ლარისა მირცხულავა
ლარისა მირცხულავა დაიბადა 1963 წელს სოხუმში.
ქართულ-აფხაზეთის კონფლიქტის დროს, 1992 წლის ნოემბრიდან, ლარისა, ძმასთან, თამაზ მირცხულავასთან ერთად ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის პირად შემადგენლობაში. აქტიურად მონაწილეობდნენბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში.
ლარისა მედდა გახლდათ. იგი 1993 წლის 21 სექტემბერს სოფელ აჩადარაში ნაღმსატყორცნი ჭურვის აფეთქებისას დაიღუპა.
ბარნაბა მეფარიშვილი
ბარნაბა მეფარიშვილი დაიბადა 1968 წლის 2 დეკემბერს ქალაქ სოხუმში. სოხუმის მე-10 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 1991 წელს ბარნაბამ აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზკულტურის ფაკულტეტზე ჩააბარა. იყო საუკეთესო სპორტსმენი თანამედროვე ხუთჭიდში. მინიჭებული ჰქონდა სპორტის ოსტატის წოდება ხუთჭიდსა და თავისუფალ ჭიდაობაში. მონადირეთა კავშირის აქტიური წევრი _ აფხაზეთის წამყვანი კინოლოგი გახლდათ.
აღნაგობით უზადო, კეთილშობილი, განათლებული, უშიშარი ჭაბუკი ირგვლივ სითბოს და სიყვარულს თესავდა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების, დროს ბარნაბა მეფარიშვილი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 სარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონში მზვერავად.
ბარნაბა მეფარიშვილი დაიღუპა1993 წლის 23 ივლისს, სოფელ შრომასთან ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციისას. დაკრძალულია აფხაზეთში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ბარნაბა მეფარიშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
ოთარ კოტუა
ოთარ კოტუა დაიბადა 1957 წელს ქალაქ სოხუმში _ ცნობილი ექიმების ოჯახში. 1974 წელს დაამთავრა სოხუმის მე-5 საშუალო სკოლა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ოთარ კოტუა 1992 წლის სექტემბრიდან, ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონში კავშირგამბულობის ოცეულის მეთაურად. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. ოთარს ბატალიონის ხელმძღვანელობა ახასიათებს, როგორც დისციპლინირებულ, უშიშარ მეომარს.
ოთარ კოტუა დაიღუპა 1993 წლის 20 სექტემბერს მდინარე გუმისთასთან მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს. დაკრძალულია ქალაქ სოხუმში ნადეჟდა კურჩენკოს სახელობის პარკში.
გია გივის ძე კილაძე
გია გივის ძე კილაძე დაიბადა 1973 წლის 18 სექტემბერს. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, გია კილაძე ირიცხებოდა მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიდაგის მე-3 ბატალიონში რიგით მებრძოლად. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში. განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა 1993 წლის 16-17 მარტის შემოტევების დროს. მდინარე გუმისთასთან მიმდინარე საომარი მოქმედებებისას, 16 მარტს, გია კილაძე ფეხში მძიმედ დაიჭრა.
გია კილაძე დაიღუპა 1993 წლის 18 სექტემბერს სოფელ აჩადარაში მოწინააღმდეგის მორიგი შემოტევისას. ბრძოლის ველიდან თანამებრძოლებმა _ მიშა ბრანტოვმა, გია ხაბურზანიამ და გელა მიქავამ გამოიყვანეს. დაკრძალულია სოფელ აჩადარაში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გია კილაზე, სიცოცხლეშივე, დაჯილდოვდაა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
თენგიზ სიმონის ძე კიკაძე
თენგიზ კიკაძე დაიბადა 1935 წლის 26 დეკემბერს ქალაქ ხაშურში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ტექნიკურ სასწავლებელში, კავშირგაბმულობისა და რადიოტექნიკის სპეციალობაზე. 1965 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, ხოლო შემდგომ აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ამავე უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრაზე. იყო მეტად შრომისმოყვარე, პრინციპული, მართალი და უღალატო კაცი.
თენგიზ კიკაძეს, ცხოვრების კრედოსთვის _ ყველგან და ყოველთვის მდგარიყო სამშობლოს სადარაჯოზე, არასდროს უღალატია.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს თენგიზ სიმონის ძე კიკაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მესამე ბატალიონის პირად შემადგენლობაში. 1993 წლის იანვრიდან მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში. მეთაურის ბრძანებებს პირნათლად ასრულებდა.
თენგიზ კიკაძე დაიღუპა 1993 წლის 21 ივლისს, სოხუმის საარტილერიო დაბომბვის დროს, ახალი რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ განახლებაში.
