ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის კახა ტაბაღუა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.
კარლო ტატაჩის ძე სიჭინავა
კარლო ტატაჩის ძე სიჭინავა დაიბადა 1957 წლის 23 ივლისს სოხუმის რაიონის სოფელ გუმისთაში. 1963-1974 წლებში სწავლობდა სოხუმის რაიონის მე-16 საშუალო სკოლაში. 1975 წელს დაამთავრა სოხუმის №45 პროფსასწავლებელი, დაეუფლა ელექტროშემდუღებლის პროფესიას. მუშაობდა სოხუმის გაზის აპარატურათა ქარხანაში.
კარლო სიჭინავა 1992 წლის 20 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-4 ასეულში რიგით მებრძოლად.
უშიშარი მებრძოლი, 1993 წლის 16 მარტს, ურიცხვი მტრის შეტევის დროს, მე-4 ასეულის პოზიციებზე შეტაკებისას მძიმედ დაიჭრა და მშობლიური გუმისთის პირას დაასრულა სიცოცხლე ვაჟკაცურად.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის კარლო სიჭინავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.
ლევთერ საყვარელია
ლევთერ საყვარელია დაიბადა 1949 წლის 21 ივლისს, გულრიფშის რაიონის სოფელ მაჭარაში. იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა.
1975 წელს შექმნა ოჯახი ნინელი საყვარელიასთან ერთად. შეეძინათ ორი შვილი პაატა და ნანა.
აფხაზეთში ომის დაწყების შემდეგ ლევთერი მეგობრებთან ერთად დადგა სამშობლოს დამცველთა გვერდით. ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის II-ასეულის 1-ლ ოცეულში მძღოლ-მექანიკოსდ. 1992 წლის 1 ოქტომბრიდან.
1993 წლის 5 იანვარს ქალაქ სოხუმზე მტრის შემოტევის მოგერიების დროს ლევთერ საყვარელია იმყოფებოდა მდინარე გუმისთის პირას სოფელ ქვემო-ეშერასთან, ბატალიონის საბრძოლო პოზიციაზე, რა დროსაც ნაღმტყორცნის ნამსხვრევებისაგან სასიკვდილოდ დაიჭრა ბრძოლის ველზე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის ლევთერ საყვარელია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოებულია მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“.
ელგუჯა ლევანის ძე სახელაშვილი
ელგუჯა ლევანის ძე სახელაშვილი დაიბადა 1970 წლის 17 სექტემბერს გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდაში. 1987 წელს დაამთავრა წებელდის №1 საშუალო სკოლა. 1987-1988 წლებში სწავლობდა ქალაქ სოხუმის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში. სამხედრო-სავალდებულო სამსახური გაიარა ქალაქ კემეროვოში.
ელგუჯა სახელაშვილი აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში. მუშაობდა ზვიად გამსახურდიას დაცვის სამსახურში.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, ელგუჯა უყოყმანოდ ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. ჩაირიცხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონში და დაინიშნა მე-4 ასეულის ოცმეთაურად.
1993 წლის 5 იანვარს ქალაქ სოხუმზე მტრის მასირებული შემოტევის დროს, ელგუჯა სახელაშვილი ბატალიონთან ერთად იმყოფებოდა მდინარე გუმისთის პირას, სოფელ ქვემო ეშერასთან საბრძოლო პოზიციაზე, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა. მისი სიცოცხლის გმირული დასასრული დღემდე უმძიმესი, თუმცა საამაყო ფაქტია მამისათვის _ ლევან სახელაშვილისთვის და ძმისთვის გოჩასათვის.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის ელგუჯა ლევანის ძე სახელაშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის“
მურთაზ ბენოს ძე პიტავა
მურთაზ ბენოს ძე პიტავა დაიბადა 1957 წლის 17 აპრილს. გულრიფშის რაიონში.
1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში დაწყებულ ომს გულგრილი არ დაუტოვებია მურთაზი. სამშობლოსათვის გულანთებული ვაჟკაცი გვერდზე არ გამდგარა ქვეყნის გასაჭირის დროს, იგი იარაღით ხელში დადგა სამშობლოს დამცველთა გვერდით. 1992 წლის 23 სექტემბრიდან ვახტანგი ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-2 ასეულში მემიზნე-ოპერატორად, ხოლო 1993 წლის 10 იანვარს გადაყვანილი იქნა ამავე სატანკო ბატალიონის მე-2 ასეულში საბრძოლო მანქანის მეთაურად.
