დავით კარლოს ძე მეტრეველი
უსამართლო ომმა ბევრი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ბევრი დააობლა, დააქვრივა, შავი ძაძებით შემოსა ოჯახები.
მამა-შვილი მეტრეველები მედგრად, წარბშეუხრელად, საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ მშობლიურ მხარეს…
დავით კარლოს ძე მეტრეველი 1950 წელს გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში დაიბადა. იყო თავისი სოფლის მოწინავე მექანიზატორი და შესანიშნავი პიროვნება. შვილის სიკვდილით გამწარებულმა მამამ ხელში იარაღი აიღო. ირიცხებოდა მეორე საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის მე-2 ასეულის ოცეულის მეთაურის მოადგილედ.
დავითმა თავი გამოიჩინა როგორც მამაცმა, თავდადებულმა მებრძოლმა. იგი დაიღუპა 1993 წლის 17 სექტემბერს, მდინარე გუმისთასთან გამართული საბრძოლო მოქმედების დროს
დავით მეტრეველი დაკრძალულია სოხუმში.
ნიკოლოზ გიორგის ძე მელაძე
ნიკოლოზ გიორგის ძე მელაძე დაიბადა 1949 წლის 22 სექტემბერს აბაშაში. 1966 წელს დაამთავრა ქალაქ სოხუმის მე-2 საშუალო სკოლა. შემდეგ კი _საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. მუშაობდა გულრიფშის რაიონის სოფელ ესტონკას კოლმეურნეობაში აგრონომად.
1992 წლის 23 სექტემბერიდან ირიცხება საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის მე-2 ასეულის მე-3 ოცეულის მძღოლ-მექანიკოსად.
ნიკოლოზ მელაძე, 1992 წლის 26 ოქტომბერს, მდინარე გუმისთის მისადგომებთან მძიმედ დაიჭრა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ოქროპირ ჯუმბერის ძე მაცაბერიძე
ოქროპირ მაცაბერიძე დაიბადა 1971 წლის 25 ნოემბერს გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში. 1988 წელს დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.
ოქროპირ მაცაბერიძე ყოველთვის სანიმუშო და მისაბაძი პიროვნება იყო. მისი გული ყველას სიყვარულს იტევდა. საოცრად გულისხმიერი შვილი, მეგობარი, ახლობლებში დიდი ავტორიტეტით, სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა.
ოქროპირ მაცაბერიძე 1993 წლის 1 თებერვალს ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მე-3 ასეულში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო მოქმედებებში, განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 15-17 მარტის თავდაცვით ოპერაციებში.
1993 წლის 16 მარტს მდინარე გუმისთის მისადგომებთან დაქირავებულმა ბოევიკებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა განახორციელეს იერიში მე-2 ბატალიონის პოზიციებზე. ერთ-ერთი შეტაკების დროს, ხელჩართულ ბრძოლაში დაიღუპა ოქროპირ მაცაბერიძე, ტანზე უამრავი ნატყვიარი მის თავგანწირულ, შეუპოვარ ბრძოლაზე მიუთითებდა… ასეთ დროს ფიქრობ _ არის სიკვდილშიც ბედნიერება, თუ ეს მსხვერპლი წმიდათაწმიდა საქმეს, მამულისათვის თავგანწირვას ეხება… მის მოგონებას წუხილთან ერთად სიამაყის გრძნობაც ახლავს…
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ოქროპირ მაცაბერიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
უფალმა ნათელში ამყოფოს მამულისათვის თავდადებულ გმირთა სულები.
თავდი ივანეს ძე მელაშვილი
თავდი ივანეს ძე მელაშვილი დაიბადა 1958 წლის 2 ნოემბერს გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში. დაამთავრა ახალსოფლის 1-ლი საშუალო სკოლა. სამხედრო-სავალდებულო სამსახური გაიარა ნიჟნი სვერდლოვსკის ოლქში. შემდეგ სწავლობდა სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში.