ომარ გამახარია
ომარ გამახარია დაიბადა 1961 წლის 1 იანვარს გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში. 1978 წელს დაამთავრა თაგილონის საშუალო სკოლა. 1979-1981 წლებში, ავღანეთში, სადაც სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამსახური. 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაუსწრებელი განყოფილება. პარალელურად მუშაობდა სააქციო საზოგადოება „სოხუმხელსაწყოში“. როგორც ავღანელთა კავშირის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე, აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას საქმიანობას ეწეოდა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ომარ გამახარია ირიცხებოდა საქართველოს რასპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონის პირველ ასეულში _ მეთაურად. კაპიტანი ომარ გამახარია ბატალიონთან ერთად თავგანწირვით იბრძოდა სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
1993 წლის 19 სექტემბერს მტერმა ფრონტის ხაზი გაარღვია, ომარი თანამებრძოლებთან ერთად იცავდა მშობლიური ქალაქის მისადგომებს, სადაც სასიკვდილოდ დაიჭრა და ჰოსპიტალში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ომარ გამახარია დაკრძალულია აფხაზეთში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ომარ გამახარია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.
მიხეილ გაბუნია
მიხეილ გაბუნია დაიბადა 1945 წლის 4 იანვარს, ქალაქ სოხუმში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, მიხეილ გაბუნია 1993 წლის იანვრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის მე-3 ასეულის მე-2 ოცეულში მსროლელად. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა საძრძოლო ოპერაციაში. მიხეილი ბოლომდე გმირულად იცავდა მშობლიურ ქალაქს.
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, მიხეილ გაბუნია ჭანბას ქუჩაზე ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს. დაკრძალულია ქალაქ სოხუმში.
ნუგზარ ბექაია
ნუგზარ ბექაია დაიბადა 1958 წლის 21 სექტემბერს რუსთავში, იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. მოიხადა ავალდებულო-სამხედრო სამსახური. ბავშვობა სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში გაატარა. შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად სოხუმში გადავიდა.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს ნუგზარ ბექაია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონში რიგით მებრძოლად.
1992 წლის 28 ნოემბერს მოწინააღმდეგემ განახორციელა მასიური შემოტევა და ჩვენი პოზიციების დაბომბვა მდინარე გუმისთაზე, დაზიანდა საველე ტელეფონის ხაზებიც, შეწყდა კომუნიკაცია. პოზიციაზე ორი დაჭრილი იყო, ნუგზარმა ერთ-ერთი _ მალხაზ ჩახლიანი გამოიყვანა და მეორის დასახმარებლად შებრუნებული მტრის ნასროლ ჭურვს ემსხვერპლა.
ნუგზარ ბექაია დაკრძალულია სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ნუგზარ ბექაია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
ზურაბ ბეროძე
…როცა ახალგაზრდა მეომარი მორიგი შეტევიდან აღარ დაბრუნდა, აფორიაქებულმა „ჯარისკაცის მამამ“ _ ზურაბ ბეროძემ აბჯარი აისხა და შვილის საძებნელად ფრონტისკენ გაეშურა… ისიც ვეღარ დაბრუნდა.
ზურაბ ბეროძე იყო საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი. მისი სახით მეგობრებმა, სტუდენტებმა, ახლობლებმა შესანიშნავი პედაგოგი, მრჩეველი და თანამდგომი ადამიანი დაკარგეს.
ჰეროდოტეს თქმისა არ იყოს, ომის ყველაზე დიდი დანაშაული ის არის, რომ ომში მამები მარხავენ შვილებს…
მამუკა ბეროძე
მამუკა ბეროძე დაიბადა 1965 წლის 1 იანვარს ქალაქ სოხუმში. სოხუმის მე-11 საშუალო სკოლის ოქროს მედლით დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა მოსკოვის სამშენებლო ინსტიტუტში, რომლის დასრულებისთანავე ჩაირიცხა ამავე სასწავლებლის ასპირანტურაში, თუმცა, სამწუხაროდ, სამეცნიერო ხარისხის მიღებას ვერ მოესწრო.
მამუკა 23-ე ბრიგადის მესამე ბატალიონის ერთ-ერთი ოცეულის მეთაური იყო. ის, 1993 წლის 19 სექტემბერს, აჩადარის მახლობლად მორიგი საბრძოლო იერიშის დროს დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მამუკა ბეროძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
ალექსანდრე (ვაჟა) ბერიძე
ალექსანდრე (ვაჟა) ბერიძე დაიბადა 1945 წლის 17 ნოემბერს სოხუმის რაიონში. დაამთავრა სოფელ ბესლეთის საშუალო სკოლა, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ბესლეთის სანერგე მეურნეობაში, მძღოლად.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ალექსანდრე ბერიძე ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი 23-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონის პირადი შემადგენლობაში.