1993 წლის 16 მარტს გუმისთის ფრონტზე შექმნილი მძიმე საბრძოლო ვითარების გამო ბატალიონის ყველა საბრძოლო მანქანა იმყოფებოდა მე-6 ბატალიონის პოზიციებზე. ტანკმა, რომლის მეთაური იყო მ.პიტავა მიიღო სახიფათო დავალება გაწეულიყო წინა ხაზისაკენ და პირდაპირი ცეცხლით წინააღმდეგობა გაეწია მტრის ცოცხლი ძალის შემოტევისათვის. საბრძოლო პოზიციაზე გასვლის შემდეგ ტანკის სავალი ნაწილი გამოყვანილ იქნა მწყობრიდან. ამიტომ ტანკის მეთაურმა მ. პიტავამ უბრძანა მექანიკოს დაეტოვებინა საბრძოლო მანქანა, თვითონ კი ჭურვის მიმწოდებელთან ერთად გააგრძელა სროლა, რითაც დიდი ზიანი მიაყენა მოწინააღმდეგეს. საბრძოლო კომპლექტის სრული გასროლის შემდეგ მ.პიტავა და ზ.ზარანდია ვეღარ ამოვიდნენ უკვე ცეცხლმოკიდებული ტანკიდან. მათი დანახშირებული სხეულის ნაწილების დამწვარი ტანკიდან ამოსვენება მხოლოდ 17 მარტს შეძლეს თანამებრძოლებმა.
მურთაზ პიტავა დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სასაფლაოზე.
მურთაზ პიტავას დარჩა მეუღლე და ორი ქალიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მურთაზ პიტავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
ფირუზ ანდრიას ძე მოსიძე
ფირუზ მოსიძე დაიბადა 1951 წლის 4 ივნისს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა მე-16 საშუალო სკოლა. პარალელურად ვარჯიშობდა სოხუმის სპორტსკოლაში თავისუფალ ჭიდაობაში. 1974 წელს ჩაირიცხა და 1980 წელს დაამთავრა კრასნოდარის ფიზკულტურის ინსტიტუტი. 1970-72 წლებში მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამსახური ქალაქ ვოლგოგრადში, სადაც მონაწილეობდა სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებში, მიღებული აქვს მრავალი მადლობა და სიგელი, დაჯილდოებულია პირველი და მეორე ხარისხის დიპლომებით, იყო პირველთანრიგოსანი სპორტსმენი. როცა საქართველოში მძიმე ჟამმა ჩამოკრა და აფხაზეთში ძმათამკვლელი ომი გაჩაღდა, 1992 წლის აგვისტოში, სამშობლოსადმი სიყვარულით გულანთებული 50-ზე მეტი ქართველი ვაჟკაცი წავიდა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტიდან ბრძოლის წინახაზზე. მათ შორის ოთხი მეგობარი, რომელთაც ძმობა შეფიცეს ერთმანეთს, ჩაირიცხნენ 23-ე მექანიზებული ბრიგადის გულრიფშის მე-6 სატანკო ბატალიონში და დადგნენ იქ, სადაც უნდა მდგარიყვნენ ჭეშმარიტი მამულიშვილები. კოტესიჭინავა, როზმან ლოლაძე, ფირუზ მოსიძე, ავთო ქარაია— აი, ისინი, ვინც მკერდით იცავდნენ მშობლიური ქალაქის — სოხუმის კარიბჭეს მდინარე გუმისთასთან. უთანასწორო ბრძოლაში მათ არაერთხელ მოიგერიეს მტრის ძლიერი შემოტევები. განსაკუთრებით აღსანიშნავია 16-18 მარტი (1993 წ.), როცა მტერმა ფრონტის ხაზი გაარღვია და ღრმად შემოიჭრა, მაგრამ მე-6 სატანკო ბატალიონის ბიჭებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და დიდი დანაკლისით უკან დაახევინეს კიდეც. ივლისის
შემოტევამ კი სამუდამო კვალი დატოვა მებრძოლებში. მძიმედ დაიჭრნენ, მაგრამ ღვთის წყალობით სასწაულებრივად გადარჩნენ კოტე სიჭინავა, როზმან ლოლაძე, ავთო ქარაია; ხოლო ფირუზ მოსიძისათვის საბედისწერო აღმოჩნდა ეს დღე… შეწყდა მისი ლამაზი სიცოცხლე… უზომოდ მამაცმა, უღალატომ და სულით ძლიერმა იმ საბედისწერო წამსაც, თანამებრძოლთა გადმოცემით, თამამად გაუსწორა სიკვდილს თვალები, რადგან საკუთარ თავზე კი არა, საქართველოზე, მის მომავალზე ფიქრობდა…
ფირუზ მოსიძეს დარჩა მეუღლე (როზეტა მოსიძე) და ქალიშვილი (მადინა).