1993 წლის 4 იანვრიდან საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე იყო.
თავდი მელაშვილი 1993 წლის 26 სექტემბერს დაიღუპა აფხაზეთში, ქალაქ სოხუმში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს.
ფრიდონ ტარიელის ძე მაისურაძე
ფრიდონ მაისურაძე დაიბადა 1962 წლის 29 იანვარს გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში. პატარაობიდანვე უყვარდა მუსიკა და ცეკვა. მეტად თბილ და ტკბილ ოჯახში იზრდებოდა. სამშობლოს მოწმენდილ ცაზე შავი ღრუბელი ჩამოწვა და ფრიდონი, მამასთან და ძმასთან ერთად, ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. ს/ნ 15644-ის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ე. მუკბანიანი საბრძოლო მოკვლევაში წერს: „1993 წლის 17 მარტს მეორე ბატალიონის სარეზერვო ძალები ატარებდნენ დივერსიული ჯგუფის ლიკვიდაციას, მათ რიგებში იყო მე-3 ასეულის მებრძოლი ფრიოდონ ტარიელის ძე მაისურაძე. ის უშიშრად, ვაჟკაცური სიმტკიცით ებრძოდა შემოჭრილ მტერს, გაანადგურა რამდენიმე „ბოევიკი“ და თვითონაც მხედრული ვალის მოხდით დაეცა ბრძოლის ველზე“.
თანამებრძოლები იგონებენ: „გუმისთაზე შეტევის დროს ოქრუა სასიკვდილოდ დაჭრეს, თემურამ და ფრიდონამ გადაწყვიტეს მისი ბრძოლის ველიდან გამოყვანა, მაგრამ ბედმა უმუხთლათ და ისინიც მტრის ტყვიის წერა გახდნენ. ერთად გაზრდილები ერთად დაიხოცნენ სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლაში და ერთად ჰპოვეს სამუდამო სამარე სოხუმის რაიონის სოფელ ოდიშში“…
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ფრიდონ მაისურაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
მალხაზ დავითის ძე მაისურაძე
მალხაზ დავითის ძე მაისურაძე დაიბადა 1970 წლის 20 სექტემბერს გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს რიგითი მალხაზ დავითის ძე მაისურაძე 1992 წლის 4 დეკემბრიდან ირიცხებოდა მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელ ბატალიონში მე-3 ასეულის პირველი ოცეულის ყუმბარმტყორცნელად. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში მდინარე გუმისთის მისადგომებთან.
1993 წლის 16 მარტს აფხაზი სეპარატისტების მიერ განხორციელებული საარტილერიო ცეცხლდაშენის დროს, ერთ-ერთი ჭურვის აფეთქებისას სასიკვდილოდ დაიჭრა გულ-მკერდის არეში, კიდევ ერთი ვაჟკაცი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.
მალხაზ მაისურაძე დაკრძალულია სოხუმის რაიონის სოფელ ოდიშში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით (N65 14.06.93 წ.) სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მალხაზ მაისურაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
თამაზ აპოლონის ძე მაისაია
თამაზ აპოლონის ძე მაისაია დაიბადა 1955 წლის 27 დეკემბერს სოხუმის რაიონის სოფელ იაშტუხაში. 1972 წელს დაამთავრა იაშტუხის საშუალო სკოლა. 1975-77 წლებში გაიარა სავალდებულო-სამხედრო სამსახური.
თამაზ მაისაია აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. 1992 წლის 20 დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 ბატალიონის პირველი ასეულის მე-3 ოცეულში სნაიპერად.
თამაზ მაისაია, 1992 წლის 14 ნოემბერს, გუმისთაზე ტრაგიკულად დაიღუპა. დაკრძალულია მშობლიური იაშტუხის სასაფლაოზე.
ზვიად ტარიელის ძე ლომიძე
ზვიად ტარიელის ძე ლომიძე დაიბადა 1971 წლის 6 დეკემბერს ქალაქ სოხუმში.