1993 წლის 16 მარტს, სოფელ აჩადარასთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, ალექსანდრე ბებია სასიკვდილოდ დაიჭრა.
ალექსანდრე ბერიძე დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ბესლეთში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ალექსანდრე (ვაჟა) ბერიძე სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
ბესიკ აკაკის ძე ბერია
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს უფროსი ლეიტენანტი ბესიკ ბერია, 1992 წლის 23 სექტემბრიდან, ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის პირად შემადგენლობაში _ სადაზვერვო ოცეულის მეთაურად. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში.
1993 წლის 16 მარტს, ქალაქ სოხუმზე მასიური შტურმის დროს, მტრის ცალკეულმა ჯგუფებმა სოფელ აჩადარაში შეძლეს ზოგიერთი ქართული პოზიციის გარღვევა. ერთ-ერთი ასეთი თორმეტკაციანი ჯგუფი ბესო ბერიამ და მისმა ოცეულმა ალყაში მოაქცია. ორი მათგანი ტყვედ ჩაბარდა, დანარჩენი _ ლიკვიდირებულ იქნა. ბესიკ ბერია ამ ოპერაციის შესრულებისას სასიკვდილოდ დაიჭრა. ორი ტყვია მოხვდა თავსა და გულმკერდის არეში და ადგილზე გარდაიცვალა. ბრძოლის ველიდან თანამებრძოლებმა ( რეზო ქარდავამ და ავთო ქოიავამ) გამოიყვანეს.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის უფროსი ლეიტენანტი ბესიკ აკაკის ძე ბერია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
დავით მიხეილის ძე ბენდელიანი
დავით მიხეილის ძე ბენდელიანი დაიბადა 1959 წლის 11 ივლისს ქალაქ სოხუმში.
დავით ბენდელიანი 1992 წლის სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის რიგებში, ასეულის მეთაურად.
დავითი აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ თითქმის ყველა ოპერაციაში, განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1993 წლის 5-6 იანვრის და 14-15 მარტის შემოტევისას _ მდინარე გუმისთაზე მიმდინარე ბრძოლების დროს.
1993 წლის 27 აპრილს დავით ბენდელიანი საბრძოლო დავალების შესრულებისას, მტრის მიერ ნასროლი ნაღმის ნამსხვრევებით მძიმედ დაიჭრა თავის არეში, თანამებრძოლებმა _ თენგიზ ჩიჩუამ და ნუგზარ გერგედავამ ბრძოლის ველიდან გამოიყვანეს და სოხუმის მე-2 საავადმყოფოში მოათავსეს. სამწუხაროდ, დავითი იმ ღამესვე გარდაიცვალა.
დავით ბენდელიანი დაკრძალულია ქალაქ სოხუმში.
შოთა ბაღათურია
შოთა ბაღათურია დაიბადა 1929 წლის 30 იანვარს. როცა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო და მშობლიურ მიწა-წყალს საფრთხე დაემუქრა, 64 წლის შოთა და მისი 31 წლის ვაჟკაცი ელგუჯა, 23-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონში მოხალისეებად ჩაეწერნენ. თავდაუზოგავად იბრძოდა მამა-შვილი.
1993 წლის 19 სექტემბერს სოფელ თავისუფლებასთან გამართულ ბრძოლაში ელგუჯა ნაღმსატყორცნი ჭურვის აფეთქების შედეგად მძიმედ დაიჭრა და ჰოსპიტალში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაკრძალულია სოფელ კაშტაკში. გამწარებული მამა კი ბოლომდე, სოხუმის დაცემამდე ვაჟკაცურად იბრძოდა. 27 სექტემბერს სოხუმში, მთავრობის სახლთან მიმდინარე ბრძოლების დროს ისიც დაიღუპა.
შოთა ბაღათურია დაკრძალულია იქვე, მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ელგუჯა შოთას ძე ბაღათურია
ელგუჯა შოთას ძე ბაღათურია აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის ოქტომბრიდან ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მესამე ბატალიონის პირად შემადგენლობაში, ასეულის ზემდეგად. მონაწილეობდა არაერთ საბრძოლო ოპერაციაში.
ელგუჯა ბაღათურია დაიღუპა 1993 წლის 19 სექტემბერს, სოფელ თავისუფლებასთან გამართულ ბრძოლაში. დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ კაშტაკში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ელგუჯა ბაღათურია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.