ფირუზის ქვრივი იხსენებს: „სასაფლაოზე ჯარისკაცებმა წაასვენეს, ახლობლები არ გაგვიყოლეს, რადგან საშინლად იბომბებოდა ის ადგილები, სადაც ხალხმრავლობა იყო. როგორც კი, მიცვალებული ეზოდან გაასვენეს, მომიახლოვდა სფტი-ს დირექტორის მოადგილე სოსო კაკულია და მითხრა: „ჩვენ არ გვაქვს უფლება არ მოვუფრთხილდეთ ფირუზის ერთადერთ ქალიშვილს — მადინას, იგი არ დაგვთანხმდება შენ თუ არ გაყვები, სასწრაფოდ თბილისში უნდა გადაგაფრინოთო“… როცა გონს მოვედი, მძიმედ დაჭრილ ძმას ვადექი თავზე თბილისში. გული შემეკუმშა — ერთი საათის წინ ფირუზის ვეთხოვებოდი სოხუმში, ჯარისკაცები ჯერ კიდევ მის საფლავზე იქნებიან, გულზე უკანასკნელ მიწას აყრიან ალბათ, მე კი, მე… შვილის გადარჩენისათვის გადავდგი ეს ნაბიჯი… მართლაც და შვილი კი გადავარჩინე, მაგრამ რა ბედი ეწიათ იქ დარჩენილებს? — ვერაგმა მტერმა საკუთარ სახლში შეუბრალებლად დახოცა ფირუზის და — ლუიზა მოსიძე და დედა — მარიამ აბულაძე. საფლავებიც არა გვაქვს მათი… მიჭირს, ძალიან მიჭირს ქვრივის მძიმე ტვირთის ტარება, მაგრამ ფირუზის ლამაზი ცხოვრებით დათესილი მადლის ნაყოფი მხვდება ყოველ ნაბიჯზე. მის კაცურკაცობაზე, მის სიკეთეზე ყვება ყველა მისი ნაცნობი და ასეთ დროს მაინც ამაყად დავდივარ ამ ქვეყანაზე _ მე ფირუზ მოსიძის ქვრივი მქვია, კაცური კაცის ქვრივი მქვია… სამსალანარევია ეს სიამაყე, მაგრამ საპატიო… მე ვამაყობ იმით, რომ სამშობლოს შეწირული ფირუზის ლამაზი სიცოცხლე ლამპრად ენთება მის შვილს ცხოვრების გზაზე.“
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ფირუზ მოსიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით და მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
ზაურ ლეონტის ძე მიქიანი
უფროსი სერჟანტი ზაურ ლეონტის ძე მიქიანი დაიბადა 1968 წლის 12 სექტემბერს.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 5 ოქტომბრიდან, ზაურ
მიქიანი ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-2 ასეულში ტანკის მეთაურის თანამდებობაზე.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 14 ივნისის ბრძანებულებით ზაურ ლეონტის ძე მიქიანი 1993 წლის 16 მარტს ქალაქ სოხუმზე მტრის შემოტევის მოგერიებისას გამოჩენილი ვაჟკაცობისათვის დაჯილდოვებულ იქნა მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“.
ზაურ მიქიანი 1993 წლის 2 აპრილს ბატალიონის საბრძოლო პოზიციაზე, მდინარე გუმისთის პირას, სოფელ ქვემო-ეშერასთან საბრძოლო დავალების შესრულების დროს დაიღუპა.
ნუგზარ ჟორჟის ძე მესხი
ნუგზარი ჟორჟის ძე მესხი დაიბადა 1958 წლის 11 აპრილს.
აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს, 1992 წლის 23 სექტემბრიდან, ნუგზარ მესხი ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-3 ასეულში მსროლელის თანამდებობაზე.
1993 წლის 29 სექტემბერს ნუგზარი რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად მდინარე კელასურის ხიდთან მტრის სადაზვერვო ჯგუფთან შეტაკებისას დაიღუპა.
ვახტანგ მიხეილის ძე ლოჩოშვილი
ვახტანგ მიხეილის ძე ლოჩოშვილი დაიბადა 1959 წლის 18 მაისს გულრიფშის რაიონში. სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამსახური. დაამთავრა აფხაზეთის გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოების ეკონომიკისა და მართვის სპეციალობით. მუშაობდა გულრიფშის რაიონის შოთა რუსთაველის სახელობის კოლმეურნეობის მთავარ ეკონომისტად. ჰყავდა შესანიშნავი ოჯახი.