ზვიად ლომიძე 1993 წლის 1 მარტიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მე-3 ასეულის პირველი ოცეულის მეტყვიამფრქვევის თანაშემწედ.აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ არაერთ საბრძოლო ოპერაციაში. 1993 წლის 8 ივლისს მდინარე გუმისთის მისადომებთან საარტილერიო დაბომბვის დროს ზვიადი მარჯვენა ფეხის არეში დაიჭრა. ხოლო 1993 წლის 24 სექტემბერს მიღებული ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. გარდაიცვალა 26 სექტემბერს, აგუძერის სამხედრო ჰოსპიტალში.
ზვიად ლომიძე დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ ზემო ფშაფში.
გრიშა დიდიმის ძე ლიპარტელიანი
გრიშა დიდიმის ძე ლიპარტელიანი დაიბადა 1940 წლის 19 სექტემბერს.
გრიშა ლიპარტელიანი 1993 წლის 15 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის პირველი ასეულის მე-3 ოცეულის ყუმბარმტყორცნელად. საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ სოფელ მანიასა და ოდიშში შექმნილი მძიმე მდგომარეობის, გამო მე-2 ბატალიონის პირველი ასეულის მეომართა ჯგუფი სოფელ ოდიშში გადაისროლეს. გრიშა ლიპარტელიანი აქტიურად მონაწილეობდა სოფელების მანიასა და ოდიშისათვის გამართულ ბრძოლებში.
გრიშა ლიპარტელიანი დაიღუპა 1993 წლის 19 სექტემბერს სოფელ ოდიშის მისადგომებთან საბრძოლო მოქმედების დროს. დაკრძალულია სოხუმის რაიონის სოფელ კელასურში.
გრიგოლ ოთარის ძე კოპალიანი
გრიგოლ ოთარის ძე კოპალიანი დაიბადა 1972 წლის 9 თებერვალს. 1989 წელს დაამთავრა სოხუმის რაიონის სოფელ კელასურის საშუალო სკოლა. 1990 წელს ჩაირიცხა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტში. პარალელურად, ამავე ინსტიტუტში ლაბორანტის პოზიციაზე მუშაობდა.
გრიგოლ კოპალიანი 1992 წლის 1დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მ ე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 ბატალიონის პირველი ასეულის პირველი ოცეულის მსროლელ-სანიტრად.
გრიგოლ კოპალიანი დაიღუპა 1993 წლის 25 სექტემბერს სოფელ გვარდასთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა და დაიღუპა.
გრიგოლ კოპალიანის გაკრძალულია ლეჩხუმში, ქალაქ ცაგერში.
გია (გიორგი) არჩილის ძე კობეშავიძე
გია (გიორგი) არჩილის ძე კობეშავიძე დაიბადა 1957 წლის 7 ოქტომბერს ხონში.
გიორგი კობეშავიძე 1992 წლის 23 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში, მე-3 ასეულის, მე-2 ოცეულის ათმეთაურად. 1 ნოემბრიდან ამავე ბატალიონის ნაღმტყორცნი ბატარეის პირველი საცეცხლე ოცეულის მეთაურის მოადგილედ. 1993 წლის 8 თებერვლს მიენიჭა ლეიტენანტის სამხედრო, ხოლო ამავე წლის 15 თებერვლიდან წოდება უფროსი ლეიტენანტის წოდება. მონაწილეობდა მდინარე გუმისთის მისადგომებთან გამართულ საბრძოლო ოპერაციებში.
გია კობეშავიძე,1993 წლის 17 ივლისს, სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარაში საბრძოლო დავალების შესრულებისას გმირულად დაიღუპა.
1993 წლის 15-17 მარტის თავდაცვით ოპერაციებში გამოჩენილი გმირობისა და თავდადებისთვის მიღებული აქვს სახელწიფო მეთაურის მადლობა.