1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში დაწყებულ ომს გვერდი არ აუვლია ვახტანგის ოჯახისათვის. სამშობლოსათვის გულანთებული ვაჟკაცი გვერდზე არ გამდგარა ქვეყნის გასაჭირის დროს, იგი იარაღით ხელში დადგა სამშობლოს დამცველთა გვერდით. 1992 წლის 12 სექტემბრიდან ვახტანგი ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონში საფინანსო სამსახურის უფროსად.
ვახტანგ ლოჩოშვილი აქტიურად მონაწილეობდა 1993 წლის 5 იანვარს სოხუმზე მტრის შემოტევის მოგერიების დროს, მდინარე გუმისთის პირას, მე-6 ბატალიონის პოზიციებზე მიმდინარე ბრძოლებში. მან განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 16 მარტის შემოტევის მოგერიების დროს ბატალიონის პოზიციებთან მიმდინარე ბრძოლისას რა დროსაც ჭურვის ნამსხვრევებით მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა.
ვახტანგ ლოჩოშვილი დაკრძალულია გულრიფშის რაიონში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვახტანგ ლოჩოშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
გიორგი ტარასის ძე კინწურაშვილი
გიორგი ტარასის ძე კინწურაშვილი დაიბადა 1954 წლის 25 ივლისს.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1993 წლის 13 იანვრიდან, გიორგი კინწურაშვილი ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ემექანიზირებული ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის ქიმიური დაცვის ოცეულში.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 14 ივნისის ბრძანებულებით, გიორგი ტარასის ძე კინწურაშვილი, 1993 წლის 16 მარტს ქალაქ სოხუმზე მტრის შემოტევის
მოგერიებისას გამოჩენილი ვაჟკაცობისათვის დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“.
1993 წლის 29 სექტემბერს გიორგი კინწურაშვილი თანამებრძოლთან ერთად სოფელ განახლების ასახვევთან მტრის სადაზვერვო ჯგუფთან შეტაკებისას დაიღუპა.
ხვიჩა ინდიკოს ძე ლოგუა
ხვიჩა ინდიკოს ძე ლოგუა დაიბადა 1961 წლის 7 ოქტომბერს.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ხვიჩა ლოგუა ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-4 ასეულის მე-2 ოცეულში მსროლელის თანამდებობაზე 1993 წლის 20 თებერვლიდან.
ხვიჩა ლოგუა 1993 წლის 22 ივლისს ბატალიონის საბრძოლო პოზიციაზე, მდინარე გუმისთის პირას,სოფელ ქვემო-ეშერასთან პოზიციური ბრძოლის დროს, სნაიპერის გამოსროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.
შუქრი მარლენის ძე კვიციანი
შუქრი მარლენის ძე კვიციანი აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს , 1992 წლის 13 ოქტომბრიდან, ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-4 ასეულის მე-3 ოცეულის ყუმბართმტყორცნელის თანამდებობაზე.
შუქრი კვიციანი დაიღუპა 1993 წლის 30 სექტემბერს გალის რაიონში მტერთან შეტაკებისას.(ოჯახის წევრების ევაკუაციის დროს). შუქრის მამაც – მარლენ კვიციანი ვაჟკაცურად შეეწირა ამ ომს.
რევაზ ირაკლის ძე კვარაცხელია
რევაზ ირაკლის ძე კვარაცხელია დაიბადა 1958 წლის 11 მარტს ზუგდიდში. ზუგდიდის №4 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1977 წელს აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქალაქ სოხუმში.
მეგობრობით, ვაჟკაცობით გამორჩეული ვაჟკაცი აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებისთანავე ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6 ცალკეული სატანკო ბატალიონის
პირველი ასეულის რიგით მებრძოლად. 1992 წლის სექტემბრიდან აქტიურად მონაწილეობდა მდინარე გუმისთასთან გამართულ ბრძოლებში.
რევაზ კვარაცხელია, მოწინააღმდეგის ერთ-ერთი შემოტევის დროს, 1992 წლის 9 დეკემბერის საღამოს, მდინარე გუმისთის პირას, საავტომობილო ხიდის მახლობლად, სასიკვდილოდ დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა. თანამებრძოლებმა (ანზორ კვარაცხელია, იური ჯიშკარიანი, ვახო ჯიშკარიანი) მოახერხეს დაღუპულის ტყვიების წვიმიდან გამოყვანა.
რევაზ კვარაცხელია დაკრძალულია ქალაქ ზუგდიდში.
რევაზ კვარაცხელიას დარჩა ცოლ-შვილი.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის რევაზ კვარაცხელია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.