გურამ (კობა) ამირანის ძე კობახიძე
გურამ ამირანის ძე კობახიძე დაიბადა 1954 წლის 15 ოქტომბერს.
1993 წლის 23 სექტემბერიდან გურამი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-2 ბატალიონის სადაზვერვო ოცეულის მზვერავად. ამავე წლის 1 ნოემბერს დაინიშნა 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის დაზვერვის ოცეულის ათმეთაურად აქტიურად მონაწილეობდა მე-2 ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა, როგორც მამაცმა და თავდადებულმა მეომარმა 1993 წლის 15-16 მარტის თავდაცვითი ოპერაციების დროს.
გურამ კობახიძე 1993 წლის 29 მარტს მდინარე გუმისთას მისადგომებთან აფხაზ სეპარატისთა მიერ ნასროლი ჭურვის აფეთქების შედეგად მძიმედ დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა. დაკრძალულია ქალაქ სოხუმში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გამოჩენილი გმირობის ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გურამ კობახიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.
ვიტალი იურის ძე კაპიტოვი
ვიტალი იურის ძე კაპიტოვი დაიბადა 1973 წლის 16 მარტს ალმა-ატაში. 1991 წლიდან 1993 წლის 1 თებერვლამდე მსახურობდა ქალაქ სოხუმში რუსეთის ჯარის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში, რომელიც განლაგებული იყო შუქურას რაიონში.
1993 წლის 1 თებერვალს რუსული სამხედრო ნაწილი მიატოვა და ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მე-3 ასეულში ყუმბართმტყორცნელად. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში. როგორც მამაცმა და თავდადებულმა მებრძოლმა, განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1993 წლის 15-17 მარტის თავდაცვით ოპერაციებში,
1993 წლის 2 მაისს ვიტალიმ დედასწერილი მისწერა: „მე ვიბრძვი ქართველებთან ერთად იმიტომ, რომ რუსეთის მთავრობამ აფხაზეთში ომის დაწყების პროვოცირება მოახდინა. ქართველები კი თავის მიწა-წყალს იცავენ“. წერილში დედას სთხოვდა მისი შეყვარებულისთვის ყურადღება მიექცია, თან აიმედებდა _ „ნურაფრის გეშინია დედა, მე მალე ჩამოვალ და ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ ყველა ბედნიერად ვიცხოვრებთ!“ დედისადმი მიწერილი წერილი გაუგზავნელი დარჩა, რადგან 20 წლის ვიტალი კაპიტოვი 1993 წლის 3 მაისს ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვიტალი კაპიტოვი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“.
დაკრძალულია ქალაქ სოხუმში, ნადეჟდა კურჩენკოს სახელობის პარკში.
კახაბერ ამბროსის ძე იოსელიანი
კახაბერ იოსელიანი დაიბადა 1971 წლის 17 ოქტომბერს. 1992 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მეორე ბატალიონში.
კახაბერ იოსელიანი დაიღუპა 1993 წლის 6 ივლისს მდინარე გუმისთასთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციაში _ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
დაკრძალულია ქალაქ სოხუმში.
ელდარ ოთარის ძე ივეჩიანი
ელდარ ივეჩიანი დაიბადა 1969 წლის 14 დეკემბერს, გულრიფშის რაიონის სოფელ ჩხალთაში. დაამთავრა ჩხალთის საშუალო სკოლა. სავალდებულო-სამხედრო სამსახური გაიარა 1988-1990 წლებში, ქალაქ მურმანსკში.
1992 წლის 24 სექტემბერს ელდარ ივეჩიანი ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მე-2 საარმიო კორპუსის 23 მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელ ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში გუმისთის მისადგომებთან.
1993 წლის 17 მარტს მტერთან ერთ-ერთი შეტაკების დროს, ელდარ ოთარის ძე ივეჩიანმა ერთ-ერთი შეტაკების დროს ხელჩართულ ბრძოლაში გაანადგურა რამდენიმე „ბოევიკი“ და გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ელდარ ივეჩიